Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სურთ უკრაინის ახალ მმართველებს?


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ გაატარებს მასშტაბურ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას სტაბილურობას და კეთილდღეობას მოუტანს. მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ამ გეგმების მიღმა ეკონომიკის დასუსტება და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება დგას. იანუკოვიჩს ხელისუფლებაში მოსვლიდან 100 დღე შეუსრულდა - შესამაბისად, ჩვენ დავინტერესდით, ვინ წყვეტს პოლიტიკას უკრაინაში და რა სურთ მათ სინამდვილეში.

ქვეყანაში, რომელიც უკიდურესად არის დასუსტებული ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული პოლიტიკური კრიზისით და ეკონომიკური არასტაბილურობით, ასეთი რამ საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამბობს, რომ სტაბილურობას და კეთილდღეობას დაამყარებს და ყოველივე ამას თავისი წინამორბედების მიერ გატარებული პროდასავლური პოლიტიკის შეცვლით მიაღწევს.

3 ივნისს, გაპრეზიდენტებიდან მეასე დღის დადგომის წინ სიტყვით გამოსვლისას, იანუკოვიჩმა კრიტიკული განცხადებები არ დაიშურა ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერთა მისამართით, რომლებმაც, მისი თქმით, ქვეყანა „გააჩანაგეს“. ამასთან, ახალმა პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის პრიორიტეტებზეც ილაპარაკა:

„მე გთავაზობთ ღრმა რეფორმებისა და ქვეყნის სისტემური მოდერნიზაციის კურსს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და ასრულებს ასე ძალიან საჭირო სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ახალ ტალღას.“

იანუკოვიჩის გეგმა ითვალისწინებს მასშტაბურ, ხუთწლიან პრივატიზაციის პროგრამას, კორუფციასთან ბრძოლას და საარჩევნო სისტემის შეცვლას.

თებერვალში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იანუკოვიჩმა უკვე მოასწრო გაეტარებინა ფართომასშტაბიანი ცვლილებები, რომელთა ძირითადი მიზანიც უკრაინის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა-გაუმჯობესება იყო. ამ ზომებს შორის იყო შავი ზღვის პორტ სევასტოპოლში რუსეთის ფლოტისთვის იჯარის ვადის გაგრძელება.

სანაცვლოდ, მოსკოვმა უკრაინას რუსული გაზის საფასური დაუკლო, რამაც კიევს შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი დაუზოგოს. ამ ნაბიჯით წერტილი დაესვა წინა ადმინისტრაციის მცდელობებს, შეემცირებინათ უკრაინის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება. მეტიც - ახლა უკვე რუსეთის გაზპრომისა და უკრაინის ნავთობის და გაზის კომპანიის შერწყმაზეც ისმის საუბრები.

3 ივნისს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პირველი ვერსია კანონპროექტისა, რომელიც უკრაინას „მიუმხრობელ“ სახელმწიფოდ აცხადებს. ამით შესრულდება იანუკოვიჩის დაპირება, რომ შეაჩერებდა ქვეყნის ნატოსკენ სვლას.

ამგვარი ნაბიჯები შესაძლოა პოპულარული იყოს უკრაინის ძირითადად რუსულენოვან აღმოსავლეთში, რომელიც მხარს იანუკოვიჩს უჭერს, მაგრამ ოპოზიცია, რომელსაც მხარდამჭერები, ძირითადად, პროდასავლური ორიენტაციის დასავლეთის რეგიონებში ჰყავს, აცხადებს, რომ იანუკოვიჩს სინამდვილეში რუსეთის დახმარებით უკრაინის ეკონომიკის დასუსტებისგან მოგების მიღება სურს.

მაგალითად, ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრი პარლამენტარის სერჰიუ სობოლევის აზრით, იანუკოვიჩის მთავარი მიზანია ძალაუფლება და ქონება გაუზარდოს იმ მეწარმე ოლიგარქებს, რომლებიც მას ემხრობიან და რომლებსაც რუსეთისგან იაფი გაზის მიღება ნებისმიერ ფასად სურთ:

„ცხადია, რომ დღესდღეობით რუსეთის ფედერაცია იაფ გაზს მხოლოდ ერთი რამის სანაცვლოდ იძლევა - სახელმწიფო საკუთრების მთავარი ობიექტების განიავებისთვის. საუბარია იმ ობიექტებზე, რომელთა მისაკუთრებაც მათ თავის დროზე ვერ მოასწრეს, კერძოდ კი, ნავთობზე, გაზზე, ბირთვულ ენერგეტიკასა და ავიამშენებლობაზე."

სობოლევის თქმით, ამგვარი პოლიტიკა მხოლოდ რამდენიმე გავლენიანი მილიარდერის ინტერესებში შედის - მათი, ვინც იანუკოვიჩს საარჩევნო კამპანია დაუფინანსა და ახლა კი ქვეყნის „ევროპული ღირებულებებისა და ევროპაში ინტეგრაციისგან“ ჩამოშორება სურს.

იმის შესახებ, რომ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოლიგარქები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ანალიტიკოსებიც თანხმდებიან. ამას ოლიგარქები პრეზიდენტის უშუალო გარემოცვის წევრების მეშვეობით ახერხებენ - პირველ რიგში საუბარია პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, 37 წლის პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის, სერჰიუ ლიოვოჩკინის შესახებ, რომელსაც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ოლიგარქი დმიტრო ფირტაში და ენერგეტიკის მინისტრი იური ბოიკო უმაგრებენ ზურგს.

მართლა სურს ლიოვოჩკინს უკრაინის დამოუკიდებლობა რუსეთის ინტერესებს შესწიროს? თავად ის ამას უარყოფს და ამბობს, რომ მოსკოვთან კავშირების გაუმჯობესება დასავლური ღირებულებების უარყოფას არ ნიშნავს:

„ევროპული ვექტორი პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ის.

იანუკოვიჩზე გავლენის მოხდენის საქმეში ლიოვოჩნიკის მთავარი კონკურენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჰანა ჰერმანია, რომელიც ერთ დროს რადიო თავისუფლების კიევის ბიუროს ედგა სათავეში. ახლა ის პრეზიდენტის რეფერენტი და იმიჯმეიკერია. ის ახლობლობს იანუკიოვიჩის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ბორის კოლესნიკოვთან და უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანთან, მეტალურგიული მრეწველობის მაგნატ რენატ ახმეტოვთან და, როგორც ამბობენ, პრეზიდენტთანაც ახლო ურთიერთობა აქვს.

ოპოზიციის კრიტიკას ჰერმანიც უარყოფს - ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან რუსეთთან კავშირების გაუმჯობესების მცდელობა ბუნებრივია. ევროპას მაინც არაფერში სჭირდება ღარიბი, კრიზისში მყოფი მეზობელიო, - ამბობს ის:

„ეს მხოლოდ სიტყვებია - სპეკულაციები. რა მივყიდეთ რუსეთს სინამდვილეში? ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო - უზარმაზარი ვალები, გაჩანაგებული ეკონომიკა, ხელფასის და პენსიის გარეშე მცხოვრები ხალხი. ქვეყანას რამე გზით უნდა ვუშველოთ. “

ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვთან გაიაფებულ გაზზე შეთანხმება, ნაწილობრივ, მართლაც პრაგმატული ნაბიჯი იყო, რომელიც ქვეყნის კრიზისში მყოფ ეკონომიკაზე ზეწოლის შესამცირებლად გადაიდგა. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ მთავრობა კრემლთან შავი ზღვის ფლოტის თაობაზე დადებულ შეთანხმებასაც პრაგმატულ ბიზნესგარიგებად აღიქვამს და არა გეოსტრატეგიულ ნაბიჯად.

მაგრამ სხვები მიუთითებენ, რომ მთავრობას არაფერი გაუკეთებია დაპირებული ეკონომიკური რეფორმის დასაწყებად. იანუკოვიჩი აცხადებდა, რომ განაახლებდა მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც შარშან შეაჩერა უკრაინისთვის გამოყოფილი 16.4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკებაც ჩიხში შევიდა სოციალური ხარჯებისა და ეკონომიკური რეფორმის შესახებ უთანხმოების გამო.

ოპოზიციონერი დეპუტატის, სობოლევის თქმით, მთავრობა, ეკონომიკის ნაცვლად, „კულტურულ“ საკითხებზე ახდენს კონცენტრაციას, რაც „უკრაინული ეროვნული იდენტობის მინიმალიზაციას იწვევს.“

სასამართლოებმა გააუქმეს იანუკოვიჩის წინამორბედის, ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილება ორი ანტიკომუნისტი ნაციონალისტი ფიგურისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების თაობაზე. ამასთან, იანუკოვიჩის რეგიონების პარტია რუსული ენის სტატუსის გაძლიერებაზეც მუშაობს.

სობოლევის თქმით, ამაზე კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია მთავრობის მხრიდან სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობა - პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დანიშვნისა და მათი დათხოვნის უფლების მინიჭებით.
სობოლევი აცხადებს, რომ, ყველაფერთან ერთად, ჰანა ჰერმანი კრიტიკის ჩახშობასაც ცდილობს მედიასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესზე ზეწოლით:

„ის ძალიან აქტიურ გავლენას ახდენს იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლების ცნება უკრაინაში რაც შეიძლება მალე მიეცეს დავიწყებას, რომ გაზეთებსა და მედიის სხვა საშუალებებში ბატონ იანუკოვიჩზე მხოლოდ ის იწერებოდეს, რაც ქალბატონ ჰერმანს და ბატონ იანუკოვიჩს ესიამოვნებათ.“

იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინაში ცენზურის დაწესებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევების შესახებ ცნობების გავრცელებას 3 ივნისს შეშფოთებით გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

ჰერმანი მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ყველა უკრაინელმა - სადაც უნდა ცხოვრობდეს და რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდეს - თავი ერთნაირად კომფორტულად იგრძნოს.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტს, მასშტაბური დაპირებებით გამოსვლის მიუხედავად, უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ იანუკოვიჩი ანელებს პოლიტიკის შეცვლის კურსს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მთავრობას „რუსეთზე სრული დამოკიდებულება“ არ სურს და ცდილობს მოიფიქროს, როგორ შეიძლება დაბალანსდეს თანამშრომლობა როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთის ქვეყნებთან.

ახლახან იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ მხარი დაუჭირა ნატოს ძალებთან ერთობლივი წვრთნების გამართვას - ნაბიჯს, რომელსაც წინა ადმინისტრაციის დროს ოპოზიციაში მყოფი ეს პარტია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

„ადმინისტრაციას არ სურს მოსკოვს მთლიანად მიეყიდოს“, - ამბობს კიევის გლობალური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორი ვადიმ კარასოვი და დასძენს, „მას ესმის, რომ არსებობს საშიშროება, მოსკოვმა უკრაინა, უბრალოდ, იყიდოსო.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG