Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობლიური ენა, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი


როცა ადამიანი თავისუფლად კითხულობს ინგლისურად, მაგრამ ეს ენა მისთვის არ არის დედაენა, ის საკუთარ ენაში არსებულ ინფორმაციებს მოიშველიებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა ჩინურ-ბრიტანული ჯგუფი, რომელმაც ერთ და ორენოვან ინგლისელებსა და ჩინელებს ჩაუტარა ცდები. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში "Journal of Neuroscience".

„ორენოვანი ადამიანები დედაენიდან ინფორმაციას მაშინაც მოიხმობენ, როცა ეს საჭირო არ არის. უფრო მეტიც: ისინი ამ ინფორმაციას მაშინაც მოუხმობენ, როცა ეს კონტრაპროდუქტიულია, ვინაიდან დედაენაში არსებული ინფორმაციები არ გვეხმარება, როცა უცხო ენაზე ვკითხულობთ ან უცხო ენას ვისმენთ,“ გვიხსნის გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიიომ ტიერი ბანგორის უნივერსიტეტიდან.

იმის დასადგენად, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ ენები ორენოვანი ადამიანის თავის ტვინში, მეცნიერებმა 90 პირი მიიწვიეს კითხვასა და სმენაში ცდებისთვის. 30 მათგანის დედაენა ჩინური იყო, 30-ისა ინგლისური, დანარჩენი 30 კი ზრდასრული ჩინელები იყვნენ, რომლებსაც 12 წლის ასაკში ჰქონდათ დაწყებული ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლა. ინგლისურენოვან პირებს ამასთან მისცეს დამატებითი ამოცანა. მათ სიტყვების გარკვეული წყვილების შემთხვევაში, როგორებიცაა, მაგალითად, “doctor” და “nurse” ანდა “teacher” და “rabbit”, უნდა განესაზღვრათ, იყო თუ არა ამ სიტყვებს შორის რაიმე შინაარსობრივი კავშირი ან მსგავსება. სანამ ცდის მონაწილეები ამოცანებს ასრულებდნენ, მათ თავებზე დამაგრებული ელექტროდები ტვინის რეაქციას აფიქსირებდნენ.

მეცნიერებს საცდელი პირებისთვის არ უთქვამთ, რომ ზოგიერთი სიტყვა, რომლებიც ინგლისურში მნიშვნელობის სრულიად განსხვავებულ ველებს განეკუთვნება, ჩინურში ძალიან ჰგავს ერთმანეთს ჟღერადობით. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ორენოვანი პირები ისევე სწრაფად ახერხებდნენ შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვების პოვნას, როგორც ამას ინგლისურენოვანი ან ჩინურენოვანი საცდელი პირები აკეთებდნენ. მაგრამ ცდამ დაადგინა, რომ ჩინურში ისეთ სიტყვებს აკავშირებდნენ ერთმანეთთან, რომლებსაც ინგლისურში არაფერი აქვთ საერთო. მაგალითად „გამოცდილება“ ჩინურად არის "jing yan". სიურპრიზი კი - "jing ya". თავის ტვინის ანალიზმა აჩვენა, რომ ჩინელები ინგლისურში ამ სიტყვებსაც აკავშირებდნენ ერთმანეთთან. ანუ მათზე მოქმედებდა ის, რომ ეს სიტყვები მათ საკუთარ ენაში მსგავსად გამოითქმის. მკვლევართა აზრით, ამ მექანიზმმა ზოგჯერ შეიძლება ხელი შეგვიშალოს უცხო ტექსტების გაგებაში.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG