Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე მეწარმეები გადასახადების გამარტივებას ითხოვენ


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში არაერთი მცირე მეწარმე დააჯარიმა. გახშირდა სავაჭრო ობიექტების დალუქვისა და მეწარმეთა დაკავების ფაქტებიც. გადასახადების ადმინისტრირების ამგვარი გამკაცრების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც მცირე მეწარმეები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი, თუმცა ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებენ. ვითარებაში გარკვევა ჯიმშერ რეხვიაშვილმა სცადა.

გადასახადების ადმინისტრირების გამკაცრების გამო პროტესტი გამოთქვეს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა, რომელთაც 21 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური მოძრაობის „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები შეუერთდნენ, თუმცა სულ მალე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ლილოს ბაზრობის დაცვის თანამშრომლებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. რის შემდეგაც ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაკეტა. მიანც რას ითხოვენ მცირე მეწარმეები?

მოვაჭრე: „ხალხს აუხსნან როგორ გადაიხადონ გადასახადი. თითო ინსპექტორი მიანც მოამაგრონ თითო რიგს, უნდა იყოს თანამშრომლობა ჩვენსა და საგადასახადო ინსპექციას შორის“.

შემოსავლების სამსახურისა და მოვაჭრეების ურთიერთობა მარტო თბილისში არ გართულებულა. ადმინისტრირების გამკაცრების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქუთასელი მეწარმეებიც. მათი თქმით, თითქმის ყოველ დღე საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები მიდიან ბაზრობებზე, ახორციელებენ საკონტროლო შესყიდვებს, რის შემდეგაც ინდმეწარმეებს, ამა თუ იმ დარღვევის გამო, აჯარიმებენ ან ულუქავენ მაღაზიებს. ამგვარი შემთხვევების რიცხვმა განსაკუთრებულად ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმატა, რის მიზეზადაც უმეტეს შემთხვევაში საგადასახადო ზედნადების გარეშე ვაჭრობა დასახელდა. ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ სააგენტო ინეტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ყველა შემთხვევაში ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ:

„კანონთი დადგენილი წესით, ყველა მეწარმეს ევალება გამოწეროს დოკუმენტაცია, როცა ჰყიდის პროდუქციას. სხვა შემთხვევაში დაისჯება კანონის შესაბამისად. დარღვევების გამოსავლენად ტარდება სტანდარტული პროცედურები: საკონტროლო შესყიდვა, ინვენტარიზაცია და ასე შემდეგ. ასე იყო ყოველთვის. ჩვენი მიზანია დავიცვათ კეთილსინდისერი გადამხდელები, რომლებსაც პროდუქციის შესყიდვისას სჭირდებათ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ვერ იღებენ. ჩვენი მოვალეობაა ყველა გადამხდელი იყოს თანაბარ პირობებში, ისე რომ იმუშაოს იმგვარად, რომ არც ბიუჯეტს დაუმალოს შემოსავალი და არც თავის თავს ავნოს“.

გიორგი ცხაკაიას ამ განმარტების პასუხად, ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არც საგადასახადო კოდექსი და არც არსებული საგადასახადო კულტურა ვითარების სასიკეთოდ შეცვლის წინა პირობას არ იძლევა. გია ხუხუშვილის თქმით, სცოდავს ორივე მხარე:

„კულტურა არ ჰყოფნის როგორც გადასახადის გადამხდელს, ასევე - ამკრეფს. და კიდევ: საგადასახადო პოლიტიკა არ არის გამართული მცირე მეწარმეებთან მიმართებაში. არადა შეიძლება შეიქმნას ფიქსირებული გადასახადი ს ისეთი სისტემა, რომელიც არც ბიუჯეტს დააზარალებს და მეწარმეებსაც საქმის გამარტივებულად წარმოების საშუალებას მისცემს, ანუ ორივე დაიკმაყოფილებს ინტერესს“.

თუმცა, გია ხუხუშვილი იმასაც ამბობს, რომ ორივე მხრის ინტერესის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ექსპერტთა დასკვნები არ კმარა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, მეწარმეებმა საკუთარი უფლებები ორგანიზებულად უნდა დაიცვან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG