Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქვემო ქართლი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოლოდინშია


ქვემო ქართლის რეგიონში რაიონული სერვის-ცენტრების დაფუძნება დაიწყეს. სერვის-ცენტრები მიიღებენ ტრაქტორებს, კომბაინებს და მიწის დამუშავებისთვის საჭირო სხვა ტექნიკას.

ერთი ასეთი ცენტრი გარდაბნის რაიონშიც გაიხსნა. პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული დავით კირკიტაძე დაესწრნენ.

როგორც ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, სერვის-ცენტრი იმ ტექნიკით შეივსება, რომლის შემოტანაც საქართველოში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში უკვე ჩამოყვანილია სხვადასხვა სიმძლავრის 122 ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანა.

სერვის-ცენტრი უახლოეს მომავალში მარნეულშიც გაიხსნება.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა დეკანოიძე აცხადებს, რაიონი 30 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანას მიიღებს, მათ შორის - ტრაქტორებს და კომბაინებს.

„საერთო ჯამში, სერვის-ცენტრი რაიონში თავს მოუყრის 50-მდე მანქანას, რაც სავსებით საკმარისია რაიონისთვის“, აცხადებს ზაზა დეკანოიძე.

მისივე თქმით, ახალი ტექნიკა დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივი გლეხობისთვის, რადგან გლეხს სერვის-ცენტრით სარგებლობა გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე კერძო ტექნიკის დაქირავება. თუმცა, ვიდრე მარნეულში სერვის-ცენტრი ამუშავდება, მიწა, ძირითადად, დაქირავებული ტექნიკით იხვნება და გლეხობაც გვარიან თანხას იხდის: ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებისთვის 50 ლარს, პლუს საწვავი.

მაგრამ გლეხებს სხვა საზრუნავიც აქვთ. საქმე ისაა, რომ ბევრგან - და არამარტო მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - სარწყავი არხები გაუწმენდავია. ესეც რომ არ იყოს, მიწის მორწყვისთვის დაწესებული გადასახადი გლეხებს ეძვირებათ. თუმცა, როგორც ზაზა დეკანოიძე ამბობს, გადასახადი იმდენად დიდი არ არის, რომ გლეხმა ვერ გადაიხადოს. უბრალოდ, ხალხი ძნელად ეჩვევა იმ აზრს, რომ წყალიც ფული ღირს.

„კაცს, რომელსაც ერთ სეზონზე 5 ტონა პამიდორი მოჰყავს, წესით, სარწყავი წყლის მისაღებად 90 ლარის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს“, ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტის გიორგი კვალიაშვილის განცხადებით, ამჟამად რეგიონში კარტოფილის თესვა მიმდინარეობს. დაითესა ხორბალი და ქერი, დაახლოებით 10 დღეში კი სიმინდის თესვა დაიწყება. თუმცა სათესლე კულტურები წელსაც ძვირია, რაც ფერმერებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

მაგალითად, ამბობს კვალიაშვილი, ერთი კილოგრამი მაღალხარისხიანი სათესლე კარტოფილის ფასი ერთ ევროს აღემატება და ეს იმ დროს, როცა ბევრ ფერმერს სამი- სამ-ნახევარი ტონა სათესლე კარტოფილი სჭირდება.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG