Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მუხროვანის ამბოხი” - პროცესი “ლიბერალიზმის” გარეშე


მიხეილ სააკაშვილი მუხროვანში
მიხეილ სააკაშვილი მუხროვანში
“მუხროვანის ამბოხად” წოდებული სასამართლო საქმე დასასრულს უახლოვდება. 29 დეკემბერს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას უკანასკნელად შეეცადა ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე, რომელსაც დანარჩენ სამ მთავარ განსასჯელთან ერთად ხელისუფლების დამხობის მიზნით“ ამბოხების მომზადება” ედება ბრალად.

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების გმირი, განსასჯელი კობა კობალაძე თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. “ჩემი მეამბოხედ გამოცხადება იგივეა, რომ ვინმემ ჩემზე თქვას, რომ ვარ ბალერინა და მქვია თამრო”, - ხუმრობდა 29 დეკემბერს 120 კილოიანი გოლიათი სასამართლო პროცესზე, რომელზეც კობალაძეს უკანასკნელად მიეცა სიტყვა საკუთარი თავის დასაცავად. პროკურატურის საბრალდებო დასკვნა ცნობილია. პროკურორმა გრიგალაშვილმა 23 დეკემბრის სხდომაზე გენერალ კობა კობალაძისათვის 13 წლის პატიმრობა მოითხოვა “ხელისუფლების დამხობის მიზნით სამხედრო ამბოხის” ორგანიზატორობის გამო. მძიმე ბრალდება ეფუძნება ჩვენებას ერთადერთი მოწმის ყოფილი ოფიცრის, გია ღვალაძისა, რომელსაც, გამოძიებასთან თანამშრომლობის წყალობით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კობა კობალაძის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, 29 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს გაუჭირდება ბრალდების დასკვნის გაზიარება.

“არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსამართლეს გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც კანონი მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენისათვის”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი და ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ არსებით მომენტზე პროკურორის საბრალდებო სიტყვიდან: “ფაქტიურად, პროკურორმა თავის საბრალდებო სიტყვაში კობალაძის მიმართ არც კი ახსენა, რომ ბრალდებას აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმიტომ რომ, მართლა არ აქვთ. ესენი მტკიცებულებად მიიჩნევენ მხოლოდ გია ღვალაძის ჩვენებას. და ის რომც ჩავთვალოთ მტკიცებულებად (ეს ისეთი აბდაუბდა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაა, რომ მისი მტკიცებულებად ჩათვლა შეუძლებელია), ეს არის ერთი და არა მტკიცებულებათა ერთობლიობა.”

გენერალმა კობა კობალაძემ პროცესზე უარყო დანაშაულში მონაწილეობა და ყოველგვარი კავშირი იმ პირებთან, რომლებსაც, ბრალდების თანახმად, ამბოხის ორგანიზება და განხორციელება ევალებოდათ. “ჩაიხედეთ ჩემს საბრძოლო ბიოგრაფიაში, ბატონო მოსამართლევ”, - მიმართა 29 დეკემბრის პროცესზე სასოწარკვეთილმა განსასჯელმა კობა კობალაძემ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს, - “და დარწმუნდებით, რომ ამბოხში რომ მიმეღო მონაწილეობა, სულ სხვანაირი შედეგი იქნებოდა.”

გენერალი კობა კობალაძე სამხედრო საქმის კარგ ორგანიზატორად და შემსრულებელად ითვლებოდა.

კობა კობალაძე 1990 წლიდან ქართული არმიის რიგებშია, იგი ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის, ერთადერთ ქართველი კავალერია და მის ანგარიშზეა გუმისთის ოპერაციაში მონაწილეობა 1993 წლის მარტში, რუსული ტაქტიკური დესანტის ლოკალიზებისა და განდევნის საბრძოლო ოპერაცია კოდორის ხეობაში 2001 წლის გაზაფხულზე, ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია რუსლან გელაევის რაზმების წინააღმდეგ პანკისის ხეობაში 2002 წლის შემოდგომაზე. გენერალმა კობა კობალაძემ უხელმძღვანელა მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო აღლუმს ბათუმში 2004 წლის 25 იანვარს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან წერილობითი მადლობა მიიღო.

თუმცა 2009 წლის 5 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მუხროვანის ბაზაზე მივიდა ორსაათიანი სამხედრო მღელვარების დასრულების შემდეგ, გენერალ კობა კობალაძეზე განაცხადა, რომ “მას, ბოროტების გარდა, ქვეყნისათვის არაფერი გაუკეთებია და რომ იგი დიდ ხნის წინ იყო მისახედი.” ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გვერდით მდგარ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიუბრუნდა და შემდეგი სიტყვები უთხრა: ”ლიბერალიზმმა მიიღო უკვე საშიში ხასიათი. ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ. ეს ხალხი ჩამოყალიბებული კრიმინალებია და ყველამ კარგად ვიცით.”

სახელმწიფო ბრალდება ნამდვილად არ აპირებს იყოს ლიბერალური მუხროვანის საქმის მიმართ. მთავარმა ბრალმდებელმა 23 დეკემბერს კობა ოთანაძისთვის 30 წლიანი პატიმრობა მოითხოვა, რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის ლევან ამირიძისთვის - 29 წელი, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაურის შოთა (მამუკა) გორგიაშვილისთვის კი - 19 წელი.

პროკურორმა ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურის კობა კობალაძისათვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ოთხივე განსასჯელს ბრალად ედება ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით, თუმცა ოთხივე მათგანი ამ ბრალდებას უარყოფს.

მუხროვანის საქმეზე 41 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 31 პირს, რომელმაც აღიარა დაუმროჩილებლობაში მონაწილეობა, საპროცესო გარიგება გაფორმდა. როგორც სასამართლო პროცესზე განმარტეს განსასჯელებმა, მათ ამ ფორმით უარის თქვეს, 26 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე. პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა მე-3 ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის კახა კობაიძისთვის, ხოლო 4-წლიანი პატიმრობა და 20 000-იანი ჯარიმა - პირველი ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის დავით სულხანიშვილისათვის. ორივე ყოფილ სამხედრო მეთაურს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.

ახლა სიტყვა უკვე მოსამართლე ჯემალ კოპალიანზეა, რომელიც განჩინებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ გამოაცხადებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG