Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილი, როგორც პოლიტიკური სიმბოლო


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი შესრულდა. ტრაგედიის ადგილას, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, 21 წლის წინ დაღუპულთა პატივსაცემად დღესაც არაერთი ადამიანი შეიკრიბა. სიმბოლური აქცია კი შუაღამისას, 24 საათიდან დაიწყო და 5 საათისთვის დასრულდა. რუსული საბჭოთა სადამსჯელო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის ღამის აღნიშვნა 21 წლის განმავლობაში ტრადიციად იქცა. თავად 9 აპრილი კი ამ ხნის განმავლობაში არაერთი პოლიტიკური წამოწყების ათვლის წერტილად მოინიშნა.

1989 წლის 4 აპრილს თბილისში საპროტესტო აქციები საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგით დაიწყო. მანამდე საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობის ასეთი მკვეთრი და ღია მოთხოვნის პრეცედენტი არ ყოფილა. იმპერიის რადიკალური ღონისძიებაც შესაბამისი აღმოჩნდა: 9 აპრილს ღამით საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, უმაღლესი საბჭოს შენობასთან, საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21, ძლიერი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა ასობით ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიამ და საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანთა თავგანწირვამ საქართველოს ისტორიაში თითქმის ეპოქალური მოვლენების ელვისებურ განვითარებას დაუდო სათავე.

”მაშინ იყო შოკი, დავიწყეთ დამოუკიდებლობისკენ სიარული, მერე კიდევ ბევრი შოკი იყო და, მე მგონი, კიდევ 10 წელი გვინდა იმისთვის, რომ გამოვიდეთ საბჭოთა მემკვიდრეობიდან. ახალი თაობა მოვა, ნაკლები კომპლექსები ექნება, ნაკლებად იქნება მიბმული რუსეთზე და ძველ აზროვნებაზე. ეს არის ჩემი ოპტიმისტური წინასწარმეტყველება.”

პოლიტიკოსები მუდმივად რაღაც იმედს ამყარებენ ამ დღეზე, თითქოს თავად დღეს შეეძლოს რამის შეცვლა. ჩემი აზრით, დრამატული მიდგომებისგან სასურველია გათავისუფლდეს პოლიტიკური აზროვნება
ის, რაშიც თორნიკე შარაშენიძე შოკისმომგვრელ მოვლენებს გულისხმობს, არის სამოქალაქო ომი, ომები ცხინვალსა და აფხაზეთში, ხავერდოვანი რევოლუციები, რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა, მუდმივი შიდაპოლიტიკური დუღილი და სხვ. თუმცა მთელი ამ 21 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნისა თუ განმტკიცების ამბიციით ვითარდებოდა, ხშირ შემთხვევაში 9 აპრილი ედო საფუძვლად, როგორც პოლიტიკური სიმბოლო. პირველად ეს 1991 წელს დადასტურდა, როცა 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა. კულტუროლოგ ლელა იაკობაშვილის აზრით, საზოგადოებისთვის ერთგვარი ტვირთია, ტრაგედიის დღეს რომ დაემთხვა დამოუკიდებლობის დღე. ამით კიდევ უფრო დრამატულად გამოიკვეთა აზრი, რომ დამოუკიდებლობას სისხლის ფასი აქვს, სისხლით მოიპოვება.

”პოლიტიკოსები მუდმივად რაღაც იმედს ამყარებენ ამ დღეზე, თითქოს თავად დღეს შეეძლოს რამის შეცვლა. ჩემი აზრით, დრამატული მიდგომებისგან სასურველია გათავისუფლდეს პოლიტიკური აზროვნება, იმიტომ რომ დღეს პოლიტიკა რაციონალური ქმედებების, აზროვნების, საქმიანობის სივრცეა მთელ მსოფლიოში. და ჩვენ თუ ასეთი ანაქრონისტული დამოკიდებულება გვექნება ამ ყველაფერთან, შესაძლოა სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს ამან პერსპექტივის ხედვაშიც და პერსპექტივისაკენ სვლაშიც.”

პოლიტიკური პერსპექტივის თავისი ხედვის შესაბამისად, ოპოზიციამ 9 აპრილი მოქმედი ხელისუფლების შეცვლის ფართომასშტაბიანი კამპანიის დასაწყისად მონიშნა 2009 წელს. 9 აპრილი ასევე წინააღმდეგობის ათვლის წერტილად და საპროტესტო აქციების განახლების თარიღად გამოაცხადა „პრაიმერისტების“ ჯგუფმა მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის 1 თებერვალს საზოგადოებას ”საქართველოს გამარჯვების გეგმა” წარუდგინა. ამ გეგმამ მას შემდეგ სერიოზული სახეცვლილებები განიცადა და „პრაიმერისტების“ აქციაც 9 აპრილს ჭადრაკის სასახლიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობით შემოიფარგლა; თუმცა ყრილობა 9 აპრილს გაიმართა და თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატები მათი რიგებიდან 9 აპრილს გამოვლინდნენ.

იმ 9 აპრილიდან მოყოლებული, მე ვფიქრობ, ზოგადად 9 აპრილი, როგორც მოვლენა, არ არის შეფასებული და გააზრებული საქართველოში
”დავამთხვიეთ, იმიტომ რომ ისევ გრძელდება ის ბრძოლა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს მიმდინარეობდა. ჩვენ 9 აპრილიდან ვიწყებთ კამპანიებს, რომლებსაც ასევე ექნება საპროტესტო აქციების ფორმაც. ჩვენი კამპანიის ერთი ნაწილი იქნება აუცილებლად პროტესტი იმ უსამართლობების მიმართ, რომელიც არის ქვეყანაში და რომელთან შეგუებასაც ჩვენ არ ვაპირებთ”, - გვითხრა თბილისის მერის პოსტზე პრაიმერში გამარჯვებულმა ზვიად ძიძიგურმა.

9 აპრილსვე გაკეთდა განცხადებაც იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული ნოღაიდელის ჯგუფი ”მძლავრ” და ”აგრესიულ” საარჩევნო კამპანიას იწყებს. ამ ჯგუფის ოპონენტი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებმა 9 აპრილის დილემას თავი უნდა დააღწიონ:

”იმ 9 აპრილიდან მოყოლებული, მე ვფიქრობ, ზოგადად 9 აპრილი, როგორც მოვლენა, არ არის შეფასებული და გააზრებული საქართველოში. მე ცოტა ხნის წინ წავიკითხე ბატონ ნოდარ ნათაძის წერილი და გამიხარდა, რადგან ის ამბობს, რომ 9 აპრილი იყო ტრაგედია და მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ 9 აპრილის გააზრება თუ არ მოხდა, ჩვენ ზოგადად ამ საბედისწერო ნიშნის ქვეშ პოლიტიკური მოვლენების ტყვეობაში, ალბათ, ხშირად აღმოვჩნდებით, ჩვენი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე.”
XS
SM
MD
LG