Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გავრცელებული იყო ანტიკურ ხანაში ჯვარცმა?


იესოს ჯვარცმა ქრისტიანული რელგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მაგრამ რამდენად გავრცელებული იყო სასჯელის ეს ფორმა ანტიკურ ხანაში? ენციკლოპედიები, თეოლოგიური ნარკვევები და ბიბლიის კომენტარები ჯვარცმას წარმოადგენს, როგორც საშინელ, დამამცირებელ და ანტიკურ ეპოქაში სიკვდილით დასჯის ფართოდ გავრცელებულ ფორმას. შვედი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს ამ მოსაზრებას. ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, წყაროები არ ადასტურებს, რომ ჯვარცმა ხშირად გამოიყენებოდა.

„უცნაურია, რომ ჯვარცმით სიკვდილით დასჯის შემთხვევათა აღწერას ვერ ვხვდებით ანტიკურ ლიტერატურაში“, ამბობს გუნარ სამუელსონი გეტებორგის უნივერსიტეტიდან. „წყაროები, რომლებშიც მოსალოდნელი იყო ამ მოვლენის შესახებ ცნობების მოპოვება, სინამდვილეში არაფერს ამბობენ.“ სამუელსონმა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ბერძნული, ლათინური და ებრაულ-არამეული წყარო შეისწავლა - ჰომეროსიდან მოკიდებული ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ტექსტებით დამთავრებული.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ არსებობდა დასჯის მრავალრიცხოვანი ვარიანტები, რომელთა დროს ბრალდებულს სხვადასხვა სახით კიდებდნენ. ხშირად ეს ჩამოკიდება და მასთან დაკავშირებული წვრილმანები - გამოყენებული აღჭურვილობა თუ ობიექტები - დეტალურად არის ხოლმე აღწერილი. ცხადი ხდება, რომ ანტიკურ ხანაში ადამიანი გამორჩეულ გამომგონებლურ ნიჭს ავლენდა, როცა საქმე დასჯის სასტიკ მეთოდებს ეხებოდა. მაგრამ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ აღწერილობებში ვერ ვპოულობთ ჯვარცმას. ის ჩნდება იესოსთან დაკავშირებულ მოვლენებთან კავშირში და ისიც, არც ისე დეტალურად.

„აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯვარცმის შესახებ ჩვენი წარმოდგენები ეჭვქვეშ შეიძლება დავაყენოთ,“ ამბობს სამუელსონი. გამოკვლევის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს იესოს ჯვარცმის შესახებ გადმოცემებს. მისი თქმით, ახალი აღთქმა მის შესახებ იმდენს არ გვეუბნება, რამდენიც გვინდა, რომ გვჯეროდესო.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG