Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის სრულფასოვანი პარტნიორი


დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი
დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტი
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით მეზობელ უკრაინას. ამასთან, ის უკვე მეშვიდედ შეხვდა უკრაინის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს თებერვლის შემდეგ, როცა უკრაინაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვება სწორედ იანუკოვიჩს მოუტანა. იანუკოვიჩი კი კრემლთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა, რაც, მედვედევთან ხშირ შეხვედრებთან ერთად, მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმებით გამოიხატა.

„რუსეთს, ბოლოსდაბოლოს, გამოუჩნდა სრულფასოვანი უკრაინელი პარტნიორი“, - ეს სიტყვები პრეზიდენტ მედვედევს ეკუთვნის განმარტებასთან ერთად, რომ იგულისხმება „ნორმალური“ ხელმძღვანელობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს კიდეც... საუბარია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, მის გუნდთან, მის მთავრობასთან ერთად.

თვით იანუკოვიჩმა კიევში რუსი კოლეგის ვიზიტის პირველივე დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ რუსეთთან მჭიდრო კონტაქტებს მიიჩნევს ერთადერთ სწორ პოლიტიკურ კურსად: „როდის ყოფილა დაპირისპირების პოლიტიკა ეფექტიანი? ჩემთვის უცნობია ქვეყანა, რომელიც ასეთი პოლიტიკის ხარჯზე დაიცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, ჩვენს პოლიტიკაში ყოველთვის დარჩება პრინციპული პოზიცია ეროვნული ინტერესების დაცვის მხრივ“.

მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყნის ლიდერების პოზიციებს გავეცანით, ვახსენებთ ჩამონათვალს შეთანხმებებისა, რომლებიც კიევში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმდა. ამ ჩამონათვალს კიევში რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი, დმიტრი შურხალო გვთავაზობს: „უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი: ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. მათვე ხელი მოაწერეს უკრაინა-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის ოქმს. დანარჩენ დოკუმენტებს კი მინისტრებმა მოაწერეს ხელი. პირველ რიგში, აღსანიშნავია ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონსტანტინ გრიშჩენკომ და სერგეი ლავროვმა. ეს არის ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით ვიქტორ იანუკოვიჩმა დააზუსტა, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება დელიმიტაციის შესახებ. ანუ, თუ სახმელეთო საზღვრის დადგენაზე უკვე ადგილზე იმუშავებენ, რაც შეეხება დელიმიტაციას - საზღვაო საზღვრის დაწესებას, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. თუმცა, იანუკოვიჩმა გამოთქვა იმედი, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.“



მინისტრებმა, ჩვენი უკრაინელი კოლეგის ცნობით, კიდევ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის კულტურის, განათლების, საბანკო სექტორში თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებას ენიჭება.

თუ უფრო ადრე გაფორმებულ შეთანხმებებს გავიხსენებეთ, უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებიდან, რომლებსაც მოსკოვის დადებითი რეაქცია ახლავს, გამოირჩევა ნატოში უკრაინის გაწევრიანებისაკენ მიმართულ ძალისხმევაზე უარის თქმა (ანუ, წინა პრეზიდენტ, ვიქტორ იუშჩენკოს კურსის შეცვლა) და ხელმოწერა შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლის ბაზის იჯარის 2042 წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს და რომლის საპასუხოდ რუსეთმა 30 პროცენტით გაუიაფა გაზი კიევს. როგორც ცნობილია, ოპოზიცია უკრაინაში ამ შეთანხმებას ეროვნული ინტერესების ღალატად მიიჩნევს.

კიევის უნივერსიტეტში სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უკრაინელმა სტუდენტებმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს სთხოვეს, განემარტა რუსეთისთვის სევასტოპოლის ბაზის მნიშვნელობა და შემდეგი პასუხი მიიღეს: „რუსეთისთვის, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზის შენარჩუნება, რადგან ეს არის უსაფრთხოების სისტემის ელემენტი. ჩვენ დიდი ხანია, ამ ბაზით ვსარგებლობთ. ჩემი აზრით, ის არავის უშლის ხელს. ის ხელს უწყობს შავი ზღვის აუზში სტატუს კვოს შენარჩუნებას - სახიფათო ვითარება ხომ მაშინ იქმნება, როცა სტატუს კვო ირღვევა!“

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა 20 წლის წინანდელი ვითარება, როცა ვარშავის ხელშეკრულების დაშლისა და, იმავდროულად, ნატოს დარჩენის შედეგად, სტატუს კვო დაირღვა. ამ რღვევას კი, მედვედევის სიტყვებით, ევროპის რუქაზე ტექტონური ცვლილებები მოჰყვა. „პირდაპირ რომ ითქვას, ევროპის ტერიტორიაზე ბევრი შეიარაღებული კონფლიქტი ამის გამო დაიწყო,“ განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა. სტატუს კვოს მნიშვნელობაზე საუბრისას მან საქართველოზეც მიანიშნა - 2008 წლის, მედვედევის სიტყვებით, „კავკასიის კრიზისის“ მოხსენიებით. მან მინიშნება გააკეთა შეერთებულ შტატებზეც, როცა შავი ზღვის აუზში „უცხოური გემების შესვლით“ უკმაყოფილება გამოხატა:

“ჩვენში დაძაბულობას იწვევს და ვიცი, რომ თურქებშიც იწვევს დაძაუბლობას, როცა მოდის უცხოური გემები, რომელთაც არა აქვთ კავშირი ჩვენს, შავი ზღვის აუზთან და რაღაცის დემონსტრირებას ახდენენ. თქვენ იცით, რომ იყო სხვადასხვა მოვლენა, იყო მძიმე მოვლენები - მათ შორის 2008 წელს კავკასიის კრიზისი. ამიტომ, რაც უფრო სტაბილური იქნება ვითარება შავი ზღვის აუზში, მით უკეთესი ყველასთვის, ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის ჩათვლით. ამიტომ, სწორედ ამაში ვხედავ ბაზის შენარჩუნებისა და ხელეშკრულების ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელების მნიშვნელობას“.

იქვე მედვედევმა, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, პირობა დადო, რომ რუსეთი შავი ზღვის ფლოტს არ გამოიყენებს მოსაზღვრე სახელმწიფოებზე თავდასხმების განსახორციელებლად. როგორც პრეზიდენტმა მედვედევმა დასძინა, რუსეთი მშვიდობიანი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG