Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პრესა ევროპის ქვეყნებში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ


ამ კვირაში დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ფართო ქსელის სხვადასხვა რანგის ათეულობით ხელმძღვანელი და რიგითი წევრი დააპატიმრეს. მალევე ალაპარაკდა მედია დასავლეთში, რომ საქმე ეხება „ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეობას“. დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა იერარქიის „კანონიერი ქურდები“, ასევე, უბრალოდ, „შემსრულებლები“. სწორედ ამ ტერმინებს ხმარობს ავსტრიის პრესა, რომელსაც მოჰყავს ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარია ფექტერის სიტყვები, რომ არა მხოლოდ დიდი დარტყმა მიაყენეს ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეობას, არამედ განადგურებული იქნა მაფიოზური სტრუქტურა მის მწვერვალამდე. სულ ევროპის ქვეყნებში 60-მდე პირი დააკავეს. კონრეტულად ავსტრიაში ქართულ დამნაშავეობრივ ჯგუფზე მოდიოდა ბინების ძარცვის 30 პროცენტი.

ავსტრიის გაზეთი „პრესე“ სტატიაში, რომლის სათაურიცაა „კანონიერი ქურდები“, აღწერს იერარქიას, სტრუქტურას ამ ქსელისას, რომელსაც ის ქართულ ორგანიზებულ დანაშაულს უწოდებს. წერილის ავტორი გათვითცნობიერებულა და თავის მკითხველს აუწყებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი რანგი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყნებში, არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც იტალიური მაფიის ნათლიას შეიძლება შევადაროთ. საკუთრივ „კანონიერ ქურდებს“ შორისაც არის იერარქია, იუწყება გაზეთი, რომელიც წერს, რომ სამი ქურდი წარმოადგენს უმაღლეს მმართველ დონეს. 2005-6 წლებში ქართულ მაფიას დიდი დარტყმა მიადგა დასავლეთში, როცა მათი ორი მთავარი წარმომადგენელი, ზახარ კ. და ტარიელ ო., დაააკავეს, განაგრძობს გაზეთი და იუწყება, რომ ბოლო კვირის ოპერაციის დროს, რომელსაც სამართალდამცავებმა „იავა“ უწოდეს, მათ ხელიდან გაუსხლტათ ასევე მთავარი წარმომადგენელი, რომელიც მიიმალა და იძებნება. ეს უმაღლესი სამეული განსაზღვრავს, „პრესეს“ თანახმად, ვის მიენიჭება „კანონიერი ქურდის“ წოდება და მმართველობის მეორე რანგს მიაღწევს. ისინივე განსაზღვრავენ სტრატეგიას და აგვარებენ დაპირისპირებებს. ისინივე გამოიტანენ და ამტკიცებენ განაჩენს. გაზეთის ინფორმაციით, ავსტრიის უფლებადამცავებისთვის ცნობილია, რომ ქურდად კურთხევა შესაბამისი რიტუალით ხდება. ავსტრიაში დაკავებული ორი პირი, ისევე როგორც ესპანეთში აყვანილი ასევე ორი ეჭვმიტანილი, მესამე დონეს მიეკუთვნება. ისინი აკონტროლებდნენ თავიანთ ქვემო საფეხურს და საერთო სალაროს, ჟარგონზე „ობშიაკი“ რომ ჰქვია. ამ საერთო თანხიდან ფინანსდება საერთო საქმეები, მათ შორის, როცა ქურდი სასამართლოს წინაშე აღმოჩნდება. მეორე დონეა პასუხისმგებელი ასევე შემოსავლის, ასე ვთქვათ, გარეცხვისთვის. ავსტრიის გაზეთი მკითხველს ამცნობს, რომ ვენაში 1996 წელს მოკლულ ქურდს, დავით სანიკიძეს, „ობშიაკიდან“ თანხის მითვისებისთვის გამოუტანეს ასეთი განაჩენი.

აღსანიშნავია გაზეთის დასკვნა, რომ „ქართული ორგანიზებული დამნაშავეობა“ ფირმასავით მოქმედებს. გაზეთი ამას ამტკიცებს იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ უმაღლეს და მეორე რანგს შორის არის ჩართული მაკონტროლებელი შრე, ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“, რომელიც კანონიერი ქურდების მოქმედებას ზუსტად უწევს მეთვალყურეობას, იცავენ თუ არა ისინი საერთო ინტერესებს. გაზეთი ამ თავის ინფორმაციას შემდგომ განავრცობს და სხვადასხვა ქვეყანაში - ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში - დაკავებული ქართველების რანგზე იუწყება და წერს, რომ სულ ქვედა დონის, უშუალო შემსრულებლების უმეტესობა ნარკომანები არიან. სამართალდამცველებს გაკვირვებაც გამოუხატავთ, რომ ასეთი დონის პროფესიონალები ასეთი სისუსტის ნებას აძლევენ თავს, თუმცა გაზეთში იქვე ახსნილია, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს ორგანიზაციაზე მათ დამოკიდებულებას, ამ გზით ყალიბდებიან „კარგად მომუშავე“ „შემსრულებლები“. ერთი დეტალი, რომელსაც მკითხველს „პრესე“ აუწყებს, არის ის, რომ, დაკავების შემთხვევაში, ამ ქსელის ყველა მონაწილისთვის მთავარი პრინციპია დუმილი. მათ აქვთ იმის გარანტია, რომ თუკი არავის გასცემენ, მათი ოჯახები უზრუნველყოფილი იქნებიან.

ვენაში გამომავალი „პრესეს“ თანახმად, ავსტრიის სამართალდამცველები დაკავებულ პირებს ბრალად სდებენ ბინების, მაღაზიების ძარცვას, გამოძალვას, შეიარაღებულ ყაჩაღობას, სხეულის დაზიანებას, ფულის რეცხვას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG