Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 27 აპრილი 2010


„ნეზავისიმაია გაზეტა“ ჰყვება ამერიკული სილიკონ ველის მსგავსი ინოგრადის, სკოლკოვოს, რუსული ინოვაციური ტერიტორიის შექმნის შესახებ, ტერიტორიის, რომელზეც სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციური იდეების გენერირება და განვითარება უნდა მოხდეს. აქვე გახსნილია საუნივერსიტეტო ბაზები და კურსები, სადაც რუსი ახალგაზრდები თანამედროვე ბიზნეს განათლებას იღებენ. „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიხედვით, სკოლკოვომ გამოააშკარავა რუსეთის ბიუროკრატიის არაეფექტურობა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების მიმართ. ინოვაციური ტერიტორიის ეფექტურად მუშაობისთვის საჭირო ხდება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა აქ მაქსიმალურად დაცული იყოს თავისუფლება და ასევე შეიზღუდოს საგადასახადო მექანიზმების ზეწოლა, რაც ინოვაციაზე დამკვიდრებული ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. სტატიის მიხედვით, სკოლკოვოში შეუძლებელი გახდება მილიციური კონტროლის ის ფორმები, რომელიც რუსეთის მთლიან ტერიტორიაზე მუშაობს. ამ ფრაგმენტული სივრცის არსებობა, „ნეზავისიმაიას“ აზრით, შესაძლოა გარდაუვალი ცვლილების საფუძველი გახდეს. „ნეზავისიმაიას“ ეფექტური პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელ გლებ პოვლოვსკის სიტყვები მოჰყავს:

”ჩვენ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ. ყველა ხვდება, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. შემოთავაზებაა, რომ ეს დაიწყოს სკოლკოვოდან. ყველას შეუძლია ინიციატივით გამოვიდეს, თუმცა ეს ინიციატივები ჯერჯერობით არ ჩანს.“

„ნოვაია გაზეტას“ გვერდზე გლებ პოვლოვსკის ეთანხმება მიხეილ გორბაჩოვი, თუმცა მას, პოვლოვსკისგან განსხვავებით, მიაჩნია, რომ რუსეთში თანამედროვე რეალობის შესაქმნელად არსებობს ადამიანური და იდეური რესურსი, რომლის განვითარებისა და გაძლიერებისთვისაც, მისი აზრით, უბრალოდ, მუდმივი ბრძოლაა საჭირო. „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს მიხეილ გორბაჩოვის „ემგეუს“ სტუდენტებთან შეხვედრის ჩანაწერს, სადაც „პერესტროიკის“ ავტორს სტუდენტები შეკითხვებს უსვამენ. ერთ-ერთ საინტერესო კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ჩვენ კაპიტალიზმისკენ უნდა წავიდეთ თუ სოციალიზმისკენო, გორბაჩოვი პასუხობს: რუსეთმა გზის კოპირებას კი არ უნდა მიმართოს, საკუთარი რეალობა უნდა შექმნას და დემოკრატიზაცია მოახდინოს, საკუთარი გამოცდილება უნდა გააანალიზოს და განსაჯოს შიდა დიალოგის მეშვეობითო.
„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მომავალი არა ეს დიხოტომიაა, კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი, არამედ განსხვავებულ ფასეულობათა ინტეგრაცია, ყველაფრის იმის ინტეგრაცია, რაც გამოვიმუშავეთ და დავაგროვეთ ამ ხნის მანძილზე.“

შეკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ემგეუს“ ამ შეხვედრის მონაწლე სტუდენტები, უმრავლეს შემთხვევაში, დემოკრატიას ეჭვის თვალით უყურებენ. გორბაჩოვს ეკითხებიან, რამდენად რეალურია, რომ ამან ჩვენთან იმუშაოსო. პასუხად გორბაჩოვი იმ უზარმაზარ რესურსებზე მიუთითებს, რომელიც ქვეყანას აქვს და რომელიც ცენტრალიზებულ სისტემაში ეფექტურად ვერ გამოიყენება. ერთ-ერთ მსგავს შეკითხვაზე გორბაჩოვი პასუხობს, თქვენ ერთ იმ ჟურნალისტს მაგონებთ, რომელიც „პერესტროიკის“ დროს სულ კუდში დამყვებოდა. ბოლოს, მივუტრიალდი და ვთხოვე, დამისვი შეკითხვა-მეთქი. და იმანაც მკითხა, ბატონო გორბაჩოვო, თქვენ ცერეუზე მუშაობთო? მე დადებითად ვუპასუხეო,ამბობს გორბაჩოვი. კი, მაგრამ, რატომო, უკითხავს ჟურნალისტს. იმიტომ რომ ისინი გაცილებით უკეთ იხდიანო. ამ დიალოგის გახსენებას დარბაზში სიცილი მოჰყვა.

„ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს იულია ლატინინას საინტერესო სტატიას, სახელწოდებით „ჩვენი მშვიდობიანი გაზსადენი“, სადაც დეტალურად აღწერს რუსეთის არასაბაზრო თამაშის წესებს გაზის საერთაშორისო ბაზარზე, რაც, სტატიის ავტორის აზრით, იმის მიზეზია, რომ რუსული გაზი ამერიკულ ბაზარზე არ არის:

„მაგალითად, ამერიკულ ბაზარზე გაზი იყიდება საბაზრო ფასებით, ასე რომ, რუსული გაზი იქ, უბრალოდ, საქონელია და არა, როგორც ეს რუსეთში მიაჩნიათ, ინსტრუმენტი, ზემოქმედების ბერკეტი.“

ლატინინას მიაჩნია, რომ რუსეთი ბერკეტების პოლიტიკას იქ იყენებს, სადაც ეს გასდის, მაგალითად, ევროპაში, რომელსაც დღეს რუსული გაზი, უბრალოდ, სჭირდება და არჩევანიც ნაკლები აქვს.
XS
SM
MD
LG