Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში რუსულ და აფხაზურ ენებზე ასწავლიან


საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა. იქ, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გალის ორ სკოლაში, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს, მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ. წყაროს ცნობით, გალის სკოლებში წელს ქართული წიგნების დეფიციტია. ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა გალის სოფლის სკოლებში. როგორც ოტობაიის სკოლიდან იტყობინებიან, სკოლაში სწავლება, როგორც ყოველთვის, ქართულ ენაზეა და სახელმძღვანელოებიც საქართველოს მთავრობის ნაჩუქარი აქვთ.

რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტი ამბობს, რომ სკოლის შენობა, სადაც 100-მდე მოსწავლე სწავლობს, რეაბილიტაციას საჭიროებს. არადა, გალის აფხაზური განათლების სამმართველო მათ ამ კუთხით დახმარებას და ახალ სასკოლო ინვენტარს დაჰპირდა.

პირველ სექტემბერს სკოლის ზარი დაირეკა საბერიოშიც, სადაც გაკვეთილები მხოლოდ უფროსკლასელთათვის ტარდება. ადგილობრივების ცნობით, უმცროსკლასელები, მეოთხე კლასის ჩათვლით, და მეცხრე კლასამდე მოსწავლეების უმრავლესობა საბერიოსთან მოსაზღვრე წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის სკოლაში დადის. ამიტომ, სოფლელებისგან განსხვავებით, ისინი სწავლას 15 სექტემბერს დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG