Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტი ინფორმაცია - მეტი მონიტორინგი


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მოახლოებული არჩევნების მონიტორინგში რიგითი მოქალაქეების ჩართვას ისახავს მიზნად. იუესაიდის (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის მიხედვით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება კონკრეტული დარღვევების შესახებ ისე გაავრცელოს ინფორმაცია, რომ მისი იდენტიფიკაცია არ მოხდეს.

პროექტის შესახებ გორის საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წევრები ია ანთაძე და ია გეგეშიძე ესაუბრნენ. ამ პროექტის მიხედვით წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ნებისმიერ მოქალაქეს დარღვევების შესახებ კონკრეტულ ნომერზე შეეძლება მესიჯის გაგზავნა. ეს ინფორმაცია კი ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდება.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია საიტზე გადამოწმების გარეშე დაიდება და იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც განთავსებული ინფორმაციის გადამოწმება და გამოყენება შეეძლებათ.

ია ანთაძის თქმით, მსგავსი პროექტები დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებულია და წარმატებით მუშაობს. სამოქალაქო საზოგადოების, მესამე სექტორისა და ჟურნალისტების თანამშრომლობა კი დადებით შედეგებს იძლევა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლის ია გეგეშიძის აზრით, ეს პროექტი სამოქალაქო ჟურნალისტების ინსტიტუტის შექმნას შეუწყობს ხელს. მათი ვებგვერდი კი ის ინტერნეტსივრცე იქნება, სადაც აქტიური მოქალაქეები და ჟურნალისტები ინფორმაციას გაცვლიან.

გორელი ლამარა შაყულაშვილი ინსტიტუტთან თანამშრომლობას აპირებს. მისი აზრით, სახელმწიფოში, ზოგადად, ვითარების შეცვლა, მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, სამოქალაქო საზოგადოების საქმეცაა.

გორის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის თანამშრომლის არინა თავაქარაშვილის აზრით, სამოქალაქო ჟურნალისტების ინსტიტუტის შექმნას დრო და სისტემატიზაცია სჭირდება. მისი თქმით, თავიდან, შესაძლოა მოქალაქეების მხრიდან დიდი აქტივობა არ იყოს, მაგრამ ეს საქმე აუცილებლად დასაწყები იყო.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საარჩევნო პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში: შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდება. ინსტიტუტის წარმომადგენლები საზოგადოებასთან შეხვედრებს აგრძელებენ და მათ სპეციალურ ბარათებს ურიგებენ, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ უნდა გაავრცელონ რიგითმა მოქალაქეებმა ინფორმაცია დარღვევების შესახებ.

ბარათები კარალეთის დევნილთა დასახლებაშიც დარიგდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს საარჩევნო დარღვევების გარდა ინფორმაციის გავრცელება საკუთარ პრობლემებზეც შეეძლებათ. ეს ინფორმაცია კი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
XS
SM
MD
LG