Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნელის“ ყოველწლიური შეფასება-ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ


ადამიანები როცა მოკლებულნი არიან უნარს იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, მსოფლიოში მათ გვერდითაა არაერთი ორგანიზაცია. ისინი თვალყურს ადევნებენ უფლებების დაცვის მდგომარეობას და ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები წარმატებით დარღვევებზე ყურადღების მიქცევას ახერხებს. ამ გზას ადგას „ამნესტი ინტერნეშნელი“, რომელსაც მსოფლიოში სამ მილიონამდე მომხრე, წევრი და აქტივისტი ჰყავს. „ამნესტის“ ამოცანაა პატივი სცენ და დაიცვან მსოფლიოში აღიარებული უფლებები. ხუთშაბათს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში“ (2009 წლისთვის).

ეს უფლებადამცავი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეშენელი“, მთავრობების, პოლიტიკური იდეოლოგიების, ეკონომიკური ინტერესებისა და რელიგიებისგან დამოუკიდებელია.

მსოფლიოში უფლებების დაცვის მდგომარეობა, „ამნესტის ანგარიშის“ თანახმად, გაუარესდა ძალადობრივი პოლიტიკის გამო. ამერიკის კონტინენტიდან შუა აზიამდე, არაერთ ქვეყანაში კვლავ აწამებენ, გაუსამართლებლად სჯიან ან კანონის დარღვევით ასამართლებენ ადამიანებს, ხდება მათზე რასისტული თავდასხმები, აღრიცხულია ასევე ძალადობის სხვა ფორმები. ანგარიშში განხილულია მდგომარეობა 159 ქვეყანაში. მასში წაიკითხავთ, რომ გავლენიანი სახელმწიფოების ნაწილი საერთაშორისო სასამართლოს შექმნას არ ემხრობა, მიაჩნიათ რა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კანონზე მაღლა დგანან. ეს ქვეყნები, ანგარიშის ავტორების აზრით, თავიანთ მოკავშირეებს ხელს აფარებენ და მხოლოდ მაშინ მოქმედებენ, როცა ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ხელს აძლევთ. „ამნესტის“ გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის კლაუდიო კორდონეს სიტყვებით, რეპრესია და უსამართლობა ყვავის მსოფლიოში, რითაც შეურაცხყოფის, დევნისა და სიღარიბის მსხვერპლია მილიონობით ადამიანი. კორდონევე თვლის, რომ მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და რომ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება სამართალი იპოვოს, როცა მისი უფლებები ირღვევა.

ანგარიშში, როგორც ითქვა, 159 ქვეყნის მდგომარეობააა განხილული და ყველას ვერ გავწვდებით. გეტყვით, რომ რუსეთში, მაგალითად, ვითარება შედარებით გამოსწორდა, მაგრამ პრეზიდენტ მედვედევის დაპირებები ჯერაც არ განხორციელებულა. რუსეთში, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უფლებების დაცვის მხრივ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხდება თავდასხმები უფლებადამცველებზე, ადვოკატებზე, ჟურნალისტებზე, ხშირია რასისტულ ნიადაგზე ძალადობა. „ამნესტის“ ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე ანდრეა ჰუბერი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრობლემებია სამართლიანი სასამართლო პროცესების მხრივ. მისივე თქმით, წამება და ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიის ქვეყნებში.

თავში, რომელსაც ჰქვია „ძალაუფლება და პოლიტიზაცია - დაბრკოლება სამართლიანობისთვის“, ლაპარაკია იმაზე, რომ საერთაშორისო სასამართლოს ეგრეთ წოდებული „რომის სტატუსები“ მსოფლიოს 110-მა ქვეყანამ დაამტკიცა, მაგრამ მათ შორის „დიდი ოცეულის“ მხოლოდ 12 წევრია. სხვათა შორის, საერთაშორისო სასამართლო არ სურს რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს, თურქეთს, ინდოეთს. ამ კონტექსტში ლაპარაკია აშშ-ის ანტიტერორისტული სტრატეგიის შესახებ, ასევე ჩინეთში არსებულ დარღვევებზე და ერთი აბზაცი ეძღვნება საქართველოსაც.

მიუხედავად იმისა, რომ, ევროპის კავშირის დაკვეთით შექმნილი საერთაშორისო კომისიის დასკვნით, 2008 წლის ომში ყველა მხარემ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და ადამიანის უფლებები, არც რუსეთში და არც საქართველოში წლის ბოლოსთვის არავინ მიუციათ პასუხისგებაში. ანგარიშის ცნობით, 26 ათასი ადამიანი კვლავ უუფლებოა დაუბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ რუსეთი თავის ძალაუფლებას გამოიყენებდა იმისათვის, რომ მისი ჯარისკაცები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთში (და აფხაზეთში) - არ გამხდარიყვნენ საერთაშორისო დაკვირვების საგანი. ის, მართლაც, წინ აღუდგა საქართველოში ორი გადამწყვეტი - ეუთოსა და გაეროს -საერთაშორისო მისიისათვის მანდატების ვადის გაგრძელებას. ამის შედეგად, „ამნესტის“ თანახმად, ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია დარჩა ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო სამსახურად. მაგრამ მას არა აქვს იმ არეალებში შეღწევის საშუალება, რომლებსაც აკონტროლებს კონფლიქტის შემდგომ ზონებში ან რუსეთი, ან დე ფაქტო ხელისუფლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მსოფლიოში დარღვევები ყველგან ხდება, მათ შორის - ანგარიშში ხაზგასმულია -შრი ლანკა, სადაც ათასობით ადამიანი დაიხოცა მთავრობის მიერ სეპარატისტების მიმართ განხორციელებული სამხედრო ოპერაცების დროს. სტატისტიკა, სულ მოკლედ: მსოფლიოს 111 ქვეყანაში იქნა შენიშნული წამების შემთხვევები, სასამართლოში დარღვევები დადასტურდა 55 სახელმწიფოში, თავისუფალი პრესა ასამდე ქვეყანაში იზღუდება, ხოლო სინდისის პატიმრები ჰყავს 48-ს.

საქართველოსადმი მიძღვნილ ნაწილში, ზოგიერთი მონაცემის მოტანის შემდეგ, ნათქვამია, რომ კომპეტენტურ ორგანოებს არ ჩაუტარებიათ შემდგომი გამოძიება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის დროს ორივე მხარის ჯარმა ჩაიდინა. კონფლიქტის შემდეგ, წერს „ამნესტი“, კონფლიქტის ზონაში სამოქალაქო პირები კვლავ დაუცველნი არიან, კვლავ იდევნებიან, მათ კვლავ აკავებენ. 26 ათასი ადამიანი - უმეტესად ქართული ეროვნების - ვერ ახერხებს დაუბრუნდეს საცხოვრებელს.

მოკლე ინფორმაციაა იმაზე, რომ აპრილიდან ივლისამდე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო, როცა მასობრივი დემონსტრაციების მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. შემდეგ უფრო ფართოდაა ანგარიშში ლაპარაკი შეიარაღებულ კონფლიქტზე ცხინვალში და ნათქვამია, ევროკავშირის მისიამ მხარეებს მოუწოდა ომის შედეგების აღმოფხვრა, მაგრამ 2009 წლის ბოლომდე არც ერთ მხარეს გამოძიება არ ჩაუტარებია უფლებების დარღვევის მხრივ, საერთო უკანონობის ფონზე, არც ერთ მხარეს არ უცდია ბოლომდე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემაო. ერთი ქვეთავი ეძღვნება დევნილების თემას. იქ წაიკითხავთ, რომ იძულებით ადგილნაცვალ პირებს მცირე საცხოვრებელი გამოუყვეს ან კომპენსაცია გადაუხადეს, მაგრამ, არ შეწყვეტილა განგაში იმის გამო, რომ დევნილებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ სოციალური და ეკონომიკური უფლებებით.

ომისგან განყენებულ თემაზე, ოჯახურ ძალადობაზეც წაიკითხავთ საქართველოსადმი მიძღვნილ თავში. მთავრობას აპრილში დაუმტკიცებია ამ ტიპის ძალადობასთან ბრძოლის გეგმა. სხვათა შორის, ანგარიში იუწყება, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ თავშესაფარი გამოეყოთ, მაგრამ იქვე წერია, რომ მათ წლის ბოლოსთვის მუშაობა არ ჰქონდათ დაწყებული. საქართველოში დარღვევები იყო შეკრების თავისუფლების მხრივ. ოპოზიციის წარმომადგენლებს დემონსტრაციების დროს ნიღბიანი პირები სდევნიდნენ, აშინებდნენ და სცემდნენ. ზოგიერთი ინციდენტის დროს კი პოლიცია უმოქმედოდ იყო, არ ერეოდა ასეთ ფაქტებში. მართალია,ზოგიერთი შემთხვევის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ხელისუფლებას ყოველმხრივი გამოძიება არ ჩაუტარებია და პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ძალის გადაჭარბებაც თემაა „ამნესტის“ ანგარიშისა. ასეთი შემთხვევები მოყვანილია 6 მაისის ინციდენტების მაგალითზე, როცა სამართალდამცველებმა თბილისში ესროლეს დემონსტრანტებს იარაღიდან, რომელიც ტრავმის მიყენებისთვის გამოიყენება. ზოგიერთი ადამიანი დაშავდა თავის არეში. პოლიციამ ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ივნისში, როცა ხელკეტები იხმარა. სიტყვის თავისუფლება, ანგარიშის თანახმად, ირღვეოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აპრილ-ივნისის პერიოდში. ნახსენებია პოლიციის მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის აპარატურის ჩამორთმევის ფაქტი. იქვე წაიკითხავთ, რომ დემონსტრაციების დროს ოპოზიციის მომხრეები ნარკოტიკების და იარაღის შენახვისთვის დააკავეს და რომ მათი სასამართლო პროცესები არ შეესაბამებოდა აღიარებულ ნორმებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG