Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერის დაბადება


ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ოპერა როგორც ჟანრი, სრულიად შემთხვევით წარმოიქმნა და რომ იგი გენიალური შეცდომის შედეგია. აღორძინების ეპოქაში ანტიკური ბერძნული ტრაგედიით გატაცებულ ხელოვანებს ტრაგედიის პირვანდელი სახის აღდგენა უნდოდათ. მათ, რასაკვირველია, იცოდნენ, რომ ანტიკური ტრაგედიის ქოროს პარტიები მუსიკის თანხლებით სრულდებოდა, თუმცა არ იცოდნენ, ჰქონდა თუ არა მუსიკალური გაფორმება დრამატულ პარტიებს.

ძველი ბერძნული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო როგორც გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა, ასევე მუსიკალური მახვილი, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ტრაგედიის დრამატულ პარტიებსაც დღევანდელი გაგებით მუსიკალური ჟღერადობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, აღორძინების ხანის კომპოზიტორებმა ლიბრეტოს დრამატულ პარტიებს მუსიკა დაადეს და შექმნეს ის ფორმა, რომელსაც დღეს ჩვენ რეჩიტატივს ვუწოდებთ.

დროთა განმავლობაში რეჩიტატივები არიებში, დუეტებში და მთელ ანსამბლებშიც კი გადაიზარდა. სხვათა შორის, ამ ექპერიმენტატორთა შორის გალილეო გალილეის მამაც კი გახლდათ, თუმცა მისი შექმნილი საოპერო ოპუსი ისტორიას არ შემორჩა. ამ ექსპერიმენტის პირველი შედეგი იყო ჯაკოპო პერის მუსიკალური დრამა “დაფნე”, რომელიც ოტავიო რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შეიქმნა. მისი პრემიერა 1594 წელს ფლორენციაში შედგა. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1660 წელს დაიდგა.

ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი "ოპერა" მხოლოდ მე-18 საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ აღორძინების ეპოქის ცნობილი კომპოზიტორი მონტევერდი წერს ოპერას “ორფეოსი” და, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ნაწარმოებიდან იწყება ოპერის ისტორიაც.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპერა ანტიკური ტრაგედიის მიბაძვა იყო, პირველი ოპერების უმრავლესობა ანტიკური მითების სიუჟეტებზეა შექმნილი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერა ცდება ანტიკური ტრაგედიის ჩარჩოებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მისი ლიბრეტოებიც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე იქმნება და საოპერო ნაწარმოებებსაც უკვე ოპერისთვის სპეციალურად აგებულ შენობებში დგამენ.

ანტიკური თემატიკისკენ შემობრუნება მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება ჰენდელისა და გლუკის ნაწარმოებებით. და ახალი ოპერის დაბადება სწორედ გლუკის “ორფეოსსა და ევრიდიკეს” უკავშირდება.

ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ სწორედ გლუკის რეფლექსიაა მოცარტის, როსინის, ვერდის, ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის შემოქმედება.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG