Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დადგენას სახელმწიფოს მიანდობენ?


პოლიტიკური პარტია “ქართული დასი” საქართველოს კანონში ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” დამატებების შეტანის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, რომლის პრეზენტაციაც პარლამენტში 25 ოქტომბერს გაიმართა, მედიკამენტებზე ზღვრული ფასი სახელმწიფომ უნდა დაადგინოს.

იდეამ, რომელიც ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ კანონპროექტის სახით წარმოადგინა და პარლამენტმა ერთი მოსმენით მიიღო, შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. მარტივად რომ ვთქვათ, ის მედიკამენტებზე ფასების გამუდმებული ზრდის წინააღმდეგაა მიმართული და გულისხმობს შემდეგს:

”მთავარი კონცეფცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ის არის, რომ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე დაწესდეს ზღვრული ფასები, რომ ფასები ასე კატასტროფულად არ იზრდებოდეს. მეორე: თუ რეცეპტით ხდება წამლის შეძენა ან რაიმე პროგრამის მონაწილე პიროვნება ყიდულობს წამალს, ეს პროდუქცია უნდა იყოს კიდევ უფრო ფასდაკლებული ან, სულაც, უფასო. შემდგომში კი აფთიაქს მის ფასს უნაზღაურებდეს ან სადაზღვევო კომპანია, ან, სულაც, სახელმწიფო.”

თუ საკითხს უფრო გავშლით, მისი ინტერპრეტაცია ასეთი იქნება:

’მაგალითად, მე თქვენგან შევისყიდე წამალი, რომელიც ღირს რაღაც გარკვეული თანხა. მაგრამ თუ მიმაქვს ეს წამალი რეგიონში გასაყიდად, მას ემატება გადაადგილების ხარჯი, ამას შემიძლია დავამატო კიდევ რაღაც თანხა, მოგება რომ დარჩეს. აი, სწორედ ამ ეტაპზე უნდა ჩაერიოს სახელმწიფო რეგულაცია, რომელსაც დაწესებული ექნება ეს ზღვარი, რომ ამაზე მაღალი ფასი წამალს არ უნდა ედოს.”

”ქართულ დასს” საკუთარი ინიციატივის გასამყარებლად საფრანგეთის, ბელგიის, იაპონიის, იტალიის მაგალითი მოჰყავს, იმ ქვეყნებისა, სადაც, მათი თქმით, მედიკამენტების ფასები სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგლამენტირდება, რაც წამლებზე ფასების ზრდას აჩერებს.
ჯერჯერობით ინიციატივის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების აზრი ცნობილი არ არის. პრეზენტაციაზე მისულმა კომპანია პსპ-ს წარმომადგენელმა გიორგი ანთაძემ მხოლოდ ორიოდე სახელდახელო შენიშვნა გამოთქვა:
”თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ფიქსირებული ფასები უნდა დავუწესოთ მომწოდებელ კომპანიებს (ვსაუბრობთ ძალიან მსხვილი, მულტინაციონალური ევროპული და ამერიკული კომპანიების მედიკამენტებზე), რომლებისთვისაც საქართველოს ბაზარი ხშირად იმდენად ნაკლებად მიმზიდველია და მცირეც, რომ თუ ჩვენ მათ ძალიან მცირე მარჟას დავუწესებთ, შესაძლოა მათ საერთოდ დაკარგონ ამ ბაზრისადმი ინტერესი, რაც გამოიწვევს ბაზარზე გარკვეული ტიპის მედიკამენტების დეფიციტს.”

თუმცა ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ფასის ყველანაირი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია. მათ შორისაა ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ლევან კალანდაძეც:

”ფასის არანაირი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს. ფასწარმოქმნა არის მთავარი პირობა ბაზარზე თავისუფალი ოპერირებისა და ბაზრის თავისუფლებისა, ზოგადად. სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მიმართ კიდევ შეიძლება სახელმწიფომ გაატაროს რაღაც საფასო რეგულაციის პოლიტიკა. აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ, ”ჯი-პი-სის” ვინმემ დაუწესოს ”სოფარმას” მიერ წარმოებულ ანალგინზე ფასი, რომ ის, ვთქვათ, 25 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს. ეს ხომ არარაციონალურია და, რაც მთავარია, პირდაპირ ქმნის ხელახალი მონოპოლიების გაჩენის რისკს. და ეს შეიძლება გახდეს არაჯანსაღი კონკურენციის საფუძველიც.”

ლევან კალანდაძე ამბობს, რომ არასწორია იმის განცხადება, თითქოს ევროპული ქვეყნის მთავრობები მედიკამენტების ფასებს არეგულირებენ. ფასების და ბაზრის რეგულირება სხვადასხვა რამეა, განმარტავს კალანდაძე:

”საფრანგეთში არავინ აწესებს, რომ რაღაც კონკრეტულ წამალს ამაზე მეტი ფასი არ უნდა ედოს. იქ იქმნება ისეთი პირობა, რომ ამ წამლის მწარმოებელია დაინტერესებული დაბალი ფასი დააწესოს, რადგან მეორე მწარმოებელი ანალოგიური მაჩვენებლის მქონე მედიკამენტით აჯობებს მას.”

”ქართული დასი” კი კანონპროექტის პოპულარიზაციას, ფართო საზოგადოებისათვის მის წარდგენას გეგმავს და ამ მიზნით უახლოეს მომავალში რეგიონებშიც აპირებს მოგზაურობას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG