Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწრაფად მოქმედი ანტიდეპრესანტი


ახალმა ანტიდეპრესანტმა მომავალში შესაძლოა პაციენტებს არაჩვეულებრივად სწრაფად და ეფექტიანად მოუტანოს შვება. საქმე ეხება კეტამინს, რომელიც დეპრესიის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად შეიძლება იქცეს. გავრცელებული ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, მისი მოქმედება იწყება არა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, არამედ რამდენიმე საათში. ამასთან, ის ბევრ ისეთ პაციენტზე ახერხებს ზემოქმედებას, რომელთა შემთხვევაში სხვა საშუალებები შედეგს არ იძლევა. თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ამ საშუალებას შეიძლება ხანმოკლე თანმდევი მოვლენები - მაგალითად, ფსიქოზი - ახლდეს და ის აუცილებლად ექიმის ზედამხედველობით შეიძლება იქნეს გამოყენებული. კეტამინის მიღება ვენაში შეშხაპუნებით ხდება. როგორც ამერიკელი მეცნიერები იტყობინებიან ჟურნალ “Science”-ში, მათ ვირთხებზე ცდებით შეძლეს დაედგინათ კეტამინის მოქმედების მექანიზმი. მათმა აღმოჩენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დეპრესიის საწინააღმდეგო სანდო და სწრაფად მოქმედი წამლის შექმნას.

„ის მაგიური მედიკამენტივითაა - უკვე ერთ დოზას შეუძლია სწრაფად იმოქმედოს და ეს მოქმდება შვიდიდან ათ დღემდე გრძელდება,“ წერს ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში იელის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქიატრიასა და ფარმაკოლოგიაში, რონალდ დუმანი. მაგრამ მექანიზმი, რომელიც კეტამინის მოქმედებას უდევს საფუძვლად, ერთობ რთულია და ის აქამდე უცნობი იყო. დუმანმა და მისმა კოლეგებმა მთელი რიგი ცდები ჩაატარეს იმ სასიგნალო გზების შესასწავლად, რომელთა მეშვეობითაც ავითარებს კეტამინი თავის მოქმედებას.

აღმოჩნდა, რომ კეტამინი მოქმედებს სასიგნალო გზაზე, რომელიც სწრაფად ახდენს ნერვულ უჯრედებს შორის ახალი სინაფსური კავშირების დამყარებას. საცდელ ვირთხებს მოკლე ხანში გაუუმჯობესდათ არა მხოლოდ დეპრესიის მგსგავსი ქცევა, არამედ თავის ტვინის უჯრედებს შორის ქრონიკული სტრესით დაზიანებული კავშირების კვლავ აღდგენა მოხერხდა. ამასთან, მეცნიერებმა შეძლეს ამ სასიგნალო გზაზე გადამწყვეტი პუნქტის პოვნა: ესაა ფერმენტი სახელად mTOR, რომელიც აკონტროლებს ახალი სინაფსური კავშირებისთვის საჭირო ცილების სინთეზს. „მთავარია სასიგნალო გზა“, ამბობს ჯგუფის წევრი ჯორჯ აღაჯანიანი. „იმ მექანიზმების გაგება, რომლებიც კეტამინის ანტიდეპრესიულ ეფექტს უდევს საფუძვლად, საშუალებას მოგვცემს, ამ სასიგნალო გზაზე მრავალ შესაძლო მონაკვეთზე ვუშველოთ პრობლემას.“

კეტამინი ტრადიციულად ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება. მაგრამ რამდენიმე წლის წინათ მეცნიერებმა მისი ანტიდეპრესიული მოქმედებაც შენიშნეს. ჩვეულებრივ ანტიდეპრესანტები რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებენ მოქმედებას. დეპრესიით დაავადებულთა დაახლოებით 40 პროცენტი არ რეაგირებს გავრცელებულ მედიკამენტებზე. ზოგ შემთხვევაში თვეებისა და წლების მკურნალობის შემდეგ ხერხდება შესაფერისი სამედიცინო საშუალების პოვნა. ამიტომაც თავისი სწრაფი მოქმედებით კეტამინი მეტად პრესპექტიულ ალტერნატივად მიიჩნევა. მაგრამ ჯერჯერობით არ არის დადგენილი მისი გამოყენების უსაფრთხო ფორმა. მისი მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან შეიძლება მძიმე თანმდევი ეფექტები ჰქონდეს და, ამასთან, ის ნარკოტიკადაც გამოიყენება.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG