Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WTO საქართველოს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. ორგანიზაცია საქართველოსგან ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრებას თხოვს, ანუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსგან მოითხოვს დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.

სადღეისოდ სააქციზო გადასახადი იმპორტირებულ თამბაქოს პროდუქციაზე 60 თეთრს, ადგილობრივ ნაწარმზე კი 40 თეთრს შეადგენს. საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ 2000 წლის 14 ივნისს გაერთიანდა და, "ტარიფებსა და ვაჭრობაზე" გენერალური შეთანხმების თანახმად, იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქციაზე ერთნაირი პირობების დაწესების შესახებ ვალდებულება აიღო. დღეს სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ ქართულ მხარეს.

და ადანაშაულებს არამხოლოდ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია. უკრაინული კომპანია British American Tobacco Ukraine თამბაქოს დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმს აპროტესტებს. ეს კომპანია პირველი უკრაინელი მწარმოებელია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ღიად უპირისპირდება და სავაჭრო რეჟიმის დარღვევის პრინციპს აპროტესტებს. კომპანიამ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართა, რის შემდეგაც უკვე უკრაინის ეკონომიკურმა უწყებამ საკუთარი პრეტენზიები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აცნობა. საქართველომ და უკრაინამ უკვე დაასრულეს არაოფიციალური მოლაპარაკება და ახლა გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებიან. British American Tobacco Ukraine–ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიამ საქართველოს ბაზარზე უკრაინელი მწარმოებლების ინტერესების დასაცავად ბრძოლა უკვე დაიწყო. მათი განცხადებით, ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან და ამ ვითარებასთან შეგუებას არ აპირებენ.

სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წლიდან უკრაინელმა მწარმოებლებმა საქართველოში 48 მილიონი დოლარის თამბაქოს ნაწარმი შემოიტანეს, 2009 წლის იანვარ-აგვისტოში კი თითქმის 29 მილიონი დოლარის. ქართული ბაზრის საერთო მოცულობა 6 მილიარდ 75 მილიონი კოლოფია. მიმდინარე წელს British American Tobacco Ukraine–მ საქართველოში 422 მილიონი კოლოფი სიგარეტი შემოიტანა და იმედოვნებს, რომ, აქციზების გათანაბრების პირობებში, ამ მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის.

ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს ერთნაირად დაბეგვრას კი ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი აპროტესტებს. ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, „საქართველოს თამბაქოს წარმოება“, მიიჩნევს, რომ ეს ზიანს მიაყენებს თამბაქოს ინდუსტრიას და ბიუჯეტს, შედეგად კი, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება, რადგან „საქართველოს თამბაქოს წარმოებაში“ თვლიან, რომ დაბეგვრის რეჟიმის გათანაბრებას ადგილობრივი წარმოების შეჩერება მოჰყვება.

ბიზნესის შეჩერება ის პრობლემაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ლილოს ბაზრობაზე მცირე მეწარმეების რაოდენობა მცირდება. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაცია თითქმის განახევრებულია და მცირე მეწარმეებს ახალი პროდუქციის იმპორტისთვის საჭირო სახსრები აღარ გააჩნიათ. ლილოს ბაზრობაზე 2 ათასზე მეტი მცირე მეწარმეა დასაქმებული, თუმცა, ადმინისტრაციის ცნობით, მათი 20% მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

ბევრი სხვა ბიზნესი, შესაძლოა, ბოლომდე გაჩერებული არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, საქმიანობის და, შესაბამისად, შემოსავლების მნიშვნელოვანი შეკვეცა უხდება. მაგალითად, სარეკლამო ბიზნესის რენტაბელობა 12-15%-დან 3-5%-მდე დაეცა.

სარეკლამო ბიზნესი მძიმე მდგომარეობიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა და კრიზისი მის ერთ–ერთ სტადიაში უკვე პოლიგრაფიულ კომპანიებსა და პოლიგრაფიული ბიზნესით დაკავებულ სარეკლამო ფირმებს შეეხო.

შედეგად, დღეს სარეკლამო კომპანიებისათვის სწორედ ისეთი პერიოდია, როგორიც გაზაფხულზე ე.წ. ბრენდ–მაღაზიებს ჰქონდათ: სარეკლამოებმა დაიწყეს ფასდაკლებების შეთავაზება და ჯერ 20%, შემდეგ 40% და ახლა 50%–იან `სეილებზე~ მუშაობენ. თუმცა ეს ბაზარს დიდად მაინც ვერ აცოცხლებს.

მეტიც, სულ უფრო მეტად ჩნდება პროგნოზები, რომელთა მიხედვითაც, არა მარტო სარეკლამო, არამედ ყველა ტიპის ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკისთვის ნოემბერი შეიძლება გაცილებით პრობლემური თვე იყოს.

საფრთხეებს მთავრობაც აღიარებს: კერძოდ, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კრიზისის სოციალური ეფექტი, _ მათ შორის, კომპანიების გაკოტრება და უმუშევრობის ზრდა, _ შესაძლოა, მომავალ წელსაც გაგრძელდეს. კომპანიებს კრიზისის გავლენიდან გამოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდებათ, რის გამოც ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან შეზღუდონ ხარჯები.

სიტუაციის მალე გამოსწორებას არც ბანკებში ელიან. ამ მხრივ, სასიკეთო ტენდენციების გამოკვეთის ყველაზე ოპტიმალურ ვადად 2010 წლის მეორე ნახევარს მიიჩნევენ.

დასრულდა თუ არა ქართული კომერციული ბანკებისთვის კრიზისი და რომელი ბანკები ასრულებენ კვარტალს ზარალით და რომელი მოგებით? ამ აქტუალურ კითხვას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წამყვანი ბანკების უმრავლესობა რისკების შემცირებაზე განცხადებებს აკეთებს და საპროცენტო განაკვეთებსაც ამცირებს, გაზეთმა `ბანკები და ფინანსები~ შესაბამისი რეიტინგით უპასუხა.

საქართველოში მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან, 9 თვის მონაცემებით, მოგება მხოლოდ 5 მათგანს ჰქონდა. რეიტინგის მიხედვით, 7-მილიონიანი მოგებით პირველ ადგილზე ბანკი „ქართუა“, მეორე და მესამე პოზიციებს “პროკრედიტბანკი” და “თიბისი ბანკი” ინაწილებენ. მესამე კვარტალი წაგებით დაასრულეს ბანკმა „რესპუბლიკამ“, „ბითეიმ“, „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“, „ტაოპრივატბანკმა“, „კორსტანდარტ ბანკმა“ და “საქართველოს ბანკმა”.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ვადიანი დეპოზიტების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობას არავის უთმობს „საქართველოს ბანკი“, სადაც თითქმის 450 მილიონის დეპოზიტია გახსნილი, მეორე ადგილზე კი, 397 მილიონის დეპოზიტებით, „თიბისი ბანკია“. მთლიანი აქტივების მიხედვით შედგენილ რეიტინგშიც „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს, რომლის მთლიანი აქტივები 2 მლრდ 647 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე „თიბისია“, 1 მლრდ 730 მილიონი ლარის აქტივებით, მესამე კი _ ბანკი „რესპუბლიკა“, 747 მლნ ლარით.

მიმდინარე წლის სექტემბერი საბანკო სექტორმა, პირველად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, მოგებით დაასრულა: სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. ოქტომბრის მონაცემები უფრო ნათლად გამოაჩენს, რამდენად მდგრადია ეს ზრდის ტენდენცია.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკებმა შოკური მდგომარეობიდან გამოსვლა დაიწყეს, თუმცა კრიზისის სრულად დაძლევაზე საუბარი ნაადრევია. მათი თქმით, კრიზისი ბანკებში შუალედურ დონემდეა მისული, შეინიშნება აქტივობები, არის რესურსი, თუმცა, რეალურ წინსვლას მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდეთ.

1 ნოემბრიდან კი ზრდის სიახლე პენსიონერებს აქვთ. ამ თვიდან ისინი უკვე დაპირებული 5 ლარით მეტს მიიღებენ _ შესაბამისად, ასაკით პენსიის მინიმალური ოდენობა, 75-ის ნაცვლად, 80 ლარი იქნება. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ასევე, 75 ლარის ნაცვლად, 80 ლარს მიიღებენ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, 65 ლარის ნაცვლად, _ 70 ლარს.

ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 641 350 ასაკით პენსიონერი და 108 406 პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. ნოემბერში მათი საპენსიო უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 71 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამით პენსიების ზრდის ბოლო წლების შეუქცევადი კამპანია საქართველოში გაურკვეველი ვადით შეჩერდება.
XS
SM
MD
LG