Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ სასწავლო წელს სკოლები რამდენიმე სიახლით ხვდებიან


15 სექტემბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა დაიწყო. ნეთბუქები - პირველკლასელებს, ვირტუალური ლაბორატორიები - მოზრდილებს, სკოლების ჭერზე დამონტაჟებული ვიდეოთვალები და მანდატურები დერეფნებში, ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგები, ასევე საატესტაციო გამოცდები მეთორმეტე კლასელებისათვის და დამატებით რამდენიმე ახალი საგანი - ამ სიახლეებით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს სკოლები საქართველოში.

49-ე საჯარო სკოლაში ზარი დაირეკა, მოსწავლეებით და მასწავლებლებით სავსე დერეფნებში ხმაური მიწყნარდა და სწავლა დაიწყო. ახალ სასწავლო წელს 49-ე გერმანული სკოლის სახელით ცნობილ საჯარო სკოლას 44-ე საჯარო სკოლა შეუერთდა. სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს, ახალი პედაგოგები და მოსწავლეები. ჯერ ყველა ერთმანეთს ეცნობა და ეჩვევა. პირველი გაკვეთილი თავისუფალია. მეორეკლასელი მარიამი მეგობრებს საკუთარ ნახატზე ელაპარაკება:

”ხე დავხატე, ყვავილები და გოგონა...”
სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა მონდომებულია:
”რა ნიშნებზე უნდა ისწავლო, კატო?”
”ათიანებზე.”

დაწყებითი კლასების პედაგოგი მარიკა ჯიქია თავის მეორეკლასელებს ახალ მოსწავლეს აცნობს. იმედი აქვს, რომ სკოლების შეერთება დიდ სირთულეებს არ გამოიწვევს:

”სხვა სკოლასთან გვიწევს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ახალი თანამშრომლები გვყავს, ბავშვები... ასევე, ახალი საგნები გვემატება, ცეკვა, სპორტი...”

უფროსკლასელები დიდ დასვენებას ერთმანეთის მოსაკითხად იყენებენ. ანის და ანანოს ენთუზიაზმი აშკარაა:

”ძალიან გაგვიხარდა სწავლის დაწყება, თავიდან კი გაგვიკვირდა სხვასკოლელები, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ...”

ამ სკოლაშიც, ისევე როგორც სკოლების უმრავლესობაში, მზადაა მანდატურების ოთახი. სკოლის ახალი დირექტორი, დავით ბიწაძე, ამბობს, რომ სკოლას წესრიგის დახმარებაში მათი დახმარება განსაკუთრებით დასჭირდება.

15 სექტემბერსნ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ დიღმის საჯარო სკოლას ესტუმრა
წლევანდელ სიახლეებს შორისაა ნეთბუქები პირველკლასელთათვის - სპეციალური სასწავლო კომპიუტერი საჩუქრად 3000 მოსწავლეს გადასცეს.

სიახლეა ისიც, რომ მეთორმეტეკლასელები წლის ბოლოს საატესტაციო გამოცდებს ჩააბარებენ. განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ბავშვებს სკოლებში ე.წ. ვირტუალური ლაბორატორიებიც დახვდებათ. ეს არის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პედაგოგებსა და მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ცდები ჩაატარონ ბიოლოგიაში, ფიზიკასა თუ ქიმიაში. სკოლები საკუთარი ბაზის გათვალისწინებით ირჩევენ მიმართულებას ისეთ საგანში, როგორიცაა სპორტი. მაგალითად, რადგან 49-ე სკოლას არა აქვს დიდი დარბაზი, სტადიონი და ა.შ., ბავშვები ჭადრაკს, სპორტულ ცეკვებსა და მაგიდის ჩოგბურთს დაეუფლებიან და ასე, ინდივიდუალურად. ასევე სკოლებში ისწავლიან სამოქალაქო თავდაცვას. იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლებაც დაიწყება. სკოლებში აიკრძალება ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში ანგარიშსწორება ბარათებით მოხდება.
ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ამიერიდან 15 ივნისს დასრულდება.

მოსწავლეები ორ სემესტრს ისწავლიან. პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება, მეორე სემესტრი კი 20 იანვარს დაიწყება. მოსწავლეებს ასევე ერთკვირიანი სააღდგომო არდადეგებიც ექნებათ. გამონაკლისია მხოლოდ I და XII კლასების მოსწავლები, რომლებიც სწავლას 20 მაისს დაამთავრებენ.

როგორც ითქვა, სიახლეა სკოლების უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ვიდეოთვალებისა და მანდატურების როლზე განათლების მინისტრმა განცხადება სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა:

”ყველა დიდ ქალაქში იქნება ვიდეომონიტორინგის სისტემა. კამერები გადაღებულ ინფორმაციას ერთი კვირის განმავლობაში შეინახავს, დირექტორსა და მანდატურებს საკუთარი ოთახებიდან ექნებათ მათთვის თვალის დევნების საშუალება. არ დავუშვებთ ხუთი ან ათი ბავშვის ჭკუაზე დადიოდეს მთელი სკოლა, რადგან იქ სხვა ბავშვები სასწავლებლად მიდიან და ვისაც ძველბიჭობა უნდა, პირველ ეტაპზე სკოლას დაალაგებენ და მეორე ეტაპზე სამტრედიის სპეცსკოლა ინდივიდუალურ მიდგომას შესთავაზებს.”

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სოფელ დიღმის ახალგარემონტებული სკოლიდან მიულოცა და თქვა, რომ მაქსიმუმ სამ წელიწადში საქართველოს ყველა სკოლა ხარისხით სწორედ ამ სკოლას უნდა გაუთანაბრდეს. პრეზიდენტის დაპირებებს შორისაა ისიც, რომ ქართული სკოლები ჰოლანდიის, გერმანიის, მოკლედ, ევროპულ სკოლებს უნდა დაუხლოვდეს.

სხვათა შორის, 49-ე სკოლაში, რომლითაც ჩვენი სიუჟეტი დავიწყეთ, დღემდე არ არის გათბობა. გასულ წელს პირველკლასელებს გაკვეთილები ნახევრად გაყინულ საკლასო ოთახებში უტარდებოდათ. ამიტომ მანდატურებზე, სათვალთვალო კამერებსა თუ ცეკვის გაკვეთილებზე მეტად ამ კონკრეტული სკოლის ბავშვებს ახლა სწორედ გათბობის პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG