Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი სასწავლებლები დღგ–ს აპროტესტებენ


საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი
საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრება. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციით, გადასახადის შემოღება იმისათვის გახდა საჭირო, რომ მეწარმეებს საგადასახადო ტვირთი არ გაზრდოდათ და ბიუჯეტში ბალანსი შენარჩუნებულიყო. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა კოდექსში შესატანი შესაძლო ცვლილება უკვე გააპროტესტეს. რა საფრთხეს ხედავენ სასწავლებლების ხელმძღვანელები კოდექსის ცვლილებაში?

ამან შეიძლება გამოიწვიოს სწავლის საფასურის გაძვირება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 10 პროცენტი ან ცოტა უფრო ნაკლები ...
ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც 2011 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ახლა განხილვის სტადიაშია. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, კოდექსის კონცეფცია 98 პროცენტით იცვლება. ეს ცვლილებები შეეხო უმაღლეს სასწავლებლებსაც, რომლებიც აქამდე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებული იყვნენ.

კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ მთავრობას ახალი გადასახადების შემოღება აერიდებინა თავიდან, რამდენიმე სფერო, რომელიც აქამდე დღგ-გან გათავისუფლებული იყო, ახლა დაიტვირთება:

კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
”გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვუკლებთ გადასახადს, ბევრ მცირე მეწარმეს, და უნდა მოხდეს გამოთანაბრება, კომპენსაცია ამ კლების, რათა ის ბიუჯეტზე არ აისახოს უარყოფითად და, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ან ახალი გადასახადი არ შემოგვეღო, ან გადასახადი არ გაგვეზარდა, გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით დაბეგვრის, ანუ დღგ-ს, ზრდის გზით და ეს შეეხება განათლების სისტემას და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზების ზრდას.”

კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ამ სიახლეს უკმაყოფილებით შეხვდნენ. თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ამბობს, რომ ეს პირდაპირ აისახება სწავლის საფასურზე:

”დამატებითი ღირებულების გადასახადი უწესდებათ მომხმარებლებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სწავლის საფასურის გაძვირება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 10 პროცენტი ან ცოტა უფრო ნაკლები. სხვა სასწავლებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენით გაიზრდება საფასური.”

ძალიან ცოტაა საქართველოში ”გადახდისუნარიანი და სწავლებაზე ორიენტირებული ხალხი და თუკი ასეთ ჩიხში მოვაქცევთ მათ, ძალინ გაუჭირდებათ ...
კიდევ ერთი კერძო უმაღლესი სასწავლებლის – ”კავკასიის უნივერსიტეტის” – ვიცე–პრეზიდენტი ნანა სამხარაძე სწავლის გადასახადის გაძვირების პარალელურად კიდევ ერთ დაბრკოლებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლებლის მთლიანი შემოსავლის თითქმის 5 პროცენტი გადასახადებში წავა, უნივერსიტეტს ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ლექტორების მოწვევა გაუჭირდება. ეს კი სწავლის ხარისხზე უარყოფითად აისახება:

”ძალიან ცოტაა საქართველოში ”გადახდისუნარიანი და სწავლებაზე ორიენტირებული ხალხი და თუკი ასეთ ჩიხში მოვაქცევთ მათ, ძალინ გაუჭირდებათ. თავის მხრივ, ინივერსიტეტს ძალინ ბევრი რამის გაკეთება სჭირდება. ეს არის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, მოწვეული ლექტორები, რაც ძალიან ძვირი ჯდება და, თუ თანხების ნაკლებობა იქნება, ამ ყველაფერზე ეს უარყოფითად აისახება და, ფინანსურ ჩიხში თუკი მოვექცევით, უნივერსიტეტს გაუჭირდება.”

მთავრობა დაბეგვრის სფეროების ზრდით დეფიციტური ბიუჯეტის შევსებას ცდილობს, ამბობს ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. მისივე ინფორმაციით, დღევანდელ ბიუჯეტში დეფიციტი 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. კითხვას, თუ რა თანხით შეიძლება შეივსოს ბიუჯეტი უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრით, დავით ნარმანია ასე უპასუხებს:

”სტატისტიკა არ არსებობს, რამდენია ბიუჯეტის შემოსავლებში უმაღლესი სასწავლებლების წილი. თუმცა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე მაინც იქნება საუბარი, მინიმუმ”, - ამბობს დავით ნარმანია.

საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, დღგ-ს გადახდა მოუწევთ სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო სუბსიდიას არ გაზრდის, სწავლის საფასური გაიზრდება, მაგრამ იგი მაინც იმედოვნებს, რომ კოდექსში ცვლილება იმ სახით არ შევა, როგორადაც იგია წარმოდგენილი და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს გადასახადი არ დაუწესდებათ. აი, რას ამბობს გიურგი ხუბუა:

გიორგი ხუბუა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
”შეიძლება ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დიფერენცირებულად განიხილოს კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და ეს ნამდვილად არ იქნება თანასწორობის პრონციპის დარღვევა, მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის განათლება არ არის მხოლოდ ბიზნესი და ზოგადად განათლება არ არის მხოლოდ ინდუსტრია და მხოლოდ მოგების მიღების წყარო. კერძო უმაღლესი სასწავლებლები განათლებას სწორედ მხოლოდ ამ ჭრილში უყურებენ და, ამდენად, ისინი არასოდეს არ განავითარებენ იმ დარგებს, რომლებიც წამგებიანია კომერციული თვალსაზრისით, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. ”

ამჟამად კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საპასუხოდ წერილს ამზადებს და იმედოვნებს, რომ მათ პოზიციას გაითვალისწინებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG