Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაში?


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა
სამთავრობო ცვლილებებზე პრესა რამდენიმე კვირაა საუბრობს, თუმცა მთავრობა ჯერჯერობით ჩუმადაა. რატომ დგება მინისტრთა შეცვლის საკითხი და რამდენად ჩართულია საზოგადოება ამ პროცესში?

„სამთავრობო ცვლილებების განხორციელება მიმდინარე კვირაში იგეგმება“ - რადიო „კომერსანტი“. „მედია და საზოგადოება ახალი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში არიან“ - გაზეთი „ახალი შვიდი დღე“. „გადახალისება მოსალოდნელია სამშაბათს“ - საქართველოს მედიაცენტრი.

„ინტერპრეს ნიუსის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს 22 ივნისს ვარაუდობს“ – „24 საათი“. მედიის ხმაურის ფონზე რეალური ინფორმაცია მთავრობის მხრიდან, მაგალითად, გიორგი ხუროშვილის დღევანდელი ტელეგანცხადებით შემოიფარგლება:

„იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რომლებიც აქვს ხელისუფლებას, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა, რომ განხორციელდეს სტრუქტურული ცვლილებები. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, რაზედაც ჩვენ მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას.“

რა პრიორიტეტები აქვს მთავრობას და რის მიხედვით ხდება კადრების შერჩევა? რა იწვევს მათ ცვლას და რამდენად გადაწყვეტს ეს ცვლა არსებულ პრობლემებს? საზოგადოებას მსგავს შეკითხვებზე პასუხი მანამდე უნდა ჰქონდეს, ვიდრე მინისტრის გადაყენების საკითხი დადგება, მიაჩნია სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის თანახელმძღვანელს ნიკო მელიქაძეს:

„ჩვენ უნდა გვესმოდეს რა ხდება, რატომ, რის გამო, რა არის მის ზურგს უკან, რატომ გახდა აუცილებელი და, ამის შემდეგ, ასეთი არჩევანი რას ეფუძნება, რატომ არის ეს ახალი გადაწყვეტილება გამოსავალი იმ პრობლემებიდან, რომლებიც წარმოიშვა ძველი კანდიდატურის პირობებში.“

მეორე მთავარ საფრთხედ საქართველოს რეალობაში არა თავად მინისტრების ცვლას, არამედ იმ სტრუქტურულ ცვლილებებს ასახელებენ, რომლებიც მინისტრების ცვლას ახლავს, ანუ მოდის ახალი მინისტრი და მთლიანად იცვლება გუნდი - როგორც აქ ამბობენ, ყველას თავისი ხალხი მოჰყავს. პროფესორი თორნიკე შარაშენიძე:

„მტკივნეული არის საჯარო მოხელეებისთვის, რომელნიც სტაბილურად ვერ გრძნობენ სამსახურში თავს და ამის შემდეგ რთულდება, რომ ნიჭიერი და გამოცდილი ხალხი დავაბათ საჯარო სამსახურში. ეს არის უპირველესი პრობლემა, რაც ახლავს ხშირ ცვლილებას მინისტრებისა, რომელსაც მოჰყვებოდა აქამდე სამინისტროების გადახალისება მთლიანად.“

თუ თორნიკე შარაშენიძის არგუმენტს გავყვებით და დავუშვებთ იმასაც, რომ ამ ცვლილებებს პროფესიონალებიც ეწირებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილებები არა თემების, საკითხების გარშემო ხდება, არამედ პიროვნებებთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციით, თავად პიროვნებები, ანუ მინისტრები, პრეზიდენტის გავლენის ქვეშ არიან. მათ აქვთ მუშაობის სრული თავისუფლება, მაგრამ, იმავე კონსტიტუციით, პრეზიდენტს აქვს მათი ერთპიროვნულად გადაყენების უფლება. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ საკითხი საზოგადოების მსჯელობის საგანი არ არის და თუ ცვლილებები, როგორც გიორგი ხუროშვილი ამბობს, პრიორიტეტულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტებს არა საზოგადოება, არამედ ცენტრალიზებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. ზოგს მიაჩნია, რომ პატარა ტრასფორმაციული ქვეყნისთვის ეს აუცილებელია, თუმცა არიან ისეთები, ვინც ამ ცენტრალიზაციას სერიოზულ შეცდომებს უკავშირებს.
XS
SM
MD
LG