Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრეიპფრუტის მწარე საიდუმლო


გრეიპფრუტი რომ ნივთიერებათა ცვლაზე - შაქრისა და ცხიმების გადამუშავებაზე - დადებით გავლენას ახდენს, საიდუმლო არ არის. მაგრამ ამერიკისა და ისრაელის მეცნიერთა ჯგუფმა მოახერხა იმ მექანიზმის ნაწილობრივ დადგენა, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ხილის ასეთ თვისებებს. ანტიოქსიდანტი და სიმწარის შემცველი ნარინგენინი გავლენას ახდენს გარკვეულ ცილებზე, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის ამ პროცესებში. როგორც ჩანს, ეს ღვიძლს აიძულებს, ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმები გადაამუშაოს. ამავე დროს იზრდება ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა და ეს, თავის მხრივ, მეორე ტიპის დიაბეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მსგავსი პროცესი მხოლოდ ხანგრძლივი მარხვის შედეგად მიიღწევა. გრეიპფრუტის ამ მწარე საიდუმლოს შესახებ მეცნიერები იტყობინებიან საინტერენტო ჟურნალ "PLoS ONE"-ში.

„ღვიძლი ისე იქცევა, თითქოს მარხულობდეს. ის ცხიმის მჟავებს მოიხმარს ნახშირწყლების ნაცვლად“, ამბობს ბოსტონელი სპეციალისტი ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან, მარტინ იარმუში. „ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენაა“, დასძენს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი იააკოვ ნაჰმიასი, რომელიც გამოკვლევას უძვებოდა. „ჩვენ ვაჩვენეთ მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ნარინგენინი ზრდის ორი ფაქტორის, PPARα-სა და PPARγ-ს გაძლიერებას და მესამის - LXRα-ს ბლოკირებას. შედეგი ძალზე ჩამოჰგავს იმას, რაც ხანგრძლივი მარხვის შედეგად მიიღწევა.“

ღვიძლი არის ორგანო, რომელიც პირველ რიგში ნახშირწყლებისა და ცხიმების გადამუშავებას არეგულირებს. საჭმლის შემდეგ სისხლში შაქრების მაღალი კონცეტრაცია, როგორც წესი იწვევს LXRα-ს გააქტიურებას, რაც, თავის მხრივ, ღვიძლს აძლევს იმპულსს, ცხიმმჟავები დააგროვოს ხანგრძლივი პერიოდით. მარხვისას ეს პროცესი შებრუნებულად მოქმედებს - ხდება ცხიმმჟავების გადამუშავება. ამ პროცესს არეგულირებს PPARα, ხოლო PPARγ-სთან არის დაკავშირებული მსგავსი პროცესი, რომელიც ზრდის ინსულინისადმი მგრძნობიარეობას.

უკვე ძველმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნერინგენინს ქოლესტერინის დამწევი თვისებები აქვს და დიაბეტის სიმპტომებსაც აუმჯობესებს. მაგრამ ნაჰმიასმა და მისმა კოლეგებმა ადამიანისა და ვირთხის უჯრედების კულტურებზე ექსპერიმენტებით შეძლეს იმის ჩვენება, რომ ნერინგენინი PPARα და PPARγ რეცეპტორებს ააქტიურებს პეპტიდი PGC1α-ს რაოდენობის დრამატულად გაზრდით. PGC1α ცენტრალურ როლს თამაშობს ამ გააქტიურებაში. ამავე დროს ნარინგენინი პირდაპირ LXRα-სთან შედის კავშირში და მის გააქტიურებას უშლის ხელს. შედეგად იზრდება ცხიმმჟავების დაწვა და ფერხდება ე.წ. ცუდი ქოლესტერინის წარმოქმნა. როგორც ვარაუდობენ, გამოკვლევის შედეგებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის წინააღმდეგ ახალი მედიკამენტების შექმნას.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG