Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს დელეგაცია შეხვედრებს მართავს


თინა კაიდანაუ (მარჯვნივ), მაიკლ პოზნერი და ჯონ ბასი (მარცხნივ)
თინა კაიდანაუ (მარჯვნივ), მაიკლ პოზნერი და ჯონ ბასი (მარცხნივ)
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის - აშშ-სა და საქართველოს ქარტიის ფარგლებში დღეს დილიდან მართავს შეხვედრებს. შეხვედრები ამერიკის საელჩოში დაიწყო და მოგვიანებით მან სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა.

უწყებათაშორის ჯგუფს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ხელმძღვანელობს. ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს თანათავმჯდომარეობას უწევს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა კაიდანაუ.

პირველი შეხვედრა ჯგუფმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. მოგვიანებით ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოაწერეს ხელი.

ქარტია, რომელიც არასავალდებულო, დეკლარაციული ხასიათისაა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერასაც ადასტურებს.
XS
SM
MD
LG