Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაული და სასჯელი


რუსთავის სასჯელთაღსრულების დაწესებულება
რუსთავის სასჯელთაღსრულების დაწესებულება
სხვადასხვა მონაცემების თანახმად, საქართველო მსოფლიოში პატიმართა რაოდენობით - 25 ათასი პატიმარი, მოსახლეობაზე გადაანგარიშებით - მოწინავე რიგებშია. რას ნიშნავს მაღალი პატიმრობის რიცხვი პატარა ქვეყნისთვის? რადიო თავისუფლება ”სასჯელის არსის შესახებ კონფერენციას” დაესწრო, სადაც ნორვეგიელებმა, რომელთაც მსოფლიოში პატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ლოგიკურია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მინდა თავად განსაჯოთ რამდენად სანდოა ლოგიკა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, რომელზეც ნორვეგიელი პროფესორი ნილს კრისტი გვიამბობს:

სოციალიზაციის მხრივ, რაც უფრო დიდი ხანი გყავს ადამიანი ციხეში, მით უფრო ძნელია მისი უკან დაბრუნება.
„ნამდვილ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ვიყავი სტუდენტებთან ერთად. საკონცენტრაციო ბანაკთან - იქ, სადაც ლიანდაგი მთავრდება - სახრჩობელა დგას, რომელზეც ბანაკის ხელმძღვანელი ჩამოახრჩვეს. ერთი მეთაური და მილიონობით მსხვერპლი - რამდენად სამართლიანია ეს? დაუსრულებლად რომ ჩამოახრჩო და ჩამოახრჩო ეს მეთაური, რამდენად შეძლებ ბალანსის მიღწევას?“

პროფესორი კრისტი ამ მაგალითით ცდილობს სასჯელის აბსურდულობას გაუსვას ხაზი. მე არ ვარ აბოლიციონისტი, ამბობს კრისტი, რაც სრულ დაუსჯელობას გულისხმობს, თუმცა ვარ მინიმალისტი, სასჯელის მინიმალიზაციის მომხრე. ლოგიკა ნორვეგიელებს მარტივი აქვთ. ნორვეგიელი მოსამართლე ივერ იუტფელდი ამბობს:

„სოციალიზაციის მხრივ, რაც უფრო დიდი ხანი გყავს ადამიანი ციხეში, მით უფრო ძნელია მისი უკან დაბრუნება.“

თუმცა საქმე არა მარტო სასჯელის ზომაშია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მიდგომაში, რომელიც საზოგადოებას სასჯელის მიმართ აქვს, რადგან სასჯელის გაზრდით ბალანსის მიღწევა, როგორც ზევით მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ხშირად შეუძლებელია. გამოსავალი კულტურა, საღი აზრი და ფუნდამენტური ფასეულობების ინტეგრირებაა სასჯელაღსრულების სისტემაში, ფიქრობს პროფესორი კრისტი:

გლდანის სასჯელთაღსრულების დაწესებულება
„როცა ბოლოს საქართველოში ვიყავი, ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს ვესაუბრე. ის ქართულ ტრადიციებზე მიამბობდა დაუსრულებლად. მე ვკითხე, კარგი, ვთქვათ, ის ადამიანი, რომელსაც იცნობ, ჩამოდის თბილისში, გაჭირვებაშია და დასარჩენი ადგილი არა აქვს, რას იზამ-მეთქი?

რა თქმა უნდა, კარებს გავუღებო, მიპასუხა მან. მაშინ ვკითხე, თუ, თქვენი ტრადიციებით, შეგიძლიათ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროთ,რატომ გაქვთ ამდენი ციხე-მეთქი?

ერთი შეხედვით, ამ იდეალისტური მიდგომის მიღმა ნორვეგიის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პატიმრობის მაჩვენებელი დგას. ქვეყანა, მოსახლეობის რიცხვის მიხედვით, დაახლოებით საქართველოსოდენაა, პატიმართა რაოდენობა კი იქ თითქმის ათჯერ ნაკლებია. ნორვეგია ევროკავშირის წევრია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა ევროპაში. თუმცა ქართულ დელეგაციაში, რომელსაც ნორვეგიელი პროფესორი ესაუბრებოდა, პასუხისმგებლობის ტვირთს, ძირითადად, ხელმძღვანელობაში, მთავრობაში ხედავენ. მოსამართლე ომარ ჯორბენაძე:

„ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? რა თქმა უნდა, სახელმწიფომ.“

იყო სხვა შეკითხვებიც, მსგავსი შინაარსის:

„რა რეკომენდაციებს მისცემდით ჩვენს ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით?“

საქართველოს სოციალური და კულტურული მოწყობა იძლევა პოტენციალს აირჩეს სხვა გზა, რესოციალიზაციის გზა ...
პასუხები ამგვარ კითხვებზე არაპირდაპირია: საბჭოთა გავლენებს თავი დააღწიეთ, რესოციალიზაციაზე იფიქრეთ, გადახედეთ არსებულ ლოგიკას. მოიყვანეს მაგალითი, როცა ნორვეგიაში დამნაშავეს და მსხვერპლს ერთმანეთს ახვედრებენ:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, გავიგო რა მოხდა, გავიგო რატომ ჩაიდინა მან, რაც ჩაიდინა, და არა ის, რომ ვნახო ის ტანჯვაში ჩავარდნილი.“

ასეთი მიდგომების შედეგი უკვე ვახსენეთ: ათჯერ ნაკლები პატიმარი ქვეყანაში. თუმცა მსგავსი შედარების მოყვანა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განვითარების დონე პატიმართა რაოდენობასთან პირდაპირ კავშირში არაა, რადგან, მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პატიმრობისა. ჩვენ ამ ფაქტზე მოსაზრება პროფესორ კრისტს ვკითხეთ. პასუხი ასეთი იყო:

„მობილურობა, ფული, კაპიტალიზაცია... ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ადამიანები საკუთარ მეზობელს არ იცნობენ. შესაბამისად, კონფლიქტების დამრეგულირებელი მხოლოდ სასჯელია. საქართველოს სოციალური და კულტურული მოწყობა იძლევა პოტენციალს აირჩეს სხვა გზა, რესოციალიზაციის გზა. აქ თქვენ ერთმანეთს იცნობთ, სოციალურ კავშირებში ხართ ჩაბმული და ხშირად ფიქრობთ: ისიც ისეთივე ადამიანია, როგორიც მე.“

რა გზას აირჩევს საქართველოს პენიტენციალური სისტემა? რეფორმა 2013 წლამდეა გაწერილი. სწორედ ამ დროისთვის უნდა გამოიკვეთოს ძირითადი მიდგომები დანაშაულის შინაარსის მიმართ.
XS
SM
MD
LG