Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელ პედაგოგებს სამეგრელოში არ უშვებენ


გალის სასაზღვრო გამშვები პუნქტი
გალის სასაზღვრო გამშვები პუნქტი
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილ ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს უმაღლესი კომისრის გალის ოფისში იმართება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთის საკითხის დასმას მოითხოვენ.

ოტობაიელი მასწავლებელი, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, გვატყობინებს, რომ ე.წ. საზღვარზე ის რუსმა ჯარისკაცებმა გააჩერეს, სამეგრელოში გადმოსვლა აუკრძალეს და იქვე განუმარტეს, რომ პირობითი საზღვარი მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა თავისუფალი. არადა, როგორც რესპონდენტი იუწყება, გალის რაიონის სკოლების პედაგოგებს განათლების აფხაზურმა სამმართველომ ე.წ. საშვები დაურიგა, რომლის საშუალებითაც მათ პირობითი საზღვარი ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა გადაეკვეთათ.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ პირობითი საზღვრის გადაკვეთის დროს ნაბაკევის, საბერიოსა და ფიჩორის სკოლის პედაგოგები. ნაბაკეველი მასწავლებლის ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც ხურჩასთან არსებულ საგუშაგოზე იმყოფებიან, არ ცნეს აფხაზური ადმინისტრაციის მიერ გაცემული პედაგოგთა ე.წ. საშვები და სამეგრელოში გადმოსვლა აუკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს გამართულ ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე თბილისის დელეგაციამ აფხაზური და რუსული მხარეებისგან მიიღო პირობა, რომ გალის რაიონის მოსწავლეები აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ გადაკვეთენ, რაც ამ დრომდე სრულდება.
XS
SM
MD
LG