Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშტები "ჩხუბის" შემდეგ


აქეთ ხურჩაა, იქით - ნაბაკევი
აქეთ ხურჩაა, იქით - ნაბაკევი
30 აგვისტოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ჟენევაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ კონვენციას ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარების წინააღმდეგ. "ადამიანთა საიდუმლო დაპატიმრება, გატაცება ან სასამართლოს გარეშე დასჯა მიუღებელია. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იჯახები განიცდიან უსაზღვრო ტკივილს, რომელიც მათ ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევთ" - ვკითხულობთ პრესრელიზში. რა ვითარებაა საქართველოში ამ თვალსაზრისით? რამდენი უგზოუკვლოდ დაკარგულია ქვეყანაში? როგორ ცხოვრობენ და რას განიცდიან მათი ოჯახის წევრები?

მანქანა შლაგბაუმთან ჩერდება. „საბუთები!“ „სად მიდიხართ?“ „რატომ მიდიხართ?“

კონფლიქტის ზონა.

„გოგოხიებთან მივდივართ.“ გაგვატარეს.
ნაზო გოგოხია

ფახულანში ვართ, წალენჯიხის რაიონის საზღვრისპირა სოფელში. მწვანე მოლი ჭიშკრის გადაღმა, მეგრული ოდა. ნაზო გოგოხია შვილის დაკარგვის ამბავს გვიყვება: „25 წლიწადი შვილს გაზრდი და მერე უგზო-უკვლოდ დაგეკარგება. დედასთვის მწარეა, გენაცვალოს ჩემი თავი. ბესიკი ერქვა. ბოლოს როცა ნახეს, ტანკზე იჯდა. ჰოდა, მოდიოდნენ თურმე და გზაში გაუხსნეს ცეცხლი. სოხუმის გზაზე მოხდა ეს...“

რამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართვლოში?

კახა ხასაია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად 1800-მდე პირია დაკარგული ორივე მხარეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.

ხოლო რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს, კახა ხასაიას თქმით, კონფლიქტის ორივე მხარეს ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას ცდილობდნენ. „წითელი ჯვარი“ შუამავლის როლში იყო და ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა. შემდეგ გარკვეული პაუზა იყოო, ამბობს კახა ხასაია და ამიტომ 2009 წელს გადავწყვიტეთ, უფრო მეტად ჩავრთულიყავით ამ საქმეშიო. დაიწყო საპილოტე პროგრამები და კონსულტაციები.

ნაზო გოგოხია ამბობს, რომ ვერასოდეს დაიჯერებს, მისი შვილი ცოცხალი რომ არ არის, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვეძებო, ან როგორ შევიდე იქითო. და ხელს სოფლის ბოლოსკენ იშვერს, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი სათვალთვალო კოშკი დგას. და რუსი ჯარისკაცები კოშკზე.

არც კოშკის გადმოღმა იცის, ვის მიმართოს: „ვისთან მივიდე და ვის ვუთხრა ეს ჩემი გასაჭირი? ვინ მომცემს პასუხს. ჩვენი ყურადღების მომქცევი ჯერ არავინ მინახავს, აი თქვენ დაგინახეთ პირველად“, წუხილს გვიზიარებს ქალბატონი ნაზო.

მის გასაჭირს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელს ვუამბობ. კახა ხასაია მეთანხმება, რომ პრობლემა მართლაც არსებობს: „მათ აქვთ ეკონომიკური პრობლემები, იურიდიული პრობლემები. როგორც თქვენ ბრძანეთ, არ იციან, ვის მიმართონ.“

გაირკვა: „წითელ ჯვარს“ უნდა მიმართონ!

...მაია მატუას ზუგდიდის რაიონის სოფელ ბაშში მივაგენით. ძმის ამბავს გვიამბობს (მატუები გალში ცხოვრობდნენ, 1993 წელი იყო): „21-ში გავიდა სახლიდან, მოვიდა სამი ბიჭი და წაიყვანეს სახლიდან, სოხუმში იყო მაგი, ჩხუბობდა იქ.“
მაია მატუა

რამდენჯერმე თქვა, ჩხუბობდაო - ვერ გავიგე. მერე ამიხსნა: ჩვენებურად ეს ნიშნავს, რომ იბრძოდაო.

ეს ამბავი სოხუმის დაცემის წინა დღეს მომხდარა. მალევე წამოსულა ოჯახი გალიდან და მას შემდეგ აღარც გადავსულვართ იქითო: „სულ ველოდები მე, როდის ჩამოვა. უცნობ მანქანას რომ დავინახავ, ალბათ მოვა ჩემი ძმა-მეთქი, ვიტყვი გულში. რა ვიცი, ცოცხალია მგონი.“

ნაზო გოგოხიასა და მაია მატუასგან განსხვავებით, ყველა შესაძლო გზა სცადა ნანა ქობალიამ. მთელი ეს დრო სულ ვეძებდით და არასდროს დაგვიკარგავს იმედი, რომ შეიძლება გამოჩნდესო.

ნანა ქობალიას ძმა ჰყავს დაკარგული. ვეკითხები, ძმას რა ერქვა-მეთქი და იქვე უხერხულად ვასწორებ: „რა ჰქვია?“
„ზაზა“ - მეუბნება ნანა და მერე მიყვება: „ეს 93 წლის წლის ოქტომბერში მოხდა. ჩვენ ყველანი გადმოსულები ვიყავით და მარტო ჩემი ძმა და მამაჩემი იყვნენ დარჩენილი. საჭირო იყო წისქვილში წასვლა. მამაჩემს უთქვამს, არ გახვიდეო, შეიძლება რამე ხიფათი შეგემთხვასო. ქალი, რომელიც წისქვილში მუშაობს, ჰყვება, რომ მოვიდა მანქანაო, იქ ჩემი ძმის გარდა კიდევ იყვნენ ბიჭები. ეს ბიჭები რომ ნახეს თურმე, უთხრეს, წამოდით მანდარინის საკრეფადო. ჰოდა, არ უნდოდა შენს ძმას წასვლაო, მაგრამ ძალით ჩასვეს თურმე იმ მანქანაში და წაიყვანეს.“

ნანა აჩიგვარაში, ექიმად მუშაობდა. ორი ძმა ჰყავდა. ისინი მეომრები არ იყვნენ. არ „ჩხუბობდნენ“, როგორც ამ მხარეში იტყვიან. ოჯახმა კონფლიქტის ზონა 27 სექტემბერს დატოვა. მამა არ წამოვიდა და ზაზაც მამასთან დარჩენილა.

„არაფერი არ გადმოგვიტანია, ისე წამოვედით. ერთი ჩანთის ამარა ვიდექი ენგურის ხიდზე, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი: ვიცოდი: ჩემები სად იყვნენ“, იხსენებს ნანა.
ნონა ქობალია

მერე კი ეს ამბავი მოხდა. როგორც ნანა ამბობს, ზაზას ძებნა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ: „ჰოდა, იმის მერე ჩვენ არაფერი არ ვიცით. ჩვენ მოვიძიეთ. ბენზინი არ იშოვებოდა, მაგრამ დედაჩემი ბენზინს ყიდულობდა, ასხამდა მანქანაში, რომ წასულიყვნენ ტყვარჩელში. ის მანქანა აღმოჩნდა ტყვარჩელის. მაგრამ ვინც წაიყვანა, დღეს ის კაციც აღარ არის ცოცხალი. რომ ვიძიებდით, მივაგენით იმ მანქანას, ვისიც იყო. ყველგან ვეძებდით, მაგრამ როგორ უნდა იპოვო?“

საპილოტო პროექტი, რომელზეც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი გვესაუბრებოდა, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონთან“ პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას თქმით, რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა: „დაგეგმილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ახალი რაუნდის წარმოება, უკვე სექტემბრის შუა რიცხვებიდან, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის იმ შეხვედრების ორგანიზებას, რომლებიც მათთვის აქტუალურ კითხვებზე გასცემს პასუხს.“

მთავარი კითხვა მათთვის უდავოდ ეს არის: „სად არის ჩემი დაკარგული ნათესავი?“

რესპონდენტი მეთანხმება. „ეს კითხვა, მათთვის მართლა ყველაზე აქტუალურია. მაგრამ ამ ეტაპზე მე, სამწუხაროდ, ვერ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს, არის თუ არა გამოსავალი.“

სოხუმელი ჟურნალისტი ნონა ქობალია, რომელიც ამჟამად ასოციაცია „დეაში“ მუშაობს, იხსენებს, რომ წლების წინათ, ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ხალხი ასეთ პრობლემასაც აწყდებოდა: „მაშინ ზუგდიდში გამოჩნდა ათასი ჯურის ადამიანი. ზოგი მოქმედებდა სინდისის კარნახით და კეთილი განზრახვით, ზოგი კი იმ განზრახვით, რომ კიდევ ერთხელ მოეთბო ხელი სხვის გაჭირვებაზე. გამომძალველები. გაყვლიფეს ხალხი! როდესაც დედა ეძებს შვილს, ის ყველაფერზე მზად არის! აი, იმ ცხელ დღეებში, როცა ეს ხალხი ქუჩა-ქუჩა დარბოდა და ოჯახის წევრები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, მაშინ ძალიან ბევრი შარლატანი იყო ზუგდიდში. და საერთაშორისოები მაშინ, სამწუხაროდ, პასიურობდნენ. ყველა განზე იდგა და ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე გვიან იყო.“

წელი წელს მისდევს. ადამიანები კი ჯიუტად ელიან თავიანთ ახლობლებს...
კახა ხასაია

აქვს თუ არა აზრი მათ ლოდინს? ერთი შემთხვევა მაინც თუ არსებობს, მრავალი წლის წინ დაკარგული ადამიანი გამოჩენილიყოს?

ასეთ შემთხვევას კახა ხასაია იხსენებს: „2003 წელსაც ითვლებოდა ერთი ადამიანი დაკარგულად. მას შემდეგ, რაც ჩვენ ისევ განვაახლეთ ამ საკითხზე მუშაობა 2009 წელს და ისევ მოვიძიეთ ოჯახის წევრები, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ცოცხალი იყო, უკრაინაში, და მისმა ოჯახმა იგი იპოვნა. გამოდის, რომ აქვს აზრი. ნამდვილად აქვს!“
XS
SM
MD
LG