Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-12 ხუთმხრივი უშედეგო შეხვედრა


ენგურის ხიდი, გალის სასაზღვრო პუნქტი
ენგურის ხიდი, გალის სასაზღვრო პუნქტი
დღეს ოკუპირებულ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. რიგით მე-12 ხუთმხრივი შეხვედრა ოკუპირებულ ქალაქში 5 საათს გაგრძელდა და კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა.

ქართული მხარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ საუბარი იყო ბოლო დროს განხორციელებულ კრიმინალურ ფაქტებზე და რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, მათ შორის - ოთხი დღის წინ გარდაცვლილი ქართველი მეომრის, დემურ გოგოხიას ცხედრის გადმოცემაზე, რომელიც შოთა უტიაშვილის თქმით, ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა.

”ასევე ვისაუბრეთ სხვა ქართველ პატიმრებზე, რომლებიც აფხაზეთის ციხეებში არიან. ჩვენ მოვითხოვეთ მათი მონაცემების გადმოცემა, რა მდომარეობაში არიან”, - ამბობს უტიაშვილი.

ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობების თანახმად, გოგოხია დრანდის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა. აფხაზური მხარის მტკიცებით, იგი არა საპყრობილეში, არამედ საავადმყოფოში დაიღუპა. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ჯემალ გოგიამ, რადიო თავისუფლების პროგრამა ”ეხო კავკაზას” განუცხადა, რომ გოგოხია სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. მისი თქმით, მას 2007 წელს აფხაზურმა სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ”გარდაცვალებამდე 2 თვე საგამოძიებო იზოლატორის სანიტარულ განყოფილებაში მკურნალობდა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი - გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში იმყოფებოდა. დიაგნოზი იყო თირკმლის უკმარისობა, რომელიც სხვა დაავადებების, მათ შორის ცე-ჰეპატიტის ფონზე განვითარდა. გოგოხიას ცხედარი უკვე გადაეცა ნათესავებს სოფელ აჩიგვარაში”, - განაცხადა გოგიამ.

ვიდრე გალში ხუთმხრივი შეხვედრა მიმდინარეობდა, რადიო თავისუფლება ენგურის ხიდზე გალიდან-ზუგდიდში გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ჭუბურხინჯელი ქალის თქმით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა არ გაძნელებია, სოფელში კი სიმშვიდეა.

”საზღვარზე აფხაზები დგანან. აფხაზური პასპორტი მაქვს და უპრობლემოდ გამომიშვეს. ფული არ გადამიხდია. დედა მყავს ავად და წამლების შესაძენად გადმოვედი”, - გვიხსნის ჭუბურხინჯელი შუახნის ქალბატონი.

რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, ის გალში სამ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG