Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უდევს საფუძვლად ჯეიმს ჯორჯ იატრასის ბრალდებებს საქართველოს მიმართ?


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ საქართველოს დადანაშაულებასთან უნისონშია შეერთებული შტატების ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული ორიოდე წერილი, რომლებიც საქართველოში შეუმჩნეველი დარჩა. სტატიებში საუბარია იმაზე, რომ საქართველო თავშესაფარს აძლევს ჯიჰადისტებს, მთავარი აქცენტი კი კეთდება გასული წლის დეკემბერში თბილისში თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით გამართულ გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე, სადაც ყურადღება რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული და იდეოლოგიური ბრძოლის წარმოებაზე გამახვილდა. საკითხავია, მართლა გაიმართა თუ არა ასეთი გასაიდუმლოებული შეხვედრა თბილისში და რას შეიძლება ნიშნავდეს ამერიკულ მედიაში ასეთი ნეგატიური შინაარსის პუბლიკაციების გამოჩენა.

სტატიებს, რომლებიც ამერიკულ „ვაშინგტონ ტაიმსსა“ და ინტერნეტგამოცემა „პოლიტიკალ მეივენსში“ გამოქვეყნდა, წითელ ზოლად გასდევს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კრიტიკა, ადმინისტრაციისა, რომელიც, შესაძლოა, ძველ შეცდომებს იმეორებდეს და სამხედრო დახმარებას უწევდეს ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიაზე თავშესაფარს აძლევს ტერორისტებს. სტატიების ავტორები არიან ჯეიმს ჯორჯ იატრასი, საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი, და ჯულია გორინი, ქვეყანაში კი, რომელიც ტერორისტებს აძლევს თავშესაფარს და მათ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტებისათვის ამზადებს, საქართველო იგულისხმება. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა თავის მოკლე კომენტარში ამ სტატიებში გატარებულ აზრს სისულელე უწოდა:

„ეგ არის სისულელე და „ვაშინგტონ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატიები, რომლებიც, მით უმეტეს, შეკვეთილია ხოლმე, არ არის არაფერი. „ვაშინგტონ ტაიმსში“, რაზეც გადაიხდი ფულს, იმას დაგიბეჭდავენ.“

ჯეიმს იატრასი „ვაშინგტონ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ დაფინანსებულ სტატიაში, კერძოდ, ეყრდნობა ინკოგნიტო სანდო წყაროს, რომელმაც მას საქართველოში 2009 წლის დეკემბერში ჩატარებული ევროპისა და ისლამური ქვეყნების ჯიჰადისტთა საიდუმლო შეხვედრის თაობაზე უამბო. წყაროს ცნობით, საიდუმლო შეხვედრას ორგანიზებას უწევდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (გ. ლორთქიფანიძე) და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კუვეიტში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე. იმის დასადგენად, გაიმართა თუ არა ჯიჰადისტების საიდუმლო შეხვედრა საქართველოში გასული წლის დეკემბერში, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ უკანასკნელს კი პრესსამსახურის საშუალებით გაუგზავნა სტატიის ლინკიც. საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ია მახარაშვილმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ინფორმაციას ჯიჰადისტების შეხვედრაზე თბილისში შეთხზული უწოდა: „სისულელეა, თანაც - ძალიან დიდი. მეცინება. რისი ჯიჰადისტების კონფერენცია!“

დეკემბერში მსგავსი შეხვედრის ჩატარება არც უარყო და არც დაადასტურა კავკასიის საკითხების ქართველმა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, რომელიც იქვე მინიშნებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სიფრთხილე დაკარგა, რასაც კარგად იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები:

„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ძალიან კარგად ფლობენ საერთაშორისო მედიას და, ხშირ შემთხვევაში, მათი გავლენის ქვეშ არის ბევრი მედიასაშუალება, თან ისეთი სერიოზული და სოლიდური, - აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სპეციალურად შეკვეთილი მასალა, შეიძლება, „პირველი კავკასიურის“ შექმნის თუ გარკვეული თბილისური შეხვედრების შემდეგ, რომელიც მართლა იყო, და სულ აგერ იყო კონფერენცია, რომელშიც ჩერქეზული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.“

„ვაშინგტონ ტაიმსში“ ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც მთლიანად იმეორებს 30 მარტის ინტერნეტგამოცემა „პოლიტიკალ მეივენსი“, ნათქვამია, რომ თბილისში გამართული ჯიჰადისტების საიდუმლო შეხვედრაზე, გარდა სამხედრო ოპერაციებისა, კერძოდ, თავდასხმებისა ჩრდილოეთ კავკასიაში, წერს ჯეიმს იატრასი, „ ყურადღება გამახვილდა ასევე იდეოლოგიურ ბრძოლაზე, კერძოდ, რუსულენოვანი სატელევიზიო არხის, „პირველი კავკასიურის“, ამოქმედებაზე.“

ქრისტიან-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის წევრი ნიკა ლალიაშვილი ამერიკულ მედიაში საქართველოს, როგორც ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნის, დამადანაშაულებელი სტატიების გამოქვეყნებას ასევე რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო ომის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. თუმცა პარლამენტარს ძალიან დამაფიქრებლად ეჩვენება ის ფაქტი, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება ნეგატიურ კონტექსტში. კერძოდ, მარტის ბოლოს აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს რამდენიმე შეიარაღებული პირი, რომლებსაც, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან არალეგალურად გადაჰქონდათ იარაღი და საბრძოლო მასალა ტერორისტული აქტების მოსაწყობად. ამ ფონზე ნიკა ლალიაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, უფრო აქტიური საინფორმაციო პოლიტიკა აწარმოოს:

„მე ძალიან მიკვირს, რატომ არ ხდება ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის, დიპლომატიურისაც, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება, პირველ რიგში, მივაპყროთ იმისკენ, რაც დღეს ხდება. გუშინდელი განცხადების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პრაქტიკულად ომის გამოცხადება საქართველოს წინააღმდეგ. მეორე მხრივ, უნდა დავარწმუნოთ მსოფლიო საზოგადოება, რომ საქართველო არ მფარველობს ტერორისტებს.“

სტატიები, რომლებიც ამერიკულ „ვაშინგტონ ტაიმსსა“ და ინტერნეტგამოცემა „პოლიტიკალ მეივენსში“ გამოქვეყნდა, შეიცავს მოწოდებას თეთრი სახლისადმი, რათა არა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც, შესაძლოა, „მორიგ ავანტიურას გეგმავდეს.“ თუმცა ერთია ცალკეული გაზეთისა თუ ანალიტიკოსის მოსაზრება და მეორეა რეალობა. 26 მარტს პენტაგონმა განაცხადა, რომ საქართველო იმ ექვს ქვეყანას შორისაა, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისაგან წელს დაფინანსებას მიიღებენ იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც „ამ ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილოებისათვის მოამზადებს.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG