Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წლის წინ დაბომბილ სკოლაში სწავლა დაიწყო


ორი წლის წინ დაბომბილ გორის მე-7 საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყო
ორი წლის წინ დაბომბილ გორის მე-7 საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყო
დილიდან ხმაური იყო გორის მე-7 საჯარო სკოლაში, ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სკოლამ სრული დატვირთვით მუშაობა დღეს დაიწყო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ბანკის დახმარებით სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა. ამ ხნის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მეზობელ სკოლაში დადიოდნენ. შარშან კი სწავლა მხოლოდ ერთ კორპუსში მიმდინარეობდა. მე-7 სკოლაში დღეს 100 პირველკლასელი მივიდა. მათ დონორი ორგანიზაციების მიერ შეძენილი ახალი ავეჯი დახვდათ. ხატია ხუბულური და გურანდა კარელიძე მშობლებს და მასწავლებელს დღესვე პირობას აძლევდნენ, რომ სულ ათიანებზე ისწავლიან.

დაწყებითი კლასის პედაგოგმა შორენა ჩიტიშვილმა ბავშვებს დაფაზე წარწერა დაახვედრა, მშვიდობისა და წარმატების სურვილით. მისი აზრით, მშვიდობის ფასი ომის შემდეგ ყველაზე მეტად სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა იციან.

გორის მე-7 საჯარო სკოლა
2008 წლის აგვისტოს ომის დროს მე-7 საჯარო სკოლის შენობა ყველაზე მეტად დაზიანდა. 9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ სკოლის შენობა დაბომბა, იქვე მეზობლად არსებულ სახლებში არაერთი ადამიანი, მათ შორის ბავშვიც დაიღუპა.

დაბომბვის დროს სკოლაში ლიახვის ხეობიდან დევნილების დაბინავება მიმდინარეობდა. ორი წლის წინანდელ ისტორიას სკოლის დირექტორი ნოდარ იარღანაშვილი ემოციის გარეშე ვერ იხსენებს.

სკოლის გახსნის ცერემონიალს განათლების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის აზრით, სკოლაში მოსწავლეებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი.

გორის მე-7 საჯარო სკოლა კონტიგენტით გორის რაიონში ყველაზე დიდია. დღეს ამ სკოლაში ათასზე მეტი მოსწავლე მივიდა. სასწავლო პროცესი გორის რაიონის ყველა სკოლაში დაიწყო.
XS
SM
MD
LG