Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა საზოგადოებას ეკლესიისგან დაცვა?


ამ თემაზე საუბარი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა დაიწყო. არსენიშვილი ახლახან დაბრუნდა ავსტრიული მივლინებიდან და საკუთარი კომიტეტის წევრებს ახალი იდეა გააცნო.

სჭირდება თუ არა საქართველოს ეკლესიას ომბუდსმენი? - დაახლოებით ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიებს ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტგამოცემები. პრესაში გამოთქმული აზრით, ქართული ეკლესიისთვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღების მიზანი ეკლესიის დაცვაა შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. თუმცა საკითხი არც მთლად ასე დგას. ომბუდსმენის საეკლესიო ინსტიტუტი ევროპაში, უმრავლეს შემთხვევაში, პირიქით, საზოგადოების ეკლესიისგან დაცვას ისახავს მიზნად. მისი საჭიროება კი რამდენიმე წლის წინ კათოლიკურ ეკლესიაში გახშირებულმა სექსუალური სკანდალების თემაზე აგორებულმა უარყოფითმა განწყობებმა გამოიწვია. ამ თემების შუაგულში კი ავსტრია იყო, სადაც ეკლესიაზე განაწყენებული ასობით ათასი ადამიანი მისგან განდგომით იმუქრებოდა.

ავსტრიის ეკლესიაში აგორებულ სკანდალებზე 2004 წელს “ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, რიჩარდ ბერნსტაინი, წერდა:

“სკანდალის შემდეგ ეკლესიამ სხვადასხვა ავსტრიულ ეპარქიებში შექმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის საქმეც იქნება გამოიძიოს სექსუალურ სფეროში ეკლესიის ოფიციალური პირების მიმართ წაყენებული ნებისმიერი ბრალდება.”

იდეამ საქართველოში სწორედ ავსტრიიდან ჩამოაღწია, სადაც მივლინებით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი. არსენიშვილის თქმით, მან იდეა, უბრალოდ, კომიტეტის წევრებს გააცნო და დღეს ამის პირდაპირ საჭიროებას საქართველოში ვერ ხედავს, თუმცა უკვე მოუწოდა დაინტერესებულ პარლამენტარებს გაეცნონ იმ მასალებს, რომლის მიწოდებაც თავად შეუძლია:

”არ ვიცი მომავალში რა იქნება. მე, უბრალოდ, ჩემი გამოცდილება გავუზიარე კომიტეტის წევრებს და ვთქვი, რომ დაინტერესებულ პირებს ყველა მასალას მივაწვდი.”

პროფესორის და მოძღვრის კახაბერ კურტანიძის თქმით, ეკლესიისგან საზოგადოების დაცვის ნებისმიერ ინიციატივას დღეს არსებობა გაუჭირდება. კახაბერ კურტანიძე იხსენებს სახალხო დამცველს, რომელსაც პარლამენტში ხშირად აკრიტიკებდნენ, როცა ის, მაგალითად, რელიგიური უმცირესობების დაცვას ცდილობდა. ევროპაში კი, კურტანიძის თქმით, საზოგადოება მივიდა იმ ბალანსამდე, როცა ადამიანის უფლებები არის უპირატესი და არა მისი რელიგიური წარმომადგენლობა:
“ამაზე თავად პატრიარქიც საუბრობს, რომ ნებისმიერი ადამიანი უნიკალურიაო.”

2005 წელს პარლამენტს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მეტი პლურალიზმისკენ მოუწოდებდა და ამ მიზნით ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვაზე საუბრობდა. თუმცა სახალხო დამცველის ინიციატივას საზოგადოებაზე ეკლესიის ზედმეტი გავლენისგან დასაცავად პარლამენტმა პირდაპირ უარი უთხრა. მაშინდელი პარლამენტის მოხსენებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს პარლამენტი არ იზიარებს სახალხო დამცველის აზრს, რომელიც რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით გამოითქვა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მიღებული კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არ ექვემდებარება გადახედვას.“

სჭირდება თუ არა საზოგადოებას ეკლესიისგან დაცვა და რა სახით შეიძლება ეს მოხდეს? ამაზე დღეს კონკრეტულად არავინ საუბრობს, არც თავად იდეის ავტორი გია არსენიშვილი, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ის მზადაა ევროპული გამოცდილება პარლამენტში დაინტერესებულ კოლეგებს გაუზიაროს.
XS
SM
MD
LG