Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნა „არაპოლიტკორექტული სიმართლის“ გამო


უმიდა აჰმედოვა, ფოტოგრაფი და რეჟისორი
უმიდა აჰმედოვა, ფოტოგრაფი და რეჟისორი
თვეზე მეტია, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება უზბეკეთისკენაა მიპყრობილი. ტაშკენტში ცნობილი უზბეკი ფოტოგრაფი და რეჟისორი უმიდა აჰმედოვა ცილისწამების ბრალდებით გაასამართლეს. უზბეკეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ აჰმედოვას ნამუშევრები, რომლებშიც უზბეკი გლეხების ცხოვრებაა ასახული, შეურაცხყოფს უზბეკ ხალხს და ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს. სასამართლომ ხელოვანი ქალი დამნაშავედ ცნო, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე, მას სასჯელის საპყრობილეში მოხდა არ მოუწევს.

უმიდა აჰმედოვას ფოტო
უზბეკეთის ხელისუფლების რისხვა გამოიწვია 54 წლის უმიდა აჰმედოვას ფოტოების კოლექციამ, სახელწოდებით „ქალები და კაცები: განთიადიდან დაღამებამდე“, რომელშიც ასახულია უზბეკეთის სოფლების მძიმე ცხოვრება. უკმაყოფილების მიზეზად იქცა ასევე აჰმედოვას ფილმი „ქალწულობის ტვირთი“, რომელშიც ქორწილისა და ქორწინების უზბეკურ ტრადიციებზეა საუბარი. თავად აჰმედოვა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ საკუთარ შემოქმედებაში უზბეკეთის ადათებსა და ტრადიციებს ასახავდა. ხელოვანმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ მიზნად არ ჰქონია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება:

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ფოტოებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის შეურაცხყოფად და ცილის წამებად აღიქვამდნენ. სხვადასხვა გარემოებათა გამო - ეს ჩემთვის ძალიან მძიმე ტვირთია.“

უმიდა აჰმედოვას ფოტო
აჰმედოვა 16 დეკემბერს დააკავეს, ცოტა ხნის წინ კი განსასჯელის ადვოკატს გააცნეს დასკვნა, რომელიც ექსპერტთა ჯგუფმა ხელოვანი ქალის ფილმებისა და ფოტონამუშევრების შესწავლის შემდეგ შეადგინა. დასკვნის მიხედვით, აჰმედოვა უზბეკი ხალხის ცხოვრებასა და ტრადიციებს ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს. რჩება შთაბეჭდილება, რომ უზბეკები შუა საუკუნეებში მცხოვრები ბარბაროსები არიან.

„ფოტოების 90 პროცენტი შორეულ, სუსტად განვითარებულ უზბეკურ სოფლებშია გადაღებული“, - ნათქვამია დასკვნაში, სადაც ასევე ვკითხულობთ: “რატომ არ იღებს აჰმედოვა ლამაზ ადგილებს, თანამედროვე შენობებსა და მდიდარ სოფლებს?“ ექსპერტთა ჯგუფის რისხვა დაიმსახურა უმიდა აჰმედოვას ფილმმაც, რომელშიც ყურადღება ქორწინებისა და წინადაცვეთის ტრადიციებზეა გამახვილებული.

უმიდა აჰმედოვას ფოტო
უნდა ითქვას, რომ ხელოვან ქალს ფოტოკოლექციისა და ფილმის შექმნაში ფინანსური დახმარება ტაშკენტში შვეიცარიის საელჩომ გაუწია. ორი ნაწილისაგან შემდგარ ფილმში, რომლის სახელწოდებაა „ქალწულობის ტვირთი“, ნაჩვენებია უზბეკური ტრადიციების განსაკუთრებულობა და ის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში პატარძლის ქალწულობას ქორწინების პირველ ღამეს. ფილმში წარმოჩენილია ისიც, თუ რამდენი ახალშექმნილი ოჯახი ინგრევა ქორწინების ღამის შემდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ პატარძალს ქალწულობა გათხოვებამდე აქვს დაკარგული. კადრში ჩნდება ქალი, რომელიც იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ გააძევეს ქმრის სახლიდან და, შერცხვენილი, მშობლებთან დააბრუნეს.

ფილმის ჩვენებამ უზბეკეთის საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. შვეიცარიის საელჩომ კი, რომელმაც ავტორს ფინანსური დახმარება გაუწია, რატომღაც გვერდზე გადგომა არჩია. არადა, აჰმედოვას ფოტოები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო თბილისში, კოპენჰაგენსა და სხვა ქალაქებში. თავად ხელოვანს დამთავრებული აქვს „ვგიკი“ - მოსკოვის პრესტიჟული კინოსკოლა, უზბეკეთის ხელისუფლების მხრიდან უმიდა აჰმედოვას დევნასა და დაპატიმრებით მუქარას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. როგორც ჩანს, ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის მხარდამჭერმა კამპანიამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო: უზბეკეთის ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია იმ ათასზე მეტი მხატვრის, ხელოვნებათმცოდნისა და უფლებადამცველის გულისწყრომას, რომლებმაც ხელი მოაწერეს საგანგებო მიმართვას და აჰმედოვას გათავისუფლება მოითხოვეს. სასამართლომ, მართალია, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ, ამნისტიის საფუძველზე, ხელოვან ქალს სასჯელის საპყრობილეში მოხდა აღარ მოუწევს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG