Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში ხუთმხრივი შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა


შოთა უტიაშვილი, საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შოთა უტიაშვილი, საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დღეს ოკუპირებულ გალში უკვე მეთხუთმეტედ შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. რამდენიმესაათიანი შეხვედრა, რომელიც გალში - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში - შედგა და რომელსაც ქართული, აფხაზური და რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ, კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა.

შერეულ შეხვედრაზე განხილული საკითხები თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს, ტრადიციულად, ენგურის ხიდთან გაგვაცნო და განაცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი იყო ორი კვირის წინ მომხდარი ინციდენტი, რომელიც შეეხებოდა რუსული სამხედრო კატარღების შემოსვლას განმუხურის საზღვაო აკვატორიაში და მათ მიერ სამხედრო მანევრის განხორციელებას.

შოთა უტიაშვილის თქმით, გალში რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სამხედრო კატარღებს ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევიათ.

”გარდა ამისა, განვიხილეთ რიგი საკითხებისა, რომელიც შეეხება არსებულ ადმინისტრაციულ ვითარებას და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვას. შეხვედრა შეთანხმებების გარეშე დასრულდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ საკითხები, რომელიც განვიხილეთ, მორიგი შეხვედრებისას დადებითად გადაწყდება”, - გვიხსნის უტიაშვილი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსულები ამბობენ, ენგურის ხიდთან არსებულ საგუშაგოზე მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან და დოკუმენტებს ამოწმებენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის კი მოქალაქეები გარკვეულ თანხას იხდიან, რომელიც 200-დან 300 რუსულ რუბლამდე მერყეობს.

ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა ოკუპირებულ რეგიონში 5 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG