Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 24 აგვისტო 2010


პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ადგილი მიუჩინა იქ, სადაც ეს ადგილი უნდა იყოსო, - წერს „იზვესტია“, - ტერიტორიულად შორს პოლონეთისგან. „იზვესტია“ეხმაურება ინტერვიუს, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა გაზეთ “რეჩ პოსპოლიტიკას” მისცა, სადაც მას უთქვამს, მე არ წავალ საზღვარგარეთ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეს სურსო.

დასრულდა ერა იდეოლოგიური თანაცხოვრებისაო, ვარაუდობს „იზვესტია“, როცა პოლონეთის ყოფილი ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგო - ერა, როდესაც მიიჩნეოდა, რომ “ახალგაზრდა ქართული დემოკრატია” უნდა დაეცვათ “რუსული იმპერიალიზმისგანო”. ეს იდეოლოგიური დაყოფა კაჩინსკის ახირება იყოო. ყველაფერი რევოლუციებიდან დაიწყო და იმ რწმენიდან, რომ ეს სიკეთეს და რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას ეძღვნებოდაო…

მას შემდეგ განლაგება შეიცვალაო, - წერს გაზეთი. - უკრაინაში იანუკოვიჩი გაპრეზიდენტდა, პოლონელებმა კი ურთიერთობა მოსკოვთან გადატვირთესო.

პოლონეთის კურსის შეცვლა, გაზეთის თქმით, იმის მანიშნებელია, რომ ერთადერთი რეალური კავშირი საქართველო-პოლონეთს შორის ანტირუსული განწყობებით იყო განსაზღვრულიო. გაზეთის თქმით, თუ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობიდან რუსულ ფაქტორს ამოიღებ, კარგად ჩანს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არც იმდენი რამაა საერთოო.

კომოროვსკის პრაგმატიკამ ჩაანაცვლა იდეოლოგიურ-ემოციური ეპოქა, რომელსაც სათავეში კაჩინსკი ედგაო: ”საქართველო პოლონეთისთვის გახდა ის, რაც უნდა იყოს - შორეული ქვეყანა, რომელიც ნაციონალურ ინტერესებს ემიჯნება. რუსეთი კი გახდა მეზობელი და პარტნიორი, რომელთანაც, ბოლოს და ბოლოს, იწყება სრულფასოვანი დიალოგი და ამ დიალოგის შეწყვეტა არაპროგნოზირებადი, ”იმპერიასთან მებრძოლი კავკასიელის” მორიგი კაპრიზების გამო პოლონეთის ხელმძღვანელობას არ სურსო.

„უკან, საბჭოთა კავშირში“ - აქვეყნებს დღევანდელი „ნეზავისიმაია“ სტატიას პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთისა და ზოგიერთი რესპუბლიკის დაძმობილების ახალ ტენდენციებზე, სომხეთში რუსული ჯარების ყოფნის კიდევ ორმოცდაათწლიან ვადაზე, სოჩში ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც თქმულა: ”ურთიერთობები დაუბრუნდა კონსტრუქციულ დინებასო”. რიგში დგანან ლუკაშენკოს ბელორუსია, ყირგიზეთი, თურქმენეთი, რომელიც, სტატიის მიხედვით, განსაკუთრებულ პრობლემებს რუსეთს არასდროს უქმნიდაო. მეორე მხარეს, გაზეთის თქმით, გუამი დგას - პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გამოკვეთილი ანტირუსული პოლიტიკით: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი. უკრაინას რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურსო. მოლდავეთის ლიდერი ახლახან თბილისში ყოფილა და, გაზეთის ინფორმაციით, სააკაშვილთან უსაუბრია საფრთხეზე, რომ კომპარტიული ძალები შესაძლოა ხელისუფლებაში მოხვდნენო. სააკაშვილი, გაზეთის ვარაუდით, შეჰპირებია, რომ „არჩევნების დროს სადამკვირვებლო რაზმებს გაგზავნის“. ეს ის რაზმებია, რომელთა ნეიტრალიზება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდაო, წერს „ნეზავისიმაია“. აზერბაიჯანის ანტირუსული განწყობების განხილვა სერიოზულ სირთულეს წარმოადგენსო, წერს გაზეთი. რაც შეეხება საქართველოს, აქ ბალანსის აღსადგენად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედარებით პრორუსულმა ბურჯანაძემ თუ გაიმარჯვა, ყველაფერი მომზადდება იმისთვის, რომ „სუვერენული ზელოიალური რესპუბლიკების კავშირი“ შეიქმნასო (რუსულად - „Союз Суверенных Сверхлойяльных Республик“).

თუმცა ამ თეორიას „ნეზავისიმაიას“ ინტერნეტსივრცეში პატარა ბზარი აქვს - ბზარი მოსკოვსა და სოხუმს შორისო, - წერს გაზეთი…როგორც ჩანს, აფხაზეთთან დათბობის პოლიტიკა არ მუშაობს… დღევანდელივე „ნეზავისიმაიას“ სტატიის მიხედვით, აფხაზეთს არ სურს რუსეთს პლაჟები გადასცეს…საკითხი საკუთრებას ეხება, შესყიდულ მიწებს, სანატორიუმებს და პლაჟებს, რომლებიც, გაზეთის ინფორმაციით, რუსი მფლობელების ხელშია. ახლა აფხაზეთს არ სურს მათ ეს საკუთრებები დაუკანონოსო: ”შესყიდვა- გაყიდვები ჩატარდა იმ დროს, როცა აფხაზეთი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მისი მიღების შემდეგ კი აფხაზეთს არ სურს აღიაროს ეს გარიგებები, რომელთა ძალითაც მთელი კურორტული ზონა რესპუბლიკისა რუსული ხდება”. როგორც გაზეთი წერს, ექსპერტთა ვარაუდით, ეს მხოლოდ დასაწყისია აფხაზეთის ”დეკოლონიზაციისა”.
XS
SM
MD
LG