Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 10 ნოემბერი 2009


„ხვალ ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე“ - ასე იწყება 10 ნოემბრის „კომერსანტის“ პუბლიკაცია. ეს გახლავთ ინტერვიუ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებისთან. გაზეთი წერს, რომ ცდილობდა გაერკვია რა აღელვებს დღეს ევროკავშირს ამ რეგიონში.

„კომერსანტის“ შეკითხვაზე, რატომ არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ევროკავშირისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, როცა უკვე ჩატარებულმა 8 რაუნდმა არაფერი მოიტანა, პიტერ სემნები პასუხობს, რომ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. „მე არ ვთვლი, რომ ჟენევის პროცესს შედეგები არა აქვს, - უთხრა მან გაზეთს. - არ არის აუცილებელი რეზულტატები ერთბაშად გამოჩნდეს, თანმიმდევრულ ნაბიჯებსაც მივყავართ მიზნამდე. და ის, რომ ჟენევის პროცესმა რეგულარული შეხვედრების სახე მიიღო, მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. იმის წინასწარ წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ასეთი ფორუმი რომ არ არსებობდეს და ადგილზე მეთვალყურეთა მისია არ იყოს. მაშინ ნებისმიერი ინციდენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ახალი ესკალაციის მიზეზი“, - უთხრა გაზეთს სემნებიმ.

შემდეგ საუბარი აგვისტოს ომსა და ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნას შეეხო. როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება და შეეძლო თუ არა ეს ევროკავშირს? - ასეთი იყო „კომერსანტის“ კითხვა. – „დიახ“, - პასუხობს პიტერ სემნები, - ევროკავშირმა ვერ შეაფასა რისკები და ჩვენ, ალბათ, მეტის გაკეთება შეგვეძლო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირი ომამდე მნიშვნელოვნად რომ ყოფილიყო წარმოდგენილი რეგიონში, შესაძლოა ამას თავისი როლი შეესრულებინა.“

ჟენევის მოლაპარაკებებზე წერს დღევანდელი „იზვესტიაც“, რომელმაც ინტერვიუ ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს სთხოვა.

ჟენევის დისკუსიებს ნამდვილად აქვს პერსპექტივაო, - ამბობს კარასინი. -მაგრამ ეს დამოკიდებულია ყველა მონაწილის სურვილსა და მზადყოფნაზე ეძიოს კომპრომისი და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები, პატივი სცეს ყველა პარტნიორის თვალსაზრისს, პირველ ყოვლისა კი, აფხაზებისა და სამხრეთელი ოსებისას. კარასინი ამბობს, რომ რუსეთმა რეალური მუშაობით ჟენევაში უკვე დაადასტურა თავისი მზადყოფნა პრაქტიკული გადაწყვეტილებები დაიძებნოს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში.

„კომსომოლსკაია პრავდა“ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ შლიახტუროვის განცხადების შესახებ წერს - კერძოდ, რომ საქართველომ, შესაძლოა, ახალი შეიარაღებული აგრესია განახორციელოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ.

2008 წლის თავდასხმა ცხინვალზე საქართველოს მხრიდან ავანტიურა იყოო, - ამბობს შლიახტუროვი და დასძენს: ”ახლა კი საქართველოს ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს თავის იურისდიქციაში დააბრუნოს ეს დამოუკიდებელი ქვეყნები.”

საქართველოს მხრიდან ახალი შეიარაღებული აგრესიის შესაძლებლობის არგუმენტად შლიახტუროვი ასახელებს იმ გარემოებას, რომ საქართველო აღადგენს თავის სამხედრო პოტენციალს და შეიარაღებას უცხოური ქვეყნებიდან იღებს, კერძოდ, ისრაელიდან და უკრაინიდან. „კომსომოლსკაია პრავდა“ დასძენს, რომ ამერიკელები სამხედროების პირად შემადგენლობას ამზადებენ. უკრაინა კი საქართველოს იარაღს აწვდის და თანაც არა ”სახელმწიფო ხაზით”, რაც იმას ნიშნავსო, განმარტავს გაზეთი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს შეიარაღება არაოფიციალურ სტრუქტურებს დაავალა, რათა, სკანდალის შემთხვევაში, ხელი დაიბანოს, - ვკითხულობთ „კომსომოლსკაია პრავდაში“.
XS
SM
MD
LG