Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 1 დეკემბერი 2009


რუსეთის პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს - დმიტრი მედვედევის პროექტს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების თაობაზე.

„კომერსანტი“ წერს, რომ დოკუმენტი იურიდიულად ამყარებს რუსეთის პრეზიდენტის მთავარ საგარეოპოლიტიკურ ინიციატივას, რომელიც მან პირველად გასული წლის ზაფხულში წამოაყენა - მალევე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა.

„შეთანხმების მთავარი იდეა უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შექმნას უკავშირდება, რომლის უზრუნველყოფაში უნდა ჩაერთოს ევროატლანტიკური და ევრაზიული სივრცის ყველა ქვეყანა“, - წერს „კომერსანტი“ და აღნიშნავს, რომ ამით კრემლი მოუწოდებს დასავლეთს, უარი თქვას თავისი გავლენის გავრცელების მცდელობაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. გაზეთში ვკითხულობთ, რომ, მოსკოვის აზრით, არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს უფლება თავისი უსაფრთხოება სხვის ხარჯზე განამტკიცოს. ამ ორგანიზაციებში კრემლი, უპირველესად, ნატოს გულისხმობსო, - განმარტავს „კომერსანტი“.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ თავდაპირველად დასავლელი პარტნიორების რეაქცია მოსკოვის წინადადებებზე საკმაოდ გულგრილი იყო. მას შემდეგ კი, რაც ვაშინგტონში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მივიდა, დასავლეთის პოზიცია ნელ-ნელა შეიცვალა. სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით, მოსკოვმა გადაწყვიტა წარმატება კიდევ უფრო განემტკიცებინაო, - წერს „კომერსანტი“.

”ვედომოსტი” კი განმარტავს, რომ, პროექტის მიხედვით, შეთანხმების მონაწილე ქვეყანა ვალდებულებას იღებს უარი თქვას ქმედებაზე, რომელიც სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას უკავშირდება, მხარი არ დაუჭიროს ასეთ ქმედებებს და არ დაუთმოს თავისი ტერიტორია შეიარაღებული თავდასხმის მომზადებას.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ მარგელოვმა გაზეთს უთხრა: გამოქვეყნებული ტექსტი არის ადრე გამოთქმული წინადადებების შეჯამების მცდელობა, დანარჩენი ქვეყნები ახლა უნდა გამოვიდნენ ან დამატებებით ან უარყოფითო.

„კომსომოლსკაია პრავდაც“ აქვეყნებს პუბლიკაციას ამ თემაზე. აქ მოტანილია კარნეგის ცენტრის დირექტორის დმიტრი ტრენინის კომენტარი. მისი თქმით, შეუძლებელია ყველა პრობლემის ერთი იურიდიული დოკუმენტით გადაწყვეტა. „მთავარი პრობლემა ნდობის არარსებობაა - ნდობისა როგორც რუსეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა რუსეთის მიმართ“,- უთხრა დმიტრი ტრენინმა გაზეთს.

დაბოლოს, „კომსომოლსკია პრავდა“ წერს: ”ახლა მოსკოვი ელოდება ევროპელი პარტნიორების რეაქციას თავის, კაცმა რომ თქვას, რევოლუცურ ინიციატივაზე და მზად არის შემხვედრი წინადადებები განიხილოს.”
XS
SM
MD
LG