Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარომირ შტეტინა: “რუსეთს არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა ტანკების გარეშე”


იარომირ შტეტინა
იარომირ შტეტინა
საქართველოში სტუმრად იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის დელეგაცია, რომლის ერთ-ერთ წევრს, იარომირ შტეტინას, „ეხო კავკაზას“ მთავარი რედაქტორი ანდრეი ბაბიცკი ტელეფონით დაუკავშირდა და საქართველოში სტუმრობის მიზეზებზე, რუსეთ-საქართველოს ომისა და საქართველოს საშინაო პრობლემების შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა. “რა მიზნით ჩავიდა სენატის დელეგაცია საქართველოში?” – ასეთი იყო ანდრეი ბაბიცკის პირველი შეკითხვა.

იარომირ შტეტინა: ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზეზი იყო რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ჩეხეთის პარლამენტის პოზიციის მიწოდება, რამდენადაც ჩეხეთის პარლამენტის სენატმა უკვე მიიღო ორი დადგენილება და მკაფიოდ გამოხატა უარყოფითი პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო.

ანდრეი ბაბიცკი: და როგორია თქვენი, შესაძლოა, პირადი დამოკიდებულება ევროკავშირის სპეციალური კომისიის მოხსენებაზე, სადაც გასული წლის აგვისტოს მოვლენებზე პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება თბილისს?

იარომირ შტეტინა: მე, რა თქმა უნდა, წავიკითხე კომისიის მოხსენება. სამწუხაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, მათ შორის ჩეხეთშიც, გამოარჩიეს ამ მოხსენების მხოლოდ ერთი პუნქტი, რომ გასული წლის შვიდი აგვისტოს ღამით ცეცხლი ქართველებმა გახსნეს. Eეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა, მაგრამ ომი დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში, და აგვისტოში ქართველების მიერ გაცემული საომარი პასუხი იყო რეაქცია რუსეთის 58-ე არმიის ყოფნაზე როკის გვირაბში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ორმხრივ დანაშაულს, შეუძლებელია ამის მიღება. რა ორმხრივ დანაშაულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუკი დიდი სახელმწიფო, ისეთი უზარმაზარი ძალა, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის არმია, თავს დაესხმება პატარა დამოუკიდებელ ქვეყანას?

ანდრეი ბაბიცკი: ბევრი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ საქართველო თავის მცირე მეზობლებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთანაც ანალოგიურად იქცევა, როცა თავს ესხმის მათ. თქვენი აზრით, არის ამ ბრალდებებში რაციონალური მარცვალი?

იარომირ შტეტინა: არაფერი რაციონალური ამ ბრალდებებში არ არის. საქართველო არანაირ მეზობლებს არ ესხმის თავს. საქართველოს მთავრობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებდა. მით უმეტეს, არ შეიძლება სამხრეთ ოსეთსა და კოსოვოში შექმნილი ვითარებების შედარება, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. კოსოვოში ბელგრადის ხელისუფლებას უნდოდა მილიონ რვაასი ათასი ალბანელის განდევნა. საქართველო კი არასოდეს, არანაირად არ ცდილა სამხრეთ ოსეთიდან ოსების განდევნას. სხვაობა უზარმაზარია.

ანდრეი ბაბიცკი: ნიშნავს თუ არა ასეთი მიდგომა იმას, რომ რუსეთს ჰქონდა სრული უფლება ემოქმედა ჩეჩნეთში ისე, როგორც მოქმედებდა და კვლავ განაგრძობს მოქმედებას?

იარომირ შტეტინა: შიდა პრობლემების გადაწყვეტა მრავალნაირად შეიძლება. ჩეჩნეთი – ეს იყო რუსეთის ფედერაციის ტრადიციული, იმპერიული გადაწყვეტილება. რუსეთს არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა ტანკების გარეშე. აიღეთ ისტორიის უკანასკნელი ათწლეული: სულ ტანკები, ტანკები, ტანკები. შარშან კი იყო მოვლენები საქართველოში, რისი წარმოდგენაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია.

ანდრეი ბაბიცკი: და “გრადები”, რომლითაც ქალაქი იბომბება, თქვენ ფიქრობთ, ბევრად უმჯობესია?

იარომირ შტეტინა: ალბათ, გახსოვთ, რა თქვეს ომბუდსმენმა ლუკინმა, პრეზიდენტმა მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა პუტინმა შარშან 8 აგვისტოს: თითქოს, საქართველომ ღამის უცაბედი თავდასხმით 3 ათასი მძინარე ოსი დახოცა.

ანდრეი ბაბიცკი: არავინ ლაპარაკობს გენოციდზე. მსხვერპლი შეიძლებოდა Yყოფილიყო მეტი ან ნაკლები – პრობლემა ამაში არაა. პრობლემაა ზალპური ცეცხლის მოწყობილობები, რომლებიდანაც ქალაქი იბომბება.

იარომირ შტეტინა: ამ კომისიას შეეძლო მხოლოდ ცალმხრივი მუშაობა. არც ამ კომისიის და არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა და იმის თქმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. რუსეთმა კვლავ გაიმეორა ის, რაც გააკეთა ჩეჩნეთში. სამხრეთ ოსეთისგან შექმნა ინფორმაციული შავი ხვრელი. ბრძოლას, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას ქალაქში მოჰყვება ხოლმე მსხვერპლი სამოქალაქო პირთა შორის. ჯარისკაცები ამას უწოდებენ კოლატერალურ დანაკარგებს – ასეთ უცნაურ სახელს არქმევენ.

ანდრეი ბაბიცკი: შეხვედრამ ოპოზიციასთან რამენაირად თუ შეცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა შეზღუდა პოლიტიკური თავისუფლებები...

იარომირ შტეტინა: მე ვკითხე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ მოსკოვი შეეცდება ბოროტად გამოიყენოს ოპოზიციასა და მმართველ სტრუქტურებს შორის არსებული უთანხმოება. არსებითად მათ ლოგიკურად მიპასუხეს: თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის მხარდაჭერა რუსეთთან ბრძოლაში, მაშინ უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნად ქცევა გვსურს.

ანდრეი ბაბიცკი: ბატონო შტეტინა, ვიცი, რომ არაერთხელ ხართ ნამყოფი საქართველოში, გიყვართ ეს ქვეყანა. რას ამჩნევთ, ის ვითარდება უკანასკნელ წლებში?

იარომირ შტეტინა: ვფიქრობ, რომ თავს იჩენს ის 4 მილიარდიანი ინექცია, რომელიც ქვეყანამ მიიღო. ეკონომიკის მზარდი ძალა კი იმის გარანტიაა, რომ დემოკრატიის ძალაც მოვა და არა პირიქით.
XS
SM
MD
LG