Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 27 ოქტომბერი 2009


”საქართველო ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს”, - წერს „არგუმენტი ი ფაკტი”. გაზეთი წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ქართველები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და არა ოსმა სეპარატისტებმა, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს ამ საკითხზე სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვთო. ამ შეხედულების მიხედვით, ”საქართველოს 16 მოქალაქე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა და ტყის უკანონო ჩეხვისათვის”, - ვკითხულობთ გაზეთში.

”ქართული გაკვეთილები მოლდოველი პოლიტიკოსებისთვის” - ამ სათაურით დაიბეჭდა „იზვესტიაში“ პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვის პუბლიკაცია, რომელშიც გაანალიზებულია მოლდოვაში არსებული ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში.

“მას შემდეგ რაც კოალიციამ ”ევროპული ინტეგრაციისათვის” მთავრობის ხელმძღვანელისა და პარლამენტის სპიკერის პოსტები აიღო ხელში, მწვავე განცხადებებმაც არ დააყოვნა”, - ვკითხულობთ „იზვესტიაში“. გაზეთი წერს, რომ ეს განცხადებები ეხებოდა რუსეთის შეიარაღებისა და სამხედრო ნაწილების ყოფნას მოლდოვაში, ასევე მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვას და ახლებურ კურსს რუმინეთთან მიმართებაში. ასე რომ, ახალმა მმართველმა კოალიციამ განაცხადი გააკეთა ამჟამინდელი ვითარების თუ სრულ გადახედვაზე არა, მინიმუმ სერიოზული კორექტივების შეტანაზე როგორც რუსეთ-მოლდოვასა და მოლდოვა-რუმინეთის ურთიერთობებში, ასევე დნეპრისპირეთის პრობლემის დარეგულირებაშიო, - წერს გაზეთი.

თუმცა, ამავე დროს, კიშინიოვის ახალმა ხელისუფლებამ იმაზეც მიანიშნა, - წერს სერგეი მარკედონოვი, - რომ ისინი არ აპირებენ საქართველოს სამწუხარო გამოცდილება გაიმეორონ და ”რუსეთიდან გაიქცნენ” დასავლეთისკენ. მყვირალა ლოზუნგების გასაბათილებლად სერიოზული განცხადებებიც გაკეთდაო, - წერს ექსპერტი და ასკვნის: ”ამრიგად, არ ღირს მოსკოვის მიმართ მოლდოვას ახალი გუნდის შესაძლო მწვავე მომენტების გაიგივება ”რუმინოფილებისა” და ”პროდასავლური ძალების” გამარჯვებასთან.”

დღევანდელი ”ვედომოსტი” კვლავ უბრუნდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობას ბლოკ ”ალბას” წევრების მიერ და წერს, რომ 29 ოქტომბერს რუსეთს ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა ეწვევა. „ვედომოსტი“ ჩამოთვლის, თუ რა საკითხებზე უნდა მოილაპარაკონ მან და პრეზიდენტმა მედვედევმა ვიზიტის ფარგლებში. ეკვადორის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი აპირებს შეიარაღების შეძენასთან დაკავშირებით კონტრაქტების დადებასო, - წერს გაზეთი. ამას გარდა, მოსკოვი უკვე გამოყოფს თანხებს ეკვადორის ენერგეტიკის განვითრებისთვის, კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.

თავის მხრივ, რუსეთის მხარე იმედოვნებს, რომ ეკვადორი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობსო, - წერს „ვედომოსტი“ და დასძენს, რომ, გაზეთის წყაროების ინფორმაციით, ეკვადორის გადაწყვეტილება, ამ თვალსაზრისით, მისი პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG