Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „თრიალეთი“ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს


ტელეკომპანია თრიალეთის ოფისი, გორი
ტელეკომპანია თრიალეთის ოფისი, გორი
ტელეკომპანია თრიალეთმა 26 ივნისის შემდეგ ადგილობრივი პოლიციელები ზეწოლაში არაერთხელ დაადანაშაულა. 10 დღის წინ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით, კამერა დააბრუნეს, მაგრამ გადაღებული მასალა წაშლილი აღმოჩნდა.

პოლიციას ზეწოლაში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილიც ადანაშაულებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 45 წუთის განმავლობაში უსაფუძვლოდ გააჩერა. იგი ჯერ სიმთვრალის ტესტზე შეამოწმეს, და მას შემდეგ, რაც ნასვამი მდგომარეობა არ დადასტურდა, ეკიპაჟის წევრები ალთუნაშვილი და ასლანიშვილი ავტომანქანის საბუთებით დაინტერესდნენ. საპატრულო პოლიცია არკვევდა, იყო თუ არა მანქანა მონაცემთა ბაზაში. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ნანეტაშვილი ამბობს, პოლიციელები მას ცინიკურად და დამამცირებლად მიმართავდნენ.

ცნობისათვის: ნანეტაშვილს “ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანა უკვე წლებია ჰყავს და აქამდე პრობლემა არ შექმნია. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, პატრულმა ტელეკომპანიის დამფუძნებელი გაუშვა. ამ ქმედებას ნანეტაშვილი მასზე და ტელეკომპანიაზე ზეწოლის მორიგ ფაქტად აფასებს. მისი აზრით, საპატრულო პოლიცია სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის დავალებას ასრულებს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაზე ზეწოლა არაერთხელ, მას შემდეგ განხორციელდა, რაც თრიალეთმა მაესტროს გადაცემების რეტრანსლირება დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია: “სამართალდამცავებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ გამახვილებული თრიალეთის თანამშრომლებზე. ტელეკომპანიის შენობასთან მუდმივად დგანან სპეცსამსახურების ავტომანქანები, რაც ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე”.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი კატეგორიულად უარყოფს თრიალეთზე ზეწოლის ფაქტს. მისი თქმით, საპატრულო პოლიცია სრულიად სხვა სამსახურია, სხვა ხელმძღვანელით, რომელსაც ვერაფერს დაავალებს. ჯუღელი აცხადებს, რომ ”თრიალეთთან” არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მათი ბრალდება აბსურდულია. პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი და მისი ჟურნალისტები საკუთარი მანქანით არაერთხელ წაუყვანია გადაღებაზე, რათა ადგილობრივ ტელევიზიასაც ჰქონოდა ის მასალები, რასაც სხვა დანარჩენი არხები იღებდნენ.

სამართალდამცავების მიერ პირველი ზეწოლის შემთხვევა 26 ივნისს, სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს მოხდა, როცა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ვიდეოკამერა წაართვეს, გადაღებული მასალა წაუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტის შემდეგ ”თრიალეთმა” გორის საოლქო პროკურატურაში საჩივარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლის გამო შეიტანა, მაგრამ ამ დრომდე არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც გამოძიებაა დაწყებული.

ტელეკომპანია ”თრიალეთი”, სპეციალური განცხადებით, სიტყვის თავისუფლების დასაცავად მხარდაჭერისთვის მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG