Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირისგან 180 მილიონ ევროს მიიღებს


საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე. ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ხელი მოაწერეს ურთიერგაგების მემორანდუმს, რომელიც 2011-2013 წლებში საქართველოსთვის 180,29 მილიონი ევროს გამოყოფას გულისხმობს. ვიზიტის ფარგლებში, შტეფან ფულემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

ევროკავშირის დახმარების 2011-13 წლების ეროვნული ინდიკატური პროგრამის მემორანდუმის ხელის მოწერამდე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის პირველივე დღეს მან მოინახულა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული, კომპაქტურად დასახლებული დევნილები. მოგვიანებით კი მან თავისუფლების მოედანზე ”ევროპის სახლის” გახსნაში მიიღო მონაწილეობა, „ევროპის სახლისა“, რომელიც, მისივე თქმით, იქნება საქართველოსა და ევროპის კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი:

”შუადღისას გორის რეგიონში ვიყავი. პირველად გორი რუსული აგრესიის შემდეგ რამდენიმე დღეში ვნახე, ის ახლად დაბომბილი იყო. ამჯერად საშუალება მომეცა გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დევნილთათვის განკუთვნილ კომპაქტურ დასახლებებში - მართლაც კარგ სახლებში ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ სახლები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, მათ შორის, ევროკავშირის დახმარებით, უმოკლეს ვადაში აშენდა. მართლაც, სიმბოლურია, რომ ახლა ვდგავარ აქ და მონაწილეობას ვღებულობ იმ ევროპული სახლის გახსნაში, რომელიც გახდება სიმბოლო ერთობლივი მუშაობისა და ევროპისკენ მავალი გზისა.”

ურთიერგაგების მემორანდუმს 2011-2013 წლებში საქართველოსთვის 180,29 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელი შტეფან ფულემ და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მოაწერეს. 2007-2010 წლისგან განსხვავებით, მომდევნო სამწლიანი პროგრამის დაფინანსება თითქმის 60 მილიონი ევროთი გაიზარდა. 50 გვერდიან პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რას მოხმარდება აღნიშნული ფინანსური დახმარება. გიორგი ბარამიძის თქმით, ევროკავშირი მიესალმება სწრაფვას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და მათი მხარდაჭერა წლიდან წლამდე იზრდება:

”ეს თანხა გადანაწილდება იმ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის არის საჭირო. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამოქალაქო სექტორის და მედიის მხარდაჭერა, ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება - ასევე, საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური რეგულაციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში.”

”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. სამეზობლო პოლიტიკა საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ ისეთი მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ევროკავშირის ყველა მეზობელთან. ეს ვიზიტი მომცემს კიდევ ერთ შესაძლებლობას, ხაზგასმით დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი”, - აღნიშნავს შტეფან ფულე. საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება - ეს შტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტის მთავარი სასაუბრო თემა იყო. თუმცა იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც მის წინაშე ქართული არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააყენეს - კონკრეტულად კი, მოახლოებული არჩევნები და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, რუსული “კომერსანტისთვის” მიცემული ინტერვიუ. მსმენელს შევახსენებთ, რომ საუბარია ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ომის დროს გივი თარგამაძისა და რუსული მხარის გარიგებებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, რუსებს გორში სტალინის ძეგლი უნდა აეფეთქებინათ. ”ჩვენ ამ საკითხსა და მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე მისი აზრი გვაინტერესებდა”, - ამბობს „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ვიზიტის ფარგლებში, შტეფან ფულე სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშსაც შეხვდა. ტუღუშის განცხადებით, ევროკომისარი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

შეგახსენებთ, რომ შტეფან ფულე ევროკომისრის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტებს მართავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. საქართველომდე ის სომხეთს სტუმრობდა. 9 აპრილს კი ევროკომისარი აზერბაიჯანს ესტუმრება.
XS
SM
MD
LG