Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მსხვერპლი ავღანეთში და პირველი ეჭვები


5 სექტემბერს ავღანეთში ქართველი ოფიცრის დაღუპვას, როგორც მოსალოდნელიც იყო, მოჰყვა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად კარგად არის მომზადებული მეამბოხეებთან საბრძოლველად მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ მყოფი ქართული ბატალიონი. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ „თალიბებთან“ პარტიზანულ ბრძოლაში მიღებული სამხედრო გამოცდილება გამოუსადეგარია ქართული ჯარისათვის. დაბოლოს, გაჩნდა ეჭვიც, რომ საქართველოს ხელისუფლება მალავს სამხედრო ქართული ქვედანაყოფის დანაკარგებს ავღანეთში. რამდენად საფუძვლიანია ასეთი ეჭვები?

5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა, - წერს 20 სექტემბრის გაზეთ “კვირის პალიტრაში“ ცნობილი სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. თავისი სათქმელი ირაკლი ალადაშვილმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დააზუსტა. სამხედრო ჟურნალისტის თქმით, ორი თვით ადრე, თალიბების თავდასხმის დროს, ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ:

„როგორც მე გამოვარკვიე სხვა არაოფიციალური წყაროებით, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ხნით, შეიძლება ერთი თვით ან ცოტა უფრო ადრე მოხდა ანალოგიური ინციდენტი, როდესაც იგივე ჰილმენდის პროვინციაში ჩვენს მებრძოლებს კარავში ჩაუგდეს ნაღმი. თალიბების მიერ ნასროლი ნაღმი შუა კარავში ჩავარდა და დაიჭრა არანაკლებ ხუთი ადამიანი - მათგან ერთი ძალიან ძლიერად, სახე დაეწვა და ზედა კიდურიც დაკარგა და გერმანიაში წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ფაქტი იყო დამალული და, ფაქტიურად, არავინ იცოდა მის შესახებ.“

ირაკლი ალადაშვილი, გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიმომხილველი, ავღანეთიდან მიღებულ არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართულ ქვედანაყოფს, რომელიც ჰილმენდის პროვინციაში მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბრიდან იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა რამდენიმე შეტაკება, რის შედეგადაც დაჭრილია დაახლოებით 18 ქართველი სამხედრო, რასაც საქართველოს სამხედრო უწყება ასევე მალავს:

„სხვა წყაროები ამბობენ, - ეს ავღანეთიდან, არაოფიციალური წყაროები, - რომ დაახლოებით 18 ადამიანია დაჭრილი საერთო ჯამში. საბედნიეროდ, უმეტესობა მსუბუქად. მძიმედ არის კაპრალი გითოლენდია, რომელიც დაიჭრა 5 სექტემბერს და რომელიც მანამდეც დაიჭრა და გერმანიაში მკურნალობს დღესაც.“

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ხდება სინამდვილეში და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მით უფრო, რომ 5 სექტემბრის ინციდენტამდე საქართველოში მართლაც არ იყო ცნობილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაჭრის ფაქტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში უსაფუძვლო უწოდა გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას 15 ქართველი ჯარისკაცის დაჭრის თაობაზე, თუმცა არ უარყო, რომ ავღანეთში დაჭრილი სამი ჯარისკაცი მართლაც გადის მკურნალობას გერმანიაში:

„სამი არის დაჭრილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მეტს ოდნავ არავითარი პრობლემა არ აქვს. სულ არის 3 დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი მთელ მისიაში. ცხადია, რთული მისიაა, რთულია ჯარისკაცობა. და თუ ამ შემთხვევაში რაიმე ზარალს ექნებოდა ადგილი, ამას ვიტყოდი. არ ვიცი რაში წერია ის, რომ ადამიანის დაჭრა ან გარდაცვალება დავმალოთ. როგორ უნდა დავმალოთ?“

ავღანეთში, განსაკუთრებით მის სამხრეთ პროვინცია ჰილმენდში რომ საბრძოლო დავალება დიდ რისკებს უკავშირდება, ამას არც სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი უარყოფს. იგი იმთავითვე წერდა ამის თაობაზე და ჩვენი რადიოს ეთერში არაერთხელ უთქვამს, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ზრდის ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას. სამხედრო მიმომხილველი მიიჩნევს, რომ რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ინფორმაცია, საჭიროა, რომ საზოგადოებამ დროულად, სწორედ ოფიციალური უწყებიდან შეიტყოს ეს და არა სხვა წყაროებით:

„ანუ ეს დეტალები თქვან, თუ რას აკეთებენ ჩვენები ჯარისკაცები. ამაში, მე მგონი, ცუდი არაფერია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას აკეთებენ. თორემ ეს დამალვის პოლიტიკა რომ გაგრძელდეს, მივალთ ისევ იმ საბჭოთა პერიოდამდე. როდესაც ავღანეთის ომი იყო, მაშინ აქედან [საქართველოდან] ჯარისკაცები მიჰყავდათ და შემდეგ, როცა ჩამოასვენებდნენ, ღმერთმა დაგვიფაროს, არ ამბობდნენ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და ეს საიდუმლოებით იყო მოცული.“

5 სექტემბერს ავღანეთის ჰილმენდის პროვინციაში დაღუპული უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი 6 სექტემბერს ჩამოასვენეს საქართველოში და ერთი კვირის თავზე სვანეთში, მშობლიურ სოფელ ლენჯერში, უხმაუროდ მიაბარეს მიწას. მისი ოფიციალური დაღუპვის მიზეზად ნაღმზე აფეთქება სახელდება, თუმცა დღემდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, თუ სად და ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი ოფიცერი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG