Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქრისტიან-დემოკრატები რუსთაველ ამომრჩეველთა სიებში უამრავ უზუსტობას აფიქსირებენ


რუსთავი
რუსთავი
რუსთავის პარტიული ორგანიზაციები ჯერჯერობით შიდასაორგანიზაციო საქმეებით არიან დაკავებულნი, თუმცა მათგან ზოგიერთმა წინასაარჩევნო განცხადებების გაკეთება უკვე დაიწყო. საუბარია ქრისტიან-დემოკრატებზე, რომლებმაც ვნების შვიდეულში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ამომრჩეველთა სიაში გამოვლენილი უზუსტობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რუსთაველი აქტივისტები ამბობენ, ამომრჩეველთა სიაში უამრავი შეცდომაა.

ალექსანდრე აბაშიძემ, ქრისტიან-დემოკრატების ადგილობრივმა ლიდერმა და ქალაქის საკრებულოს წევრმა, კერძოდ, განაცხადა, რომ პარტიის აქტივისტებმა უკვე 120 მკვდარი სული აღმოაჩინეს. 2000-ზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება საქართველოში, ხოლო რეალურად მცხოვრები 700 ადამიანი საარჩევნო სიების მიღმა აღმოჩნდა.

ალექსანდრე აბაშიძის თქმით, ეს დარღვევები ამომრჩეველთა სიების დაახლოებით 25 პროცენტის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიებში საკმარისზე მეტი შეცდომაა, რომელიც მმართველმა პარტიამ შესაძლებელია სათავისოდ გამოიყენოს, თუ, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია სიებში არსებულ ხარვეზებს არ გამოასწორებს.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე კი აცხადებს, რომ ქრისტიან-დემოკრატების მიერ სიებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები ბევრ შემთხვევაში უსაფუძვლოა და, აი, რატომ: „არავის აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, საარჩევნო სიიდან ამოიღოს და ხმის უფლება ჩამოართვას.“

სიების დაზუსტებისთვის ბრძოლაში ქრისტიან-დემოკრატები, როგორც ალექსანდრე აბაშიძე ამბობს, ჯერჯერობით მარტონი არიან. მისი თქმით, პარტიებმა სახელმწიფოსგან სიების გადასამოწმებელი ფული კი აიღეს, მაგრამ, რუსთავის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი წევრი და ამჟამად კონსერვატიული პარტიის ადგილობრივი ლიდერი გელა ღუნწკიძე კი ამბობს, რომ მათ რამდენიმე საარჩევნო უბანი გადაამოწმეს და დარღვევებიც დააფიქსირეს, რომელთა შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისს ეცნობა.

თუმცა კონსერვატორებს ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი აინტერესებთ. საქმე ისაა, რომ ეგრეთ წოდებული პრაიმერის ჯგუფის ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთა შორის კონსერვატორებიც იგულისხმებიან, გადაწყვიტეს ქვემო ქართლში არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარ კანდიდატებზე პრაიმერისა და სოციოლოგიური გამოკითხვის გარეშე შეჯერდნენ.

გელა ღუნწკიძის თქმით, მის პარტიას უკვე ჰყავს შერჩეული 10 მაჟორიტარი კანდიდატი, თუმცა, თუ რომელიმე პარტიას უკეთესი კანდიდატურა ეყოლება, შეთანხმება მოხდება ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი კანდიდატის წარდგენის თაობაზე.

ცნობისათვის: ახალი კანონით, რუსთავის საკრებულოს წევრთა რაოდენობა 15-დან 25-მდე იზრდება. შესაბამისად, რიგითი რუსთაველები 10 დეპუტატს მაჟორიტარული, ხოლო 15-ს პროპორციული სისტემით აირჩევენ.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG