Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგმა მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა დაკარგულთა საქმეებზე


29 სექტემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ”საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიების მონიტორინგის” შედეგებს ასახავს. საერთაშორისო რანგის ორი მოწვეული ექსპერტის მიერ ჩატარებული დაახლოებით 3-თვიანი სამუშაოს შედეგებზე დაყრდნობით, მეტად კრიტიკული დასკვნები კეთდება.

საგამოძიებო საქმიანობაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები ბრიუს პეგი და ნიკოლას სებირი გაუჩინარებული ადამიანების საქმეთა მსვლელობის კონტროლს, თომას ჰამარბერგის ინიციატივით, 2010 წლის 5 მარტს შეუდგნენ. პეგი ამჟამად ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ოფიცერია, სებირი კი - საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კაპიტანი.

თავდაპირველ დავალებათა ჩამონათვალში შედიოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 ოსისა და 5 ქართველის საქმე. ესენი არიან: ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი, სოლტან პლიევი და რადიკ იკაევი - ოსური მხრიდან და გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი, ოთარ სუხიტაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და კახა ხუბულური - ქართული მხრიდან.

თომას ჰამარბერგის შესავალ სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ”ექსპერტთა ანგარიში კრიტიკულია”: ”მასში ნაჩვენებია ის სერიოზული ხარვეზები, რომლებიც თან ახლდა დაკარგულ პირთა ბედის გარკვევის პროცესსა და უკანონო ქმედებათა ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ექსპერტებს სიმართლის დადგენის გზაზე უამრავი წინაღობა შეხვდათ.”

თუმცა მაინც გამოტანილია არაერთი დასკვნა. დავიწყოთ დაკარგული ქართველების საქმეებით:

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ 406-ე სატანკო ეკიპაჟი, რომლის წევრებსაც 2008 წლის 8 აგვისტოს გაუჩინარებული რომელაშვილი, ბირთველაშვილი და სუხიტაშვილი წარმოადგენდნენ, მთლიანად განადგურდა და, შესაბამისად, ”ნეშტის ამოცნობა ადვილი არ იქნებოდა.” რაც შეეხება ოსური მხარის მიერ სასტიკად ნაწამებ და მოკლულ ანწუხელიძესა და ხუბულურს, რადგანაც მათი ცხედრები გადმოეცა ქართულ მხარეს, ოსურმა მხარემ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კონტექსტში ამ საქმეების განხილვაზე ექსპერტებს უარი უთხრა.

ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის დააკავეს და დააპატიმრეს ქართველმა სამხედოებმა 8 აგვისტოს ზნაურის რაიონის სოფელ ბაკათი-კაუში ან მის მახლობლად. ასევე ცხადია, რომ ის შემდგომში გადაიყვანეს გორის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში ...
ჰამარბერგის ანგარიშში განსაკუთრებით ვრცლად არის წარმოდგენილი ოსი ეროვნების სამი ახალგაზრდის - ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევის და სოლტან პლიევის საქმის დეტალები. ცოცხლები ისინი ბოლოს 2008 წლის 13 ოქტომბერს ნახეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ”ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2008 წლის 13 ოქტომბერს ხაჩიროვი, ხუგაევი და პლიევი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დააკავეს და ქართველმა სამართალდამცველებმა ციხეში გადაიყვანეს.”

როდესაც ექსპერტებმა საქართველოში მუშაობა დაიწყეს, ამ სამი პირის გაუჩინარებიდან თითქმის წელიწად-ნახევარი იყო გასული, მაგრამ ამ საქმის გამოძიებისთვის, ანგარიშის თანახმად, ”ძალიან უმნიშვნელო საქმიანობა იყო ჩატარებული.” ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მხოლოდ ექსპერტების საქმეში ჩართვის შემდეგ გადადგა - მაგალითად, დაკარგულთა დედებს ჩვენებების მიცემის საშუალება მისცა და დადებითად გადაწყვიტა მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიში ასევე მიუთითებს არაერთ სერიოზულ დარღვევაზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი ციტატა:

”ექსპერტები განსაკუთრებით განაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად სერიოზული ეჭვების არსებობისა იმის თაობაზე, რომ ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის გაუჩინარებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ხელი ერია, თითქმის არანაირი ზომები არ იყო მიღებული დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად.”

თომას ჰამარბერგის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ვერაფერს ამბობს იმაზე, თუ რა შეემთხვა ოსი ეროვნების ამ სამ პირს დაპატიმრების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება მუდამ უარყოფდა მათი დაკავების ფაქტს. 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ საქმის გამოძიების პროცესში მეტად პასიურობდა ოსური მხარეც, კერძოდ, მტკიცებულებათა მოპოვების კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ სამი ოსი ახალგაზრდის გაუჩინარების საქმის გამოძიებას ცხინვალის ხელისუფლება პრინციპულ საკითხად მიიჩნევდა და, ძირითადად, სწორედ ამ მიზეზით უცხადებდა ბოიკოტს თვეების მანძილზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს.

რაც შეეხება ოსი ეროვნების მე-4 დაკარგული პირის, 2008 წლის 8 აგვისტოს გაუჩინარებული რადიკ იკაევის საქმეს, ვითარება გაურკვეველია მის ამჟამინდელ ბედთან დაკავშირებითაც. ანგარიშის მიხედვით:

”ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის დააკავეს და დააპატიმრეს ქართველმა სამხედოებმა 8 აგვისტოს ზნაურის რაიონის სოფელ ბაკათი-კაუში ან მის მახლობლად. ასევე ცხადია, რომ ის შემდგომში გადაიყვანეს გორის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში, სადაც რამდენიმე დღე გააჩერეს და შემდეგ გადაიყვანეს ვაზიანის სამხედრო ბარაკებში. ბოლოს ის ცოცხალი ნახეს 2008 წლის 22 აგვისტოს და მაშინ ის ქართულ ციხეში იმყოფებოდა.”

ჰამარბერგის ოფისი მხარეებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გამოძიების პროცესი ობიექტურად გაგრძელდეს და ნათელი მოეფინოს როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების პირთა გაუჩინარების გარემოებებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG