Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: ”მედიამფლობელთა ვინაობა გამჭვირვალე უნდა გახდეს!”


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც მედიამფლობელების ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას შეეხება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვინ არის კონკრეტული მედიასაშუალების კონკრეტული მფლობელი, რა ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის ადამიანი ან ჯგუფი და როგორ ხდება მედიასაშუალებების დაფინანსება. როგორც დავით ბაქრაძემ 26 ოქტომბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებენ.

”საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ ვინ არის ამა თუ იმ მედიასაშაულების მფლობელი. ჩვენ ახალი სტანდარტებით უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას შეიტყოს უფრო მეტი მედიამფლობელთა ვინაობის, მათი ინტერესებისა და მათი ფინანსების შესახებ”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას:

”ჩვენ გადავალთ ყველაზე მაღალ, ყველაზე დემოკრატიულ სტანდარტზე და იმედი მაქვს, ქართული მედიასაშუალებები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების საკითხი და ამ მიმართულებით ჩვენ გვინდა, შემოვიტანოთ მეტი გამჭვირვალობა, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია, ანუ ადამიანები, რომელთა სახელებიც საზოგადოებისათვის არის დაფარული, არ წარმოადგენდნენ მედიასაშუალებების მფლობელებს, ან წარმოადგენდნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად საჯარო პირებად უნდა იქცნენ და მათი ვინაობა უნდა გაცხადდეს. ანუ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ ახალი და თანამედროვე სტანდარტისა”, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი დღით დაასწრო აღნიშნული ინიციატივის გახმიანება იმ ჟურნალისტების, ექსპერტებისა და იურისტების ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა მედიასფეროში შექმნილი პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე, და მედიაგარემოს განვითარებისათვის შეიმუშავეს ერთიანი პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც 27 ოქტომბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება. პაკეტი რვა კანონპროექტს მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობაა, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი, პაკეტზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ტუღუში. მისი თქმით, მედიამფლობელთა დაფარული ვინაობა ის უმთავრესი პრობლემაა, რომელიც მედიათავისუფლებას საფრთხეს უქმნის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს იმ პერსპექტივას, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედიამფლობელების ვინაობის გარკვევა.

”ოფშორულ ზონებთან დაკავშირებით პრაქტიკულად შეუძლებელია იმ მესაკუთრეების ვინაობების გარკვევა, რომლებიც ამ გზით არიან დარეგისტრირებულნი. ჩვენ ამ სისტემის გაკეთილშობილებას ვერ მოვახერხებთ”, - ამბობს ლაშა ტუღუში.

”ფაქტია, რომ მედიათავისუფლების საკითხზე საუბარი მანამ არ დაიწყო ხელისუფლებამ, სანამ რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პრესის თავისუფლების 2010 წლის რეიტინგში საქართველოს მეასე - სამარცხვინო - ადგილი არ განუსაზღვრაო”, - აღნიშნავს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. ის ამბობს, რომ ხელისუფლების რეაქცია აღნიშნულ პრობლემაზე კარგია, თუმცა საკმაოდ დაგვიანებული.

სრულიად სხვა აზრისაა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი მედიათავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომაზე. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ საქმიანობისა, რომელსაც ხელისუფლება მედიათავისუფლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეწევა, მაგალითად კი მას საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეორე არხის შექმნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლებური წესით დაკომპლექტება და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები მოჰყავს. მისივე თქმით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა და დარგობრივ ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივასთან დაკავშირებით წინადადებებს მოამზადებენ:

”გავეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას. მთავარი პრობლემა გახლავთ ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული საკითხი, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი ჩვენი კანონმდებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მედიამფლობელების ვინაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენ გვექნება კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და, შესაბამისად, შევიმუშავებთ წინადადებებს, რომ მედიამფლობელობის საკითხი იყოს ბევრად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ის არის დღეს”, - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინათ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, 18 ერთეულით არის გაუარესებული. შარშან საქართველო 175 ქვეყანას შორის 81-ე ადგილს იკავებდა, წელს კვლევამ მსოფლიოს 178 ქვეყანა მოიცვა და საქართველოს 99-ე ადგილი ერგო.
XS
SM
MD
LG