Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა უცხოეთის პრესის მსჯელობის საგნად იქცა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ ბევრი სტატია დაიბეჭდა, რომელთა უმრავლესობაც ეხებოდა ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ ტრაგიკულად დაღუპვას.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" 14 თებერვალს გამოქვეყნებული წერილი, ძირითადად, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტრაგედიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას ეყრდნობა. აღნიშნულია, რომ ამ პრესკონფერენციის აუდიტორიამ ქუმარიტაშვილის შესახებ გარკვეული დეტალები შეიტყო - მაგალითად ის, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე მან მშობლებს დაურეკა და უთხრა, მალე ჩემით იამაყებთო. „სააკაშვილის თქმით, ქუმარიტაშვილის მშობლიურ ქალაქში მისი ხსოვნის პატივსაცემად დიდი საციგაო ტრასა აშენდება, რომელიც მისი სახელობის იქნება. ერთ დროს ბაკურიანი საბჭოთა სპორტსმენების საწვრთნელ ცენტრს წარმოადგენდა, მაგრამ 1990-იან წლებში, საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, იქ ბევრი რამ განადგურდა“, - ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 14 თებერვლის ნომერში.

ამავე დღეს - 14 თებერვალს - ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში გამომავალ „ვანკუვერ სანში“ დაიბეჭდა სტატია, სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი კანადელებს თანაგრძნობისთვის მადლობას უხდის.“ „ჩვენს ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედლებს გაუსაძლის სიტუაციაში ღირსეული ქცევისთვის რომ არიგებდნენ, პირველი მედალი შესაძლოა საქართველოსთვის მიეცათო“, - ვკითხულობთ სტატიის დასაწყისში. წერილი, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხება. „ბევრი ჩვენგანი ასეთ დროს გულჩათხრობილი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე ენის სრულყოფილად მცოდნე საქართველოს პრეზიდენტი, ვანკუვერის ცენტრში მდებარე მთავარი პრესცენტრის საკონფერენციო ოთახში ქართველ სპორტსმენ, მოციგურავე ოთარ ჯაფარიძესთან ერთად მივიდა და პრესკონფერენცია მადლობის გადახდით დაიწყო“, - ვკითხულობთ გაზეთში. „კანადელებზე ბევრი რამ მქონდა გაგებული - აზროვნების სტილზე, თანაგრძნობის უნარზე - ახლა კი ეს უშუალოდ გამოვცადეთო“, - უთქვამს სააკაშვილს პრესკონფერენციაზე. თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ტკბილი სიტყვებით არ შემოფარგლულაო, - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც მოყოლილია, როგორ უპასუხა სააკაშვილმა საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უბედური შემთხვევის მთავარი მიზეზი სპორტსმენის „შეცდომა“ გახდა. „ყველა ტექნიკური დეტალი არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - რაც უნდა შეცდომა იყოს დაშვებული სპორტში, ეს სიკვდილით მაინც არ უნდა დამთავრდესო“, - უთქვამს ფედერაციის პასუხად სააკაშვილს.

19 თებერვალს „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ ქუმარიტაშვილის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოყვანილია ავსტრიის მოციგავეთა გუნდის წევრის, ვოლფგანგ კინდლის სიტყვები, რომ გარკვეული პერიოდის წინ საწვრთნელი ვარჯიშის შემდეგ მისი თანაგუნდელები უისტლერის საციგაო ცენტრის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამდნენ და მწვრთნელებმა ეს ინფორმაცია ციგაობის საერთაშორისო ფედერაციას 2009 წელს გადასცეს. „პირველი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩვენმა მწვრთნელებმა ფედერაციას შეატყობინეს, რომ ეს ადგილი ძალიან სახიფათო იყო, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლიაო“, - უთქვამს ავსტრიელ მოციგავეს. იქვე მოყვანილია ავსტრიის ციგაობის ფედერაციის გენერალური მდივნის, კრისტოფ შვაიგერის სიტყვები: ორი წლის წინ გუნდის წევრები მართლაც აღნიშნავდნენ, რომ უისტლერის ტრასა ძალიან რთული იყო, მაგრამ სპორტსმენებს არ უთქვამთ, ის სახიფათოაო, - ამბობს ის. „ეს იყო ძალიან, ძალიან სწრაფი და ძალიან, ძალიან რთული ტრასა“, - ამბობს შვაიგერი და დასძენს: „მაგრამ სპორტსმენებისგან არ გამიგია, რომ ის დიდ ხიფათს შეიცავდა.“ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ ასევე ვკითხულობთ, რომ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას გაზეთისთვის ამ საკითხზე კომენტარზე უარი უთქვამს.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვა მთავარი თემა იყო, რომელსაც დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიები მიეძღვნა, თუმცა რამდენიმე წერილი სხვა საკითხებსაც გამოეხმაურა.

19 თებერვალს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ კიდევ ორი სტატია დაიბეჭდა საქართველოს შესახებ. ერთ-ერთი წერილი წარმოადგენს რეცენზიას რონ ასმუსის წიგნზე „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო.“ წიგნი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. რეცენზიის ავტორია ნატოსთან ასოცირებული ექსპერტი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ადამ როტფილდი. „ამ წიგნის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ომი მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა“, - წერს როტფილდი და განაგრძობს: „ამ ომში დამარცხებული მხარეები იყვნენ ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც, რომლებმაც ეს კონფლიქტი ვერ აღკვეთეს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დამარცხებულებს რუსეთიც შეგვიძლია მივაკუთვნოთ. ბატონ ასმუსის აზრით, მოსკოვმა ომი სამხედრო თვალსაზისით კი მოიგო, მაგრამ ეს ტრიუმფალური გამარჯვება არ ყოფილა. მან ვერ მიაღწია რეჟიმის შეცვლას - მის მიერ სეპარატიზმის მხარდაჭერამ კი სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობის წინაპირობა შექმნა. ამასთან, მოსკოვმა დაარღვია ცივი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრინციპები - მაგალითად, საზღვრების ხელშეუხებლობა, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სამხედრო ძალის უარყოფა“, - ვკითხულობთ რეცენზიაში, რომელიც „უოლ სტრიტ ჯორნალში“ 19 თებერვალს გამოქვეყნდა.

ამავე დღეს და ამავე გამოცემაში დაბეჭდილი კიდევ ერთი სტატია ეხება რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდის მიყიდვის შესახებ საფრანგეთის გეგმას და კრიტიკულ მოსაზრებებს, რომლებიც ამ გეგმასთან მიმართებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა. ლონდონში მყოფ სააკაშვილს ჟურნალისტებისთვის უთქვამს, ეს „ძალიან უჩვეულო და სახიფათო“ გარიგება შეიძლება აღქმული იქნეს როგორც საფრანგეთისთვის მიცემული ჯილდო იმისათვის, რომ რუსეთს არ აიძულებს სრულად შეასრულოს საქართველოსთან აგვისტოს ომის ბოლოს დადებული საზავო ხელშეკრულების პირობებიო. სააკაშვილის თქმით, პარიზს თბილისმა „არაოფიციალურად“ უკვე შეატყობინა თავისი აზრი ამ გარიგების თაობაზე,თუმცა ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს. ამის შესახებ ვკითხულობთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ 19 თებერვლის ნომერში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG