Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ნოემბრის მშვიდობიანი აქცია


საპროტესტო მანიფესტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ დაიძრა
საპროტესტო მანიფესტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ დაიძრა
7 ნოემბერი სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა მშვიდობიანი აქციებითა და მსვლელობებით აღნიშნეს. მათი ორგანიზებით, დღეს დილიდან დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე რამდენიმე აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოთქვეს პროტესტი ზუსტად 2 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს, განვითარებული მოვლენების გამო. აქციის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლობის სახელზე პეტიცია გაავრცელეს.

2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, რიყესა და ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან განვითარებული დრამატული მოვლენები - ხელისუფლების მიერ მომიტინგეების ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების საშუალებით დაშლა და 500-ზე მეტი ადამიანის დაშავება - სამოქალაქო საზოგადოებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციებით აღნიშნეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანს ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებდა: „ბრძოლა გამარჯვებამდე“. თუმცა იყო სხვა გზავნილებიც: ”შენ არ ხარ ჩვენი პრეზიდენტი”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი - საზოგადოებას”, ”თავისუფლება - მედიას”...

ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები პარლამენტის წინ აღმართულ სიმბოლურ კედელზე ანაბეჭდებს ტოვებენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებული, მშვიდობიანი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დასრულდა, სადაც აღიმართა სიმბოლური კედელი, წარწერით „ბრძოლა გამარჯვებამდე“, და მსურველებმა საკუთარი ხელის ანაბეჭდები და ხელმოწერები დატოვეს. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის საინიციატივო ჯგუფმა ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლობის სახელზე პეტიცია გაავრცელა.

პეტიციის ავტორები მიმართავენ ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში, მაქსიმალური ძალისხმევით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საზოგადოებას ბოლომდე ბრძოლისაკენ მოუწოდებენ. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. მეტიც, გაყალბდა ორი არჩევნები - საპრეზიდენტო და საპარლამენტო - და მოხდა აგვისტოს ომი, რამაც ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდო.

საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი საქართველო" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან გაჩეჩილაძე, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ისტორია მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატად შეაფასებს.

ოვაციებით შეხვდნენ აქციის მონაწილეები მომღერალსა და გადაცემა ”საკანი #5”-ის მთავარ გმირს, „უცნობს“, იმავე გიორგი გაჩეჩილაძეს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, მთავარია პროტესტის გრძნობა, რომელიც თავისუფლებამდე მიიყვანს საზოგადოებას.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დღეს არის სამოქალაქო პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს 2 წლის წინ გაუკეთა, და იქვე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად სხვადასხვა ტიპის პრობლემებისა, ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს.

დღეს დილიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მართავდნენ საშვიდნოემბრო აქციებს.

პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა” და “კავკასიის ქალთა ქსელმა” - 7 ნოემბერს დაზარალებულებთან სოლიდარობის მიზნით, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველისა და მედიისადმი სპეციალური მიმართვები წარმოადგინეს.

“ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელის, ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებით, სახალხო დამცველისგან მოითხოვენ, წარმოადგინოს სრული ინფორმაცია 7 ნოემბრის დარბევაში დამნაშავეებისა და მომხდარის გამოძიების შესახებ.

ტელეკომპანია “იმედთან” კი მოძრაობის “რატომ?” მდუმარე აქცია გაიმართა. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მათ დღეს „იმედთან“ სიმბოლურად მოიტანეს მონუმენტი, წარწერით – „დანაშაულის ადგილი“.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე, რომელიც დღეს დილით სასტუმრო “რედისონში” გაიმართა და სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა წარმოადგინა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებათა ამსახველი დოკუმენტი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: 7 ნოემბრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ აქციის მონაწილეები ძალისმიერი საშუალებებით დაეშალათო.
XS
SM
MD
LG