Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში „რევანშის“ საფრთხე გაჩნდა


ბიშკეკის ყოფილი მერის მხარდამჭერთა მიტინგი
ბიშკეკის ყოფილი მერის მხარდამჭერთა მიტინგი
ყირგიზეთის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური გზებით ცდილობს მიაღწიოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადიციას. ხუთშაბათს ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშის ადგილობრივი მთავრობის შენობა დაიკავეს. ბაკიევის მომხრეებმა მცირე ხნით თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ასევე ადგილობრივი ხელისუფლების შენობები ჯალალ-აბადსა და ბატკენში. გარდამავალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წესრიგის აღსადგენად ძალას გამოიყენებს.

დევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის 300-მდე მომხრე ხუთშაბათს დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების შენობის წინ შეიკრიბა და ბაკიევის დაბრუნებას მოითხოვდა. დაცვის წევრებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ, დემონსტრანტები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ. სორონდაი ჟიინბეკოვმა, რომელიც გარდამავალმა მთავრობამ ერთი თვის წინ დაამტკიცა ოშის პროვინციის მმართველად, საკუთარ დაცვასთან ერთად დატოვა შენობა, დაცარიელებული ოფისი კი ყოფილმა ადგილობრივმა ხელისუფალმა, დევნილი პრეზიდენტის მომხრე მამასადიკ ბაკიროვმა დაიკავა. ცოტა ხანში კი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ჟიინბეკოვი და ბაკიროვი. ერთმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გარდამავალი მთავრობის სახელით სოციალური პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა, ბაკიროვმა კი კანონიერების აღდგენა და ბაკიევის სამშობლოში დაბრუნება მოითხოვა.

ვითარება დაიძაბა, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ბაკიტ სეიტოვი რადიო თავისუფლებას არწმუნებდა, პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებსო:

„დღეს, სწორედ ახლა, ოშში პროვინციის ყოფილი მმართველის, ბაკიროვის მომხრეები შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით და მისი ოფისი დაიკავეს. ამ წუთებში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ჟიინბეკოვი, ოფისის გარეთ მართავს მათთან მოლაპარაკებას. საზოგადოებრივი წესრიგის განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ოშის ადგილობრივი პოლიციიის თანამშრომლები ვითარებას აკონტროლებენ.“

ხუთშაბათს ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღებს ზომებს წესრიგის აღსადგენად ოშში, სადაც ყოფილ პრეზიდენტს ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა აქვს. გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ როზა ოტუმბაევამ განაცხადა, რომ არ მისცემს დამხობილ ხელისუფლებას „რევანშის აღების“ უფლებას.

ბაკიევის მომხრეები ხუთშაბათს ასევე ჯალალ-აბადისა და ბატკენის ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში შეიჭრნენ. გარდამავალმა მთავრობამ ხუთშაბათს ოშში თავდაცვის მინისტრიც კი გაგზავნა.

ოშში ხუთშაბათის გამოსვლებს „ანტირევოლუციური ძალების“ მხრიდან რევანშის მცდელობა უწოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა აზიმბეკ ბეკნაზაროვმაც:

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება რთულია, რადგან არსებობს კონტრრევოლუციური ძალების გაერთიანების მცდელობა. ისინი ცდილობენ გარკვეული რევანშის აღებას. რევოლუციის შემდეგ არსებობდნენ სხვადასხვა ძალები, ახლა კი ისინი იწყებენ გაერთიანებას.“

ყურმანბეკ ბაკიევი, რომელმაც აპრილის დასაწყისში, სისხლიანი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ბიშკეკი დატოვა, ამჯერად ბელორუსიაში იმყოფება ალექსანდრ ლუკაშენკოს მიწვევით. გარდამავალმა მთავრობამ მინსკს მიმართა თხოვნით, მოეხდინა ბაკიევის სამშობლოში ექსტრადიცია მის გასასამართლებლად დემონსტრანტების დახოცვისა და ძალაუფლების გადამეტების გამო. 7 აპრილს, ბიშკეკში სამართალდამცველ ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს, 85 ადამიანი დაიღუპა.

13 მაისს დაღუპულების ნათესავებმა საპროტეტსო აქცია მოაწყვეს ბელორუსიის საელჩოს წინ და ლუკაშენკოსგან ბაკიევისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა წევრების გადაცემას მოითხოვდნენ. ისინი იმუქრებოდნენ, რომ ჩავლენ მინსკში და ალყაში მოაქცევენ ბელორუსიის მთავრობის შენობას, თუკი არ მოხდება ბაკიევის ექსტრადიცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG