Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტს გადაეცემა


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ახალი კონსტიტუციის პროექტს პრეზიდენტს სავარაუდოდ დღეს, 20 ივლისს გადასცემს. პრეზიდენტმა კი, პროცედურის თანახმად, პროექტი პარალემენტს უნდა წარუდგინოს, სადაც ის სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. თუმცა თავდაპირველად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პროექტის შესვლისას, უნდა შეიქმნას კომისია, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა. ამ პროცესისთვის მინიმუმ ერთი თვეა საჭირო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, პლენარულ სხდომაზე, 19 ივლისს უყარა კენჭი. პროექტი დამტკიცდა 44 ხმით 3-ის წინააღმდეგ. ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირეს: ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იზრდება არა პარლამენტის, არამედ მთავრობის როლი და, აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, საკანონმდებლო ორგანო უუფლებო გამოდის ბევრი საკითხის გადაჭრისას. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით კი, ძირითადი მიზანი მიღწეულია და პროექტში გამოსწორებულია ”დისბალანსი”, რომელიც ”დღეს არსებობს პრეზიდენტის ხელისუფლების სასარგებლოდ” და უფლებები გადანაწილებულია მთავრობაზე და პარლამენტზე. კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან მიმართებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც მე-3 სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG