Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა


კომპანია apple-ის პრეზიდენტი სტივ ჯობსი საკუთარ კომპანიაში ექსკურსიას – არც მეტი, არც ნაკლები – რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს მოუწყობს. ამაზე „გაზეტა რუ“ წერს სტატიაში, სახელწოდებით „ვიზიტი აიფონის ხელში ჩასაგდებად“. „გაზეტა რუს“ მიხედვით, ოფიციალურად გაყიდვამდე ერთი დღით ადრე მედვედევს მისი ამერიკული ვიზიტის დროს მეოთხე თაობის მობილურ ტელეფონს – iphone-ს – აჩუქებენ. სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტი ტექნოლოგიის ბუდეს, სილიკონის ველს, მოინახულებს, ნაკლები იქნება საუბარი შეიარაღებაზე და მეტი – ტექნოლოგიასა და განიარაღებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სინქრონში. რუსულ პრესაში საუბრები გრძელდება სკოლკოვოს ინოვაციურ ტერიტორიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ: სკოლკოვო ეკონომიკური ზონაა, რომელშიც განსხვავებული ეკონომიკური და საკანონმდებლო ჩარჩო იმუშავებს. მეტი თავისუფლება – მეტი ინოვაციისა და შემოქმედებითობისთვის. იდეა ამერიკულ სილიკონის ველს ჰგავს, თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს ფრაგმენტული თავისუფლება მთლიანი ქვეყნის მოდერნიზებას. ამ შეკითხვას „ნოვაია გაზეტა“ რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს არკადი დვორკოვიჩს აძლევს. დვორკოვიჩი უპასუხებს: ”ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ შევქმნით თავისუფალ პირობებს მთლიან ქვეყანაში. ყოველთვის საიდანღაც უნდა დაიწყო. დავიწყებთ იქიდან, რის გაკეთებაც დღეს შეიძლება და გავაგრძელებთ მოძრაობას წინ.” კითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას, დვორკოვიჩი ამბობს: ”რამდენიმე წელიწადი”. „ნოვაია გაზეტა“ ასევე წერს პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს ქვეყნის ტრანსფორმაციაზე უსაუბრია. „გასკდა წყლის ბუშტები, რომლებიც ქმნიდა აყვავების ილუზიას, რეალობას რომ ჰგავდა“, ამბობს მედვედევი უკანასკნელ ეკონომიკურ მსოფლიო კრიზისთან დაკავშირებით და ამ გადახალისების პირობებში, მისი თქმით, „რუსეთი უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც კეთილდღეობა განისაზღვრება არა ნედლი რესურსებით, არამედ ინოვაციური ეკონომიკით, ქვეყანა, სადაც ყველა ეცდება ჩამოსვლას საკუთარი ოცნებების ძებნაში.“ ამ სიტყვების მოსმენისას საერთაშორისო ინვესტორებს ტაში დაუკრავთ, თუმცა, „ნოვაია გაზეტას“ თქმით, აუცილებლად გაახსენდებოდათ ხოდორკოვსკის ისტორიაცო.

მე მჯერა რუსეთის რუსებზე მეტადო, ამბობს „ვედომოსტისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 110 მილიარდის აქტივების მქონე ავსტრიული ბანკის –„რაიფეისენის“ – საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი ჰერბერტ სტეპიჩი. ამის მიზეზად სტეპიჩი რუსეთის რესურსებსა და სიდიდეს ასახელებს. დიდი ბაზარია, უდიდესი პოტენციალითო. ნავთობი და რესურსები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, აძლევს მას საშუალებას თვითონ, საკუთარ ხარჯზე გამოერკვეს და სანამ ეს რესურსი აქვს, სწორი კურსი აირჩიოსო. ბანკი ბაზარზე 1996 წელს შესულა და მას შემდეგ ნაბიჯ–ნაბიჯ ცდილობს ფეხის მოკიდებას, არ დავტოვეთ ეს ბაზარი 1998 წლის კრიზისის დროსო. მსხვილი მოგების მიღების მიზნით ევროპულმა კომპანიამ ანკესი რუსულ ბაზარზე 15 წლის წინ ჩააგდო და მოთმინებით და რწმენით გრძელვადიან წარმატებას ელოდება. მე თავად რუსეთში ვცხოვრობ და მაგ ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებო ეუბნება ბანკირს „ვედომოსტის“ ჟურნალისტი. სტეპიჩს ეს არ უკვირს, სწორედ ამიტომ ამბობს, ”მე რუსეთის რუსებზე მეტად მჯერაო”. რისი სჯერათ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთ? „ნოვაია გაზეტაში“ მულტიპლიკატორი იური ნარშტეინი წერს: ”ჩვენ მივუტანეთ საკუთარი თავისუფლება ხელმძღვანელობას და ფეხებთან დავუდეთ, რაც გინდათ, ის გვიყავით, ოღონდ გვაჭამეთო”. ნარშტეინის აზრით, საზოგადოება მიეჩვია გაზის და ნავთობის მილებს, როგორც ჟანგბადის ბალიშებს: ”და აი, ის რომ გათავდება, რით ვისუნთქებთ? ” კითხულობს ნარშტეინი. მისი აზრით, კომფორმიზმი, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული საზოგადოებაში, ხელისუფლებას სულ უფრო რყვნის. აუცილებელია ღია დიალოგიო, ამბობს ნარშტეინი, მაგრამ აქვე კითხულობს, ვის აქვს ამის ძალაო? შევჩუკის შემთხვევა, ნარშტეინის აზრით, ერთეულია. ”ძალაუფლებასთან დიალოგი შესაძლებელია, თუმცა მისი წარმართვა ძლიერ, შინაგანად თავისუფალ ადამიანებს ძალუძთ”, ამბობს ნარშტეინი „ნოვაია გაზეტას“ ელექტრონულ გვერდზე.
XS
SM
MD
LG