Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები: ”არსებულ ვითარებაში ორიენტაციისას ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს”


პეტერ სემნები ესაუბრება რადიო თავისუფლებას
პეტერ სემნები ესაუბრება რადიო თავისუფლებას
ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ფიქრობს, რომ, არსებული ხარვეზების მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სემნები ახლანდელი ვიზიტისას ქართველ პოლიტიკოსებთან მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს არ განიხილავს. მსჯელობა ეხება როგორც ევროკავშირის როლს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პერსპექტივას. პეტერ სემნების ნინო გელაშვილი ესაუბრა:

რადიო თავისუფლება: 10 მაისს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ მიიღო დირექტივები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება, აგვიხსენით, რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას.

პეტერ სემნები: ეს არის ახალი ეტაპი საქართველოს, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ასოცირების შესახებ შეთანხმებები მოიცავს უფრო ახლო პოლიტიკურ ურთიერთობას, უფრო ახლო პოლიტიკურ კონსულტაციებს, გულისხმობს აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, თავისუფალი ვაჭრობა. ის მოიცავს ყველა რეგულაციის მისადაგებას ევროპულ სტანდარტებთან. მე ვიტყოდი, ამ შეთანხმებას უნდა ერქვას ”ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება”. მთლიანი პაკეტის ნაწილი იქნება მეტი ხელშეწყობა გადაადგილების თავისუფლების სფეროში. მომავალში ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მინიჭების ხელშეწყობის შესახებ პაკეტს. ასე რომ, ეს შეთანხმება ბევრად დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ამ ინტეგრაციის შედეგად, ევროკავშირს ექნება მეტი როლი, მეტი მონაწილეობა საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი ინვესტიცია წამოვა ევროკავშირიდან საქართველოში, იქნება მეტი ვაჭრობა, მეტი მოგზაურობა და ა.შ. ვფიქრობ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი გულისხმობს ერთგვარ უსაფრთხოების ბონუსსაც ამ ქვეყნისთვის.

რადიო თავისუფლება: თქვენი მიმდინარე ვიზიტისას გავრცელდა სახელმწიფო მინისტრ ბარამიძის კომენტარი, რომ საქართველოს მთავრობას სურს ევროკავშირის მეტი აქტიურობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაში. რას გულისხმობდა ის, უფრო დეტალურად ხომ ვერ გვეტყოდით?

ევროკავშირის - როგორც ერთობის ინტერესებშია დაინახოს, რომ იმ დროს, და კერძოდ, ომის დასრულებისას აღებული ვალდებულებები შესრულდა
პეტ
ერ სემნები: მე არ დავიწყებ იმის გამოცნობას, რას გულისხმობენ ჩვენი ქართველი პარტნიორები ამა თუ იმ განცხადებაში. ევროკავშირს აქვს ინტერესი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. საქართველოცა და რუსეთიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ყველა ჩვენს პარტნიორს ჰქონდეს კარგი, მეზობლური ურთიერთობა. ამავე დროს, რასაკვირველია, ვიცით იმ ბარიერების შესახებ, რაც ხელს უშლის საქართველო-რუსეთს შორის ნორმალურ ურთიერთობას. ეს არის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ის, რომ რუსეთი არ ასრულებს საქართველოდან ჯარების გაყვანის ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ეს საკითხები, რა თქმა უნდა, კვლავაც დღის წესრიგშია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი და, ვიტყოდი, ეგზისტენციალური პოზიციების დათმობის გარეშე იყოს წინსვლა ორმხრივი ურთიერთობის სხვა პრაგმატულ საკითხებში - მაგალითად, იმის უზრუნველყოფა, რომ ორ ქვეყანას შორის ხდებოდეს გადაადგილება, მოძრაობდეს ტრანსპორტი.

რადიო თავისუფლება: ამბობენ, რომ ევროკავშირს არ აქვს ერთიანი მიდგომა, ერთიანი და ძლიერი პოზიცია რუსეთის მიმართ - იმავე აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობას როცა ეხება საქმე. რას იტყვით ამაზე?

პეტერ სემნები: ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, როცა ჩაერთო ომის შეწყვეტისა და მისი შედეგების გადალახვის საქმეში. ამიტომაც ევროკავშირის, როგორც ერთობის, ინტერესებშია დაინახოს, რომ იმ დროს და, კერძოდ, ომის დასრულებისას აღებული ვალდებულებები შესრულდა.

რადიო თავისუფლება: კარგით, დავასრულოთ ეს საკითხი. რაც შეეხება სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, გჯერათ, რომ მისი განხორციელება ზეგავლენას მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე?

პეტერ სემნები: ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ დღევანდელ არანორმალურ ვითარებაში თავიდან ავიცილოთ დამატებითი ბარიერების შექმნა ადმინისტრაციულ საზღვრებზე. არის სერიოზული რისკი, რომ ეს მოხდეს. ერთადერთი გზა ამის თავიდან ასაცილებლად არის ჩართულობის სტრატეგიის შესრულება. ჩართულობის სტრატეგია უნდა მოიცავდეს ელემენტებს, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარის მოსახლეობის ინტერესებშია. საქართველოს სტრატეგიაში არის ბევრი რამ, რასაც, ჩემი აზრით, აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკური ინტერაქციისთვის ადმინისტრაციული საზღვრის ორ მხარეს შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფორმაციის მისაწვდომობის სფეროებში. სტრატეგიის დიდი ნაწილი აგრეთვე თანხვედრაშია პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, რომლებიც ევროკავშირმა ჩამოაყალიბა. ჩვენ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ხანგრძლივი და სერიოზული მსჯელობა გვქონდა გასული წლის შემოდგომაზე. ამის შედეგი იყო საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების მიმართ არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიღება. ეს ორი ელემენტი არის ერთი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. არაღიარება ჩართულობის გარეშე სტერილური პოლიტიკაა და ის უკუშედეგს მოგვცემს, რადგან ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების გაზრდასა და ახლის შექმნას. ამავე დროს, ჩართულობა არაღიარების ფორმალურ ასპექტებზე მკაფიო პოლიტიკის გარეშე ასევე არასასურველი პოლიტიკაა, რადგან ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, ინსტრუმენტი თუ პროექტი გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის და ამის თავიდან აცილება გვსურს არაღაირების პოლიტიკით.

რადიო თავისუფლება: როცა ჩართულობასა და სტრატეგიის შესაძლო განხორციელებაზე საუბრობთ, პრაქტიკაში ამას სჭირდება თანხმობა და მზაობა დე ფაქტო ხელისუფლებებისგან. ხედავთ ასეთ პერსპექტივას, თუ შესაძლებელია ამის გვერდის ავლით საქმის გაკეთება?

პეტერ სემნები: თუკი დე ფაქტო ხელისუფლებები და საზღვრის იქით მცხოვრები ადამიანები დაინახავენ სარგებელს სტრატეგიის ცალკეულ ასპექტებში, ვერ ვხედავ წინააღმდეგობას. ეს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაა და საქართველოს მთავრობა არავის სთხოვს, რომ გაითავისოს ის. თუმცა მისი ცალკეული ნაწილები, ცალკეული პროექტები ცალ-ცალე უნდა გამოიცადოს, როგორ მიიღებს მათ მეორე მხარე, და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ მათ ინტერესებშიც არის.

რადიო თავისუფლება: რადგან ასე ამბობთ, მიზეზიც გექნებათ...

პეტერ სემნები: რაც შეეხება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს შორის ურთიერთქმედებას და იმავე ჯანდაცვის საკითხებში თანამშრომლობას, სრულიად აშკარაა, რომ ეს მეორე მხარის ინტერესებშიც შედის. რამდენჯერმე ჩავედი და ვესაუბრე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. მართალია, მათ არ მიუღიათ და უღიარებიათ ეს სტრატეგია (და, ამას არც არავინ ელოდა), მაგრამ მე ვგრძონ, რომ ისინი არიან ღია იმისათვის, რომ განიხილონ კონკრეტული წინადადებები თანამშრომლობის შესახებ.

რადიო თავისუფლება: ეს წინადადებები, შესაძლოა, ობიექტურად მართლაც იყოს დე ფაქტო ხელისუფლებებისა და იქაური მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ იქ რუსეთია...

ამ არჩევნების მნიშვნელობა სცდება ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ეს არჩევნები მოსდევს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უკიდურესად რთულ და მერყევ პერიოდს
პეტ
ერ სემნები: რასაკვირველია, ეს არანორმალური, რთული ვითარებაა და ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ ვითარებაში ორიენტაციისას. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ფაქტორი. რუსეთის იქ ყოფნა ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია. ეს მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამაც და დე ფაქტო ხელისუფლებებმაც. ეს იმ გარემოს ნაწილია, რომელშიც ახლა ვმუშაობთ.

რადიო თავისუფლება: კარგით, არჩევნებზე გადავიდეთ. ჩვეულებრივ, ადგილობრივ არჩევნებს არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა და არ ექცევა დიდი ყურადღება, განსაკუთრებით - ქვეყნის გარედან. რას იტყოდით მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში -როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება მის მიმართ?

პეტერ სემნები: ამ არჩევნების მნიშვნელობა სცდება ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ეს არჩევნები მოსდევს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უკიდურესად რთულ და მერყევ პერიოდს. ეს არჩევნები არის აგრეთვე ერთგვარი გენერალური რეპეტიცია მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, რომ ყველა მონაწილე - მთავრობა, რომელიც არჩევნების ადმინისტრაციას ახორციელებს, მონაწილე პოლიტიკური პარტიები - თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით მიუდგეს საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო გარემოს. ეს მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ საარჩევნო გარემო იყოს სამართლიანი, თავიდან იყოს აცილებული პროვოკაციები, ძალადობა და ა.შ. აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთლიანად ატმოსფეროს ღიაობა და სანდოობა. ბოლო პერიოდის ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ვითარება ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო წინა არჩევნებისას. ვფიქრობ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუმჯობესა მუშაობა. ნაკლები დაძაბულობაა. თუმცა, გარემო მთლიანად თავისუფალი არ არის ინციდენტებისგან. მედიაგარემო კვლავაც პოლარიზებულია. ბევრი მედიასაშუალება ძალიან აშკარად იკავებს ამა თუ იმ მხარის პოზიციას, იმის მაგივრად, რომ ეცადოს კამპანია მიუკერძოებლად და ობიექტურად ასახოს. გამოითქმება შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამო და კიდევ არის რამდენიმე საკითხი, მაგრამ, მთლიანობაში, შეფასებების მიხედვით, რაც ვნახე და მოვისმინე, - მათ შორის, საერთაშორისო მეთვალყურეებისგანაც, - მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG