Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ქურდი კაცის ბედი


ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯად ქმედებად გამოაცხადა. კანონის გამკაცრებიდან ოთხი წლის თავზე ირკვევა, რომ კანონიერი ქურდობის ინსტიტუტის რეიტინგმა კატასტროფული ვარდნა განიცადა ყველა სოციალურ ფენაში. არადა, სულ ცოტა ხნის წინ კანონიერი ქურდები ასკეტურ, სამართლიან და ღირსეულ ადამიანებად ითვლებოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. რატომ იყო საქართველო კრიმინალური ავტორიტეტებისათვის ნოყიერი ნიადაგი და რა დაემართა ქურდულ სამყაროს უკანასკნელი წლების განმავლობაში?

„ქურდის ხვედრი“ - ასე ჰქვია ცნობილ ქურდულ სიმღერას, რომელიც იავნანასავით მშობლიურია ქურდული სამყაროს წევრებისათვის, თუმცა ქურდებისა და მათი მიმდევრების ხვედრი კიდევ უფრო დამძიმდა 2006 წლის შემდეგ, როცა სისხლის სამართლის კოდექსში, 223-ე პრიმა მუხლის სახით, შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა: ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა - ვადით შვიდიდან ათ წლამდე. - ცვლილების ინიციატორი იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც პირობა დადო, რომ ქურდებს, როგორც კლასს, დაანგრევდა და ამოძირკვავდა..

ამოძირკვამ ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრთა მასობრივი დაპატიმრების სახე მიიღო: ვინც ემიგრაციაში წასვლით ვერ უშველა თავს, დღემდე თბილისის ნომერ მე-7 მკაცრი რეჟიმის იზოლატორში ზის. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, კარგად იცის, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს კანონიერი ქურდები:

ეს პარაინსტიტუტები, ანტისახელმწიფოებრივი სტრუქტურები იქმნებოდა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უუნაროა საბაზო სერვისები შესთავაზოს მოქალაქეს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ჩაენაცვლა ქურდობის ინსტიტუტი ...
„ეს არის საპყრობილის ტიპის დაწესებულება. ერგებათ გასეირნება დღის განმავლობაში. საკნების ნაწილში ბუნებრივი სინათლე ვერ აღწევს. ადრე ეკრძალებოდათ რადიოსა და ტელევიზორის ყურება, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად საპყრობილის ადმინისტრაცია გარკვეული ფილმების ტრანსლირებას ახორციელებს. რა თქმა უნდა, რეჟიმი მკაცრია და სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ რეჟიმი იყოს უფრო ჰუმანური.“

სახალხო დამცველის განმარტებიდან ჩანს, რომ კანონიერი ქურდები ვითარებას ვეღარც ციხეებში მართავენ. არადა, ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა ქურდებმა სწორედაც რომ ციხეებისათვის გასწიეს. იყო ამბოხის რამდენიმე მცდელობა, რომლის დროსაც საპყრობილეებში მყოფი პატიმრები მითითებებს გარედან იღებდნენ, თუმცა ამბოხის მოწყობისა და გავლენის დაბრუნების ეს და ყველა სხვა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერიც, დავით დარჩიაშვილი, ქურდების გავლენაზე წარსულ დროში ლაპარაკობს:

„გავლენა ძალიანი დიდი ჰქონდა მაშინ, როცა ფორმალური ინსტიტუტები სრულიად არალეგიტიმური იყო და საზოგადოების ნდობით არ სარგებლობდა. ეს პარაინსტიტუტები, ანტისახელმწიფოებრივი სტრუქტურები იქმნებოდა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უუნაროა საბაზო სერვისები შესთავაზოს მოქალაქეს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს ჩაენაცვლა ქურდობის ინსტიტუტი, რომელიც დასუსტდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაბრუნდა ქვეყანაში.“

არადა, სულ რაღაც 5 წლის წინ საქართველო, კანონიერი ქურდების გავლენისა და რაოდენობის მიხედვით, ტოლს არ უდებდა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას. რუსეთშიც კი ყოველი მესამე ქურდი ქართველი იყო. მაინც რატომ და როგორ წარმოშვა საქართველომ ამ რაოდენობის„კანონიერი ქურდი“? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას არაერთი მკვლევარი შეეცადა. გევინ სლეიდი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ცენტრის თანამშრომელი და „ქართული ქურდული სამყაროს“ მკვლევარი, არ იზიარებს აზრს, რომ ქართული ღირებულებები, კულტურა და მენტალიტეტი რაღაც ფორმით ჰარმონიაშია ქურდული სამყაროს ღირებულებებთან, რომ ქურდების საზოგადოებამ საქართველოს, მთელი ისტორიის მანძილზე, მისცა მართლმსაჯულების ერთადერთი არაკორუმპირებული და ქმედობაუნარიანი სისტემა. გევინ სლეიდის თქმით, კანონიერი ქურდები საქართველოში, ისევე როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, მანკიერმა პოლიტიკურმა სისტემამ წარმოქმნა. ინტერნეტ საიტ opendemocracy.net-ზე 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში ბრიტანელი მკვლევარი წერს:

„საბჭოთა სახელმწიფოს არ შეეძლო არალეგალური კაპიტალისტური ურთიერთობების რეგულირება ან დაცვა, რის გამოც ერთდროულად ჩნდებოდა როგორც დავების გადაწყვეტისთვის ალტერნატიული მექანიზმების აუცილებლობა, ასევე მათი წარმოქმნის შესაძლებლობა... 90-იან წლებში მომხდარმა ქართული სახელმწიფოს კოლაფსმა კი საშუალება მისცა სხვა მოთამაშეებს - მათ შორის, კანონიერ ქურდებს - პირადად ეტვირთათ სახელმწიფოს ფუნქციები იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეუძლებელი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში.“

რა ფორმებითაც და მეთოდებითაც მოქმედებდნენ კანონიერი ქურდები ციხეებში, იმავე და უფრო სასტიკი მეთოდებით მოქმედებენ და მართავენ დღეს ადმინისტრაციებისა და დეპარტამენტის წარმომადგენლები ...
თუმცა გევინ სლეიდერი იმასაც შენიშნავს, რომ ქურდებთან ბრძოლამ, რაც გამოიხატა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებაში, საკუთრების კონფისკაციაში, სასჯელაღსრულების სისტემისა და პოლიციის რეფორმირებაში, ვითარება რადიკალურად შეცვალა. ცვლილება შეუმჩნეველი არც ქართველ მკვლევარებს დარჩენიათ. სოციოლოგი მერაბ ფაჩულია კვლევაზე დაყრდნობით ამბობს:

„დრამატულად მცირდება ამ ინსტიტუტის რეიტინგი და იმიჯი. იცვლება მისდამი დამოკიდებულება საზოგადოების ყველა სეგმენტში, ანუ დღევანდელი სიტუაცია არის თითქმის იდეალური... თუმცა სხვა ამბავია, რამდენად ხშირად დაირღვა ადამიანის უფლებები, ვიდრე ქვეყანა ამ სიტუაციამდე მივიდოდა.“

და მართლაც, როგორ მივიდა საქართველო დღევანდელ ვითარებამდე? ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიესალმება ქურდების, როგორც კლასის, ლიკვიდაციას, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ყველაზე მთავარი: უარი არ უთქვამს მართვის იმ მეთოდებსა და ფორმებზე, რომელთაც კანონიერი ქურდები იყენებდნენ:

„მე ვიტყოდი, რომ კანონიერი ქურდობა კი არ აღმოიფხვრა, არამედ მოხდა კანონიერი ქურდების ჩანაცვლება თვითონ ხელისუფლების მიერ. რა ფორმებითაც და მეთოდებითაც მოქმედებდნენ კანონიერი ქურდები ციხეებში, იმავე და უფრო სასტიკი მეთოდებით მოქმედებენ და მართავენ დღეს ადმინისტრაციებისა და დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ ვითარების შეცვლა შეუძლებელია, რადგანაც საქართველოში სასამართლო მხოლოდ ფორმალურად არსებობს. სასამართლო არის ნოტარიული პალატა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია პროკურატურაში და რაც აწყობს ხელისუფლებას.“

ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი მართული მართლმსაჯულების წყალობით მოხერხდა საქართველოში ქურდული სამყაროს ეფექტიანი შევიწროება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თვალშისაცემია და რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მხოლოდ 2009 წელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის მუხლით 33 საქმეა აღძრული, ხოლო ის გარემოება, რომ ქურდები თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ, გავლენას ახდენს მთლიანად კრიმინოგენულ ვითარებაზე. იმავე მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ვითარება გაუმჯობესებულია თითქმის ყველა მიმართულებით: წინასწარი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირდა ისეთ გავრცელებულ დანაშაულზე, როგორიცაა ძარცვა - 14 პროცენტით, ყაჩაღობა - 34 პროცენტით, ხულიგნობა - 21 პროცენტით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა - 19 პროცენტით. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ საქართველოში ქურდული რომანტიკა მნიშვნელოვნად გახუნდა და ეგრეთ წოდებულმა „ბლატნოი“ სიმღერებმაც, დრამატულის ნაცვლად, კომიკური ჟღერადობა შეიძინა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG