Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლიან მანდატურები სკოლაში


თბილისის 51-ე საჯარო სკოლა
თბილისის 51-ე საჯარო სკოლა
15 აპრილიდან თბილისის ათ სკოლაში სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანები - მანდატურები - გამოჩნდებიან. ამ საქმისთვის საგანგებოდ შერჩეულ ათ ქალსა და ოც კაცს უკვე ამზადებენ პოლიციის აკადემიაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურების ერთადერთი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ძალადობის პრევენცია იქნება, თუმცა სამინისტროში იმასაც აზუსტებენ, რომ უიარაღო მანდატურებს საერთო არაფერი ექნებათ პოლიციასთან და რომ მანდატურები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან.

საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ექვსი წლის წინ დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ სწორედ სკოლაში იგებს ბავშვი რა არის ძალადობა და ჩაგვრა. ძალადობისა და ჩაგვრის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით, რომელთა რეალური პერსონაჟები სკოლის მოსწავლეები არიან, სავსეა ინტერნეტი. ძალადობასთან ერთად მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლაშივე ეზიარება ალკოჰოლსა და სიგარეტს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაღალ სტანდარტს ყველა საჯარო სკოლა ვერ აკმაყოფილებს. რადიო თავისუფლების არქივში შენახულია ჩანაწერი, რომელშიც თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია სკოლის მოსწავლისათვის ჩამორთმეულ მახვილზე ლაპარაკობს:
„იმ ყმაწვილმა მითხრა, თავდაცვისთვის მჭირდებაო, მაგრამ თავდაცვისთვის ამგვარ მკვლელობის იარაღს არავინ იდებს უბეში. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ე.წ. „ქაოსის წლებმა“ უკვალოდ არ ჩაიარა და საქართველოს მთავრობას დაამჩნია თავისი დაღი.“

თუმცა უკანასკნელი ორ-სამი წლის განმავლობაში სკოლების ნაწილმა მეტ-ნაკლები წარმატებით გადაწყვიტა უსაფრთხო გარემოსა და წესრიგის პრობლემა. მე-5 საჯარო სკოლამ ამ მიზნით კონტრაქტი გააფორმა კერძო დაცვის სამსახურ „ალიგატორთან“, რომლის სამი თანამშრომელი დღე-ღამის განმავლობაში სკოლის შენობაში მორიგეობს.

„გაკვეთილების დამთავრებამდე ბავშვების შენობიდან გასვლის შანსი არ არის, ჩხუბიც გამორიცხულია, მაშინათვე ჩავერევით.“ - დაცვის თანამშრომელმა იოსებ ბარნაბიშვილმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ საქმეს მნიშვნელოვნად უადვილებს რამდენიმე ათეული ვიდეოკამერა, რომელიც დერეფნებისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კონტროლის საშუალებას იძლევა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამგვარი მომსახურება ძვირია და მასზე ყველა სკოლას არ მიუწვდება ხელი. განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმედოვნებს, რომ მანდატურები ამ ხარვეზს გამოასწორებენ:

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
„მანდატურები შედიან სკოლაში იმისათვის, რომ მოახდინონ დანაშაულის პრევენცია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ახალი სასწავლო წლიდან ყველა დიდი ქალაქის სკოლაში ეს პროგრამა განხორციელდება და ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება უსაფრთხო სკოლის პრობლემა.“

დიმიტრი შაშკინის თქმით, თითო სკოლაში სამი მანდატური - ორი კაცი და ერთი ქალი - იმორიგევებს. სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატები ამჟამად პოლიციის აკადემიაში გადიან მომზადების კურსს. აკადემიის რექტორის ხატია დეკანოიძის თქმით, მომავალი მანდატურები სპეციფიკურ დისციპლინებს შეისწავლიან:

„ეს იქნება ბავშვთან ურთიერთობა, მოზარდების ფსიქოლოგია. გარდა ამისა, აუცილებლად იქნება ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო თავდაცვა, ეფექტური კომუნიკაცია. ყველაფერი გვაქვს სისტემაში ჩართული, რაც აუცილებელია ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლად და სკოლაში წესრიგის დასაცავად.“

წესრიგის დაცვა რომ პრობლემაა, ამას ეგრეთ წოდებული სანიმუშო სკოლების მოსწავლეთა მშობლებიც შენიშნავენ. ელენე კალანდაძის შვილი 51-ე საჯარო სკოლაში სწავლობს:

„ძალიან ბევრი დანაშაული არის დაფარული, არ ხმაურდება, მაგრამ სინამდვილეში ბევრად მეტი დანაშაული ხდება. ამიტომ შემოსაღებია მანდატურის სამსახური. პატრულმა ხომ გაამართლა, ასევე გაამართლებს მანდატურიც.“

51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საგანგებოდ ემზადებიან სიახლისთვის: 15 აპრილისთვის გარემონტდება მანდატურებისთვის გამოყოფილი ოთახი, სართულებზე გამოქვეყნდება გაკვეთილების განრიგი, ხოლო პედაგოგებისთვის დამზადდება სამკერდე ნიშნები სახელებისა და გვარების მითითებით. დირექტორის მოადგილის მანანა თურქაძის თქმით, სიახლეს სკოლა არაერთგვაროვანი განწყობით ხვდება. პედადგოგთა ნაწილი წინააღმდეგია, ნაწილს კი მანდატურების დახმარების იმედი აქვს.

„ჩვენ, მაგალითად, ვერ მოვახერხეთ, რომ არ ეწეოდნენ ბავშვები ტუალეტში. რა გავაკეთოთ, არ ვიცით. ხომ არ შევუვარდებით შიგნით? რომ დაიჭირო მოწევაზე, ჯარიმას გადაიხდიან და ამით დამთავრდება ყველაფერი“, უთხრა რადიო თავისუფლებას მანანა თურქაძემ.

მაგრამ რა შეუძლია მანდატურს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელია და არა შინაგან საქმეთა სამინისტროსი? დიმიტრი შაშკინი განმარტავს:

„მანდატურებს არ ექნებათ იარაღი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იქნებიან დაუცველები. მთლიანად გაწერილია მანდატურების უფლება-მოვალეობა. მანდატური არ სჯის არც ერთ ბავშვს, მას ამის უფლება არ აქვს. მანდატური აყენებს საკითხს დირექტორთან. თუ დირექტორი არ მიმართავს კონკრეტულ ქმედებას პრობლემის გადასაწყვეტად, მაშინ მანდატურს აქვს უფლება მიმართოს სამინისტროს.“

სკოლის მანდატურების ტრეინინგი
თუმცა განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა და სიახლეს პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებიც მიიღებენ. თორნიკე იმერლიშვილი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა:

„ბევრ სკოლაში არის დაცვა, რომლის წევრებთან მოსწავლეებს აქვთ კარგი ურთიერთობა და ბევრ სკოლაში არის დაცვა, რომლებსაც ეგრეთ წოდებული „კაი ბიჭები“ სცემენ და რაღაცეებს უშვებიან. ვფიქრობ, რომ მანდატურს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ ბავშვთან ურთიერთობა შეეძლოს.“

ბავშვებთან ურთიერთობა რომ მარტივი არაა, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც მეტყველებს. 2009 წლის განმავლობაში სასამართლოს წინაშე 700-მდე არასრულწლოვანი წარდგა, მათ შორის ასამდე მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ მთავრობის ახალი მიდგომით სკოლა იმაზე მეტად უსაფრთხო გახდება, ვიდრე ახლაა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG